XXI საუკენის ადამიანების ერთ–ერთი მთავარი მისწრაფება ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ხდება. დღეს საქართველო ფიტნეს კლუბების სიმცირეს აღარ განიცდის. ადამიანებს შეუძლით დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით როგორც უნდათ, სადაც უნდათ და როცა უნდათ. ამბობენ ზედმეტი არაფერი არ ვარგაო, მითუმეტეს თუ ეს ზედმეტი კალორიებია. სასურველი „ფიგურის“ მისაღებად საჭიროა ყოველდღიური ვარჯიში, სწორი კვება და გააზრება იმისა, რომ ეს მხოლოდ გარეგნული სილამაზე არაა. ზოგისთვის ვარჯიში წესიერად ცხოვრებას ნიშნავს, ზოგისთვის კი ეს ცხოვრების წესია. ჩვენი საუკუნის ამ ტენდენციას არც ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გამოაკლდა. „თბილისი თაიმსი“ახალგაზრდა სპორტსმენს, ბოდიბილდერ – ირაკლი ტორელს ესაუბრა. დიდი ხანია, რაც ირაკლიმ ვარჯიში ცხოვრების წესად აქცია და მისი ცხოვრება სავარჯიშო დარბაზებისა და მოწყობილობების გარეშე ახლა წარმოუდგენელია. ის თავად არის ფიტნეს ტრენერი და ეხმარება ადამიანებს სასურველი შედეგის მიღწევაში. ჩვენ კი, კარგად მოგვეხსენება, რომ სასურველის მიღება არც ის მარტივია. ამისათვის საჭიროა შრომა, ენთუზიაზმი და რაც მთავარია მონდომება. ირაკლის კი არც ერთი მათგანი არ აკლია. მან ძალიან ბევრი დაბრკოლება გადალახა, რათა დღემდე მოსულიყო და წარმატებისათვის მიეღწია. მისი ცხოვრება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ თუ ადამიანს მთელი გულით სურს რაიმე, ის ამას აუცილილებლად მიაღწევს. უბრალოდ საჭიროა გვქონდეს მიზანი და გაგვაჩნდეს მოტივიაცია მიზნისაკენ სწრაფვისა. როგორ აღმოჩნდა ირაკლი ტორელი ესპანეთში, როგორ მიაღწია წარმატებას, რას ნიშნავს მისთვის ვარჯიში… ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე პასუხს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
მოგვიყევით თქვენს შესახებ მოკლედ?
– დავიბადე 1987 წლის 4 მარტს თბილისში, სადაც ვიცხოვრე 21 წელი. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ტურიზმისა და ბიზნესის ფაკულტეტი. ამის მერე მალევე წამოვედი ევროპაში.
გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ, რამდენად დიდი ადგილი უჭირავს მას თქვენს ცხოვრებაში?
– მყავს დედა, მამა და ძმა საქართველოში, რომლებიც 8 წელია არ მინახავს, თუმცა წელს აუცილებლათ ვნახავ. ისინი არიან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი ოცნებები ახდეს.
თქვენი პროფესიით არ გიმუშავიათ?
– ჩემი სპეციალობით არ მიმუშავია არასოდეს, რადგან რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, იმის შემდეგ ესპანეთში ვცხოვრობ და სპორტს მივსდევ. ვთვლი, რომ ჩემი პროფესია ფიტნეს ტრენერობაა.
როდის და რატომ გადაწყვიტეთ ესპანეთში წასვლა და რატომ?
– ყოველთვის ვთვლიდი, რომ საქართველოში ვერ შევძლებდი ჩემი თავის ბოლომდე რეალიზებას. ვფიქრობდი, რომ საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევდი წარმატებას.
როგორ ააწყეთ ესპანეთში ცხოვრება, რამდენად მარტივად შეძელით საკუთარი ადგილის პოვნა და თავის დამკვიდრება?
– თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან არ ვიცოდი არცერთი უცხო ენა. მქონდა ერთი პატარა წიგნი, ქართულ-ესპანური ლექსიკონი და 200 $. მქონდა ძალიან ბევრი დაბრკოლება და პრობლემა, ამის შესახებ ჩემმა მშობლებმაც კი არ იციან დღემდე. გამითენებია ღამე ქუჩაში, სასტუმროს ეზოც დამისუფთავებია, ჭურჭელიც გამირეცხავს, გაზონიც გამიკრიჭავს… მოკლედ არაფრის არ მრცხვენოდა და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემებისათვის ფულის თხოვნა არ დამჭირვებოდა. აქ მცხოვრები ქართველებისაგან იყო შემოთავაზებები, მთავაზობდნენ მოპარვას, მეუბნებოდნენ, რომ სპორტსმენი ვიყავი და სწრაფად სირბილი შემეძლო და ა.შ. მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ასეთი ხალხისაგან შორს დამეჭირა თავი და ისეთ ქალაქებს ვირჩევდი საცხოვრებლად, სადაც ცოტა ქართველი ცხოვრობდა. თუ შემეკითხებოდნენ საიდან ვიყავი, არ ვამბობდი, რომ საქართველოდან. ვპასუხობდი, რომ ვიყავი იტალიელი თან გვარიც ხელს მიწყობდა (ტორელი იტალიური გვარიცაა) სახელი დავირქვი ჯორჯიო და ამათთვის ვიყავი ჯორჯიო ტორელი, რაც დღემდე შემომრჩა.
როგორ შეძელით საკუთარი სხეულის დამორჩილება და რა დრო დაგჭირდათ სასურველი შედეგის მისაღწევად?
– პრობლემებს როდესაც ვაწყდებოდი, ვიწყებდი ისტერიულ ვარჯიშს, სულ დავრბოდი, ვაკეთებდი აზიდვებს, პრესებს და ამით გამოვდიოდი მდგმარეობიდან. ვარჯიში ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ბოლოს უკვე ისე ვიყავი, თუ არ ვივარჯიშებდი თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ვარჯიში მაძლევდა ძალას და დიდ ენერგიას. შემდეგ გადავწყვიტე, რაც მიყვარდა ის მეკეთებინა და დავიწყე სხვადასხვა ვარჯიშების შესწავლა. გავიარე ძალიან ბევრი კურსი, ტრეინინგები, ავიღე სერტიფიკატები, მოკლედ ვისწავლე ყველაფერი ვარჯიშის და სწორი კვების შესახებ. ვცხოვრობ ისეთ ადგილას, სადაც ყველა მოწესრიგებული და მოვლილია, აქ თუ კარგად არ გამოიყურები, არავინ ყურადღებას არ მოგაქცევს, სულ ფორმაში უნდა იყო. თუ კარგად გამოიყურები, მაშინ ყველასათვის სასურველი ხარ. რაც შეეხება მიღწევებს, შარშან გავხდი მალაგას ჩემპიონი ფიტნესში. შემდეგ მიმიწვიეს ესპანეთის ჩემპიონატზე, სადაც სხვადასხვა ქალაქებში გამარჯვებულები ვიღებდით მონაწილეობას. მე მალაგას სახელით ვიყავი წარდგენილი და გავედი ნახევარფინალამდე, 10 საუკეთესოში მოვხვდი. ამ ყველაფერმა დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩემს მიმართ, მერე იყო ყურადღება ტელევიზიების მხრიდან, ასევე გადამიღეს რამდენიმე მუსიკალურ კლიპში. გავხდი ასე თუ ისე ცნობილი სახე, ყოველშემთხვევაში აქ ყველა მცნობს.
რამდენად დიდ დროს ატარებთ სავარჯიშო დარბაზში და დღეში ყველაზე ცოტა რა პერიოდს უთმობთ ვარჯიშს?
– გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ადამიანს ვავარჯიშებ, ისეც მომხდარა დღეში 7 საათამდეც მივარჯიშია. თუმცა ვცდილობ კვირაში 2–ჯერ მაინც დავისვენო, რადგან ყოველდღე თავდაუზოგავი ვარჯიში არ არის კარგი.
რამდენად მნიშვნელოვანია ბოდიბილდერისათვის სწორი კვება და ძირითადად როგირია თქვენი კვების რაციონი?
– სწორი კვების გარეშე, ვერანაირი ვარჯიშით ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს, აუცილებელია ეს ყველაფერი იყოს ერთმანეთთან კომბინაციაში. ვცდილობ, რომ მოვერიდო ქიმიურად გამოყვანილ საკვებ დანამატებს, პროტეინებს, ძირითად ნატურალურსა და ბუნებრივს ვიღებ ყველაფერს.
წარმატების მისაღწევად რაზე მოგიწიათ უარის თქმა და რამდენად დიდ სირთულეებთან იყო ეს დაკავშირებული?
– მომიწია უარი მეთქვა სხვადასხვა გემრიელ კერძებზე, სასმელებზე, გართობაზე… ეს სფერო მოითხოვს ძალიან დიდ შრომას და მონდომებას, აგრეთვე ნებისყოფას. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თან ისეთ ადგილას ვცხოვრობ, სადაც ყველა გართობაზეა ორიენტირებული.
ეხმარება თუ არა ვარჯიში ადამიანებს არა მხოლოდ ფიზიკური არამედ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში?
– ვარჯიში, რომ არა, დღეს მე ან საგიჟეთში ვიქნებოდი ან საერთოდ არ ვიქნებოდი. თქვენ, როგორც ვიცი, ასევე ფოტოგრაფიითაც ხართ გატაცებული, რამდენად სერიოზულია ეს გატაცება და როდის დაინტერესდით ამ საქმიანობით? – დიახ, თავისუფალ დროს მიყვარს ლამაზ გოგონებისა და ბავშვებისათვის სურათების გადაღება. უკვე 5 წელია რაც ეს საქმიანობა ჩემი ჰობი გახდა.
თქვენის აზრით, საქრთველოში რამდენად არის სპორტის ეს მიმართულება განვითარებული და თუ გაქვთ ქართველ ბოდიბილდერებთან ურთიერთობა?
– საქართველოში მაქვს ფიტნეს კლუბი, რომელსაც დედაჩემი და ჩემი ძმა ხელმძღვანელობენ. მათგან ვიცი, რომ ყოველ წელს იზრდება მოთხოვნა ფიტნეს დარბაზებზე, ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მინდა, რომ ქართველებისათვის სპორტი გახდეს ცხოვბრების განუყოფელი ნაწილი, როგორც დილით ვიღვიძებთ და ხელ-პირს ვიბანთ, ასევე დღის განმავლობაში ყველამ უნდა ივარჯიშოს 1 საათი.
რას ურჩევდით დამწყებ სპორტსმენებს რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?
– წარმატების მისაღწევად მთავარია მიზნის დასახვა, შემდეგ ამ მიზნისთვის ბრძოლა და შრომა. ყველა ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, მთავარია მონდომება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?
– ჩემი სამომავლო გეგმაა, მქონდეს ისეთი ფიტნეს ცენტრი, სადაც იქნებიან არა მარტო ფიტნეს ინსტრუქტორები, არამედ ფსიქოლოგებიც. ისინი იმუშავებენ ადამიანების მოტივირებაზე და ეყოლებათ სრული კონტროლის ქვეშ. მე მაქვს ჩემებური ვარჯიშის მეთოდი, ჯერ ვმუშაობ ადამიანის მოტივაციის ამაღლებაზე და შემდეგ ვავარჯიშებ მათ. ჩემი მოვარჯიშეები მყავს სრული კონტროლის ქვეშ. თუ ვხედავ, რომ შედეგი არ აქვთ, ხშირად სახლშიც დავდგომივარ მოულოდნელად და მათ მაცივრებში, რაც კი ზედმეტ კალორიული პროდუქტები მინახავს გადამიყრია.
არ აპირებთ დაბრუნებას და როგორი დამოკიდბეულებით ხართ საქართველოზე? – სამომავლოდ ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა არა სამუდამოდ.
მინდა ჩემს ფიტნეს კლუბში ვარჯიშების ჩატარება. მინდა გავაცნო ჩემი პროგრამა ჩემთან მომუშავე ინსტრუქტორებს და თუ დაინტერესდებიან, მათთან ერთად დავნერგო ახალი სავარჯიშო სისტემა.
https://www.youtube.com/watch?v=c8IA6I2D1hM
https://www.youtube.com/watch?v=N9_Yjbvf0us
ესაუბრა ანო მუქათარიძე