საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მაღალი პოზიციები მსოფლიოში აღიარებულ რეიტინგებში, დაბალი გადასახადები, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონე დამატებითი სტიმულია ყველა ინვესტორისათვის.
“ბოლოდროინდელმა გამოწვევებმა დრამატულად გვაჩვენა ისედაც ცხადი გარემოება: ქვეყნის სრულფასოვან ფუნქციონირებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას ეკონომიკური წინსვლა უნდა დაედოს საფუძვლად. ფაქტია, რომ ჯერაც ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური პროცესების სასურველ დინამიურობას. კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე, უთანასწორობის მაჩვენებელი, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება. ამდენად, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა: უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, საბოლოოდ – ქვეყანაში უთანასწორობის შემცირება და საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობა. რა პოტენციალი გაგვაჩნია ეკონომიკის განვითარებისათვის? ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა – ახალი სტიმულია ეკონომიკური ზრდისათვის – ინვესტიციებისათვის, დასაქმებისა და ექსპორტისათვის, ასევე, ევროკავშირთან მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. ამავე დროს, ესაა ახალი შესაძლებლობა თავისუფალი ვაჭრობის სხვა სივრცეების ათვისებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის. შესაბამისად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭიროა ბიზნესისა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა DCFTA-ს პოტენციალის შესახებ. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთანაც. მთლიანობაში ეს უზრუნველყოფს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის თავისუფალ წვდომას მსოფლიოს მასშტაბით 900 მილიონზე მეტ მომხმარებელზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას.