პრეზიდენტთან აბსოლუტურად არავითარი პრობლემა ან გართულებული ურთიერთობა არ მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის ისეთი ურთიერთობა, როგორც ნორმალურ საპარლამენტო რესპუბლიკას შეეფერება. “აბსოლუტურად არავითარი პრობლემა, არც გართულებული ურთიერთობა არ გვაქვს პრეზიდენტ მარგველაშვილთან. მე მაქვს აბსოლუტურად ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა, ისეთი როგორიც უნდა გვქონდეს. ჩვენ გვაქვს ახალი რეალობა, ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი. საქართველოს მთავრობას აქვს დელეგირებული მისი ფუნქცია და მოვალეობები კონსტიტუციით და კანონით. არავითარი პირადი სახის კონფლიქტი არ გვაქვს. გვაქვს საზოგადოებრივ ღონისძიებებზე შეხვედრები, ან საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე შეხვედრები. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობა, როგორც უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში, ისეთი როგორიც უნდა იყოს ნორმალურ საპარლამენტო რესპუბლიკებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, 2 წლის წინ იყო სხვა რეალობა და პრეზიდენტი იყო ერთი კაცი, რომელიც ყველაფერს წარმოადგენდა. “ის იყო მთავარი მოსამართლე, იყო მთავარი პროკურორიც, ყველაფერი თვითონ იყო. დღეს სხვა რეალობაა და ამას უნდა შევეგუოთ”, – აღნიშნა პრემიერმა.