ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც საგარეო შოკების შედეგად საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები და მოლოდინები გაიზარდა. “მიუხედავად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებისა, აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებულ შუალედური ხარჯების ზრდაზე აისახა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომდევნო თვეებში მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის გარკვეული ზრდა. ვინაიდან მნიშვნელოვნადაა შესუსტებული როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციაზე იქნება მოკლევადიანი ხასიათის და არ წარმოქმნის ინფლაციურ რისკებს საშუალოვადიანი პერიოდისთვის. აქედან გამომდინარე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს მიმდინარე ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას. საშინაო და საგარეო ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, ეტაპობრივად განხორციელდება შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. დღეისათვის არსებული პროგნოზის მიხედვით, 2015 წლის ბოლოს ინფლაცია 5%-ს ფარგლებში იქნება. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა. “არსებული პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს. ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ტენდენციების გაუარესება განაგრძობს უარყოფითი გავლენის გადაცემას საქართველოს ეკონომიკაზეც. იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა საქონლის ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოდინებების შემცირება. ასევე აშშ დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურების ხარჯების ზრდის გამო შემცირებულია შიდა მოთხოვნა. ამგვარად, შემცირებულია ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნა. მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა უარყოფითი რჩება. სავალუტო შემოდინებების კლებით გამოწვეული გაცვლითი კურსის არსებული ცვლილება, სავარაუდოდ, საკმარისი უნდა იყოს იმპორტზე მოთხოვნის შესამცირებლად, რაც ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ერთობლივი მოთხოვნა სუსტი იქნება და არ წარმოქმნის მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება – ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 6 მაისს გაიმართება.