პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და მილიტარიზაციის ფონზე, დესტაბილიზაციის ზრდის საფრთხეზე საუბრობს.
„ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია. რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. კვლავ უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე. გასულ წელს შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს მანიპულირება მავთულხლართებით,“ – აცხადებს ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს მიერ ამ აქტების ანექსიად შეფასებას შეუერთდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც, რისთვისაც მარგველაშვილმა მათ პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა არაღიარების პოლიტიკაზე. მისი განმარტებით, ამ კუთხით თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს იმ სახელმწიფოებთანაც, ვისთანაც საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.
„არაღიარება მიზნად არ ისახავს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას. ისინი, ისევე როგორც დევნილები, ჩვენი სახელმწიფოს განსაკუთრებული და საგანგებო ყურადღების ობიექტი არიან.
ჩვენ გვინდა, ყველას გავუზიაროთ ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისა და მშენებლობის შედეგები, რასაც საქართველო ევროინტეგრაციის შედეგად იღებს,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.