ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინას” თანადამფუძნებელი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი მიქანაძე საკუთარ გვერდზე, სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ 21 მარტის მიტინგს ეხმაურება. გიორგი მიქანაძე გამოირჩევა სამოქალაქო აქტიურობით და არის არაერთ ახალგაზრდულ პროექტში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მეცნიერების პოპულარიზაციასთან არის დაკავშირებული. თბილისი თაიმსი აღნიშნულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.“ვიდრე ცხვარივით ვითვლით საზოგადოების წევრებს და მხოლოდ მერე გაუწევთ ანგარიშს, როცა საგულისხმო რაოდენობას მიაღწევენ და თუნდაც შეკრებილი 5 ან 10 ადამიანის გულის წუხილი ფეხზე გვეკიდება, – მანამ საზოგადოებად ვერ შევდგებით, მანამ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ყოველთვის ექნება წყალი შემდგარი, მანამ ყველა კეთილდღეობა დროებითი იქნება, მანამ ერი თავისი ერობის არსს ვერ ჩაწვდება-გაიაზრებს და მოქალაქე ჯანსაღ საზოგადოებაში საკუთარ ფუნქციას თავს ვერ მოუძებნის და შესაბამისად ვერც საზოგადოება იქნება ჯანსაღი. თუ ასე გავაგრძელეთ ერთმანეთის დაცინვით, ქილიკით, დროებითი სიტუაციების მოგებით და არაჯანსაღი დამოკიდებულებებით, – შორს ვერ წავალთ. ბევრმა ძლიერმა ახალგაზრდამ დიდი ძალისხმევის შემდგომ დათმო საქართველო და წავიდა ქვეყნიდან. ჩვენ ვერ ვქმნით ქვეყანაში ისეთ ასპარესს, ისეთ გარემოს, რომ ადამიანებმა სიყვარულით, პატივისცემით, ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულებებით იცხოვრონ. განა ჩვენს პარლამენტში რაც ხდება ეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან და რაიმე კონკრეტული გარემოებების ბრალია?! არა ბატონებო, რაც ჩვენ გვჭირს ჩვენი საზოგადოების, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ შემდგარი საზოგადოების და შესაბამისად ვერ შემდგარი სახელმწიფოებრიობის ბრალია. განა ცოტა გვყავს ისტორიაში სამაგალითო კაცი, რომელიც გამწარებული ავ ქართულ ხასიათზე მიუთითებს, აწმყოს პრობლემებზე საუბრობს, – მომავლის იმეად? რით ვერ შევძელით დავაყენოთ ეს მომავალი და ვაქციოთ აწმყოდ? ცოტა შევიკავოთ თავი, ცოტა დავატანოთ გონი, ცოტა გავიაზროთ და მოვონდომოთ მეტი. მოქალაქეობა ვალდებულებაა, სახელმწიფო რომ გქონდეს ეს დამსახურებაა, ერი რომ გერქვას, ენა-დამწერლობა გქონდეს ეს დიდი პატივია. ეს პატივი მარტო ჩვენი არაა, ჩვენ სისხლში გვაქვს გამარჯვების და წარმატების გენი, ის ფეთქავს და აუცილებლად იპოვის თავის გზას. შევუწყოთ ხელი! უნდა შევირგოთ და შევიშნოოთ ჩვენს წინაპართა დანატოვარი და ჩვენც შევმატოთ! ერთიც გვახსოვდეს, უღმერთო არავინ გვყოლია, რომელთა ღვაწლითაც დღემდე მოაღწია საქართველომ. დღეს კი ხშირად გაუაზრებელი, ბრმა, მოჩვენებითი რწმენით, უღმერთობა მოძალებულებს პრობლემები ვერ დაგვიძლევია და გზაზეც ვერ გავმართულვართ. საკუთარივე ნებით უკან ვეხვევით მორევში.
ძალიან მჯერა და მინდა ვირწმუნო, რომ უმოკლეს დროში ახალგაზრდობა იგრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლის წინაშე და აუცილებლად დავძლევთ ყველა პრობლემას.
უმორჩილეასდ გთხოვთ ყველა მოქმედებაში ძლიერი სიყვარულს და ყველაფერი გამოგვივა! “