ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაციამ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენდა.
როგორც “თბილისი თაიმსს” პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრას მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ადამიანის უფლებათა დაცვის ატაშე/პროექტის მენეჯერი ევა პასტრანა, ევროსაბჭოს მისიის მოადგილე ალესსანდრო სავარისი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური სექციის უფროსის მოადგილე დოროტა დლოუჩი სულიგა ესწრებოდნენ.
დელეგაციის წევრები ახლადშექმნილი დეპარტამენტის სპეციფიკით, ფუნქციებით, მიზნებითა და ამოცანებით დაინტერესდნენ და აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე ასევე პროკურატურის სამომავლო გეგმები განიხილეს.