საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში, ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ოფიციალურად წარადგინა. ნინო გვენეტაძე მუშაობას დღეს ოფიციალურად შეუდგება. გიორგი მარგველაშვილმა ნინო გვენეტაძის წარდგენისას სასამართლოს დეპოლიტიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში მადლობა გადაუხადა. “ქართული მართლმსაჯულების წინაშე ისტორიული პერიოდია, რომელსაც აქვს თავისი გამოწვევები და დიდი შესაძლებლობები. ჩვენ გვყავს ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების სახით, რომელიც მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამ ჩვეულებრივი ჭეშმარიტების გამეორება და ხაზგასმა და მასზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ძალიან მნიშვნელოვანია. სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა.”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტმა 20 მარტს 88 ხმით, ერთხმად აირჩია, რის შემდეგაც მან პარლამენტის წინაშე ფიცი დადო. ამით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში მისი უფლებამოსილება ძალაში შევიდა. პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ.