პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში პირველი შეფასებები მოჰყვა.თავისუფალი დემოკრატები ხაზს უსვამენ, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებულ გაუგებრობებს, რაც მათი თქმით, დღევანდელ სხდომაზეც იგრძნობოდა.
„რბილად რომ ვთქვათ, პრეზიდენტი გულისტკივილით აღნიშნავს იმ გაუგებრობებს, რომელიც ხშირად წარმოიქმნება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ეს გულისტკივილი იგრძნობოდა აშკარად,“ – აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, პრეზიდენტის ინტერესებს აშკარად უგულებელყოფს მმართველი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და ყველაფერს აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისათვის, რომ დააკნინოს მისი ფუნქციები და როლი.
თავისუფალ დემოკრატებს ეჭვი ეპარებათ, რომ უმრავლესობამ გაიგო პრეზიდენტის გამოსვლის მნიშვნელობა.
„მე მათი მოქმედების ლოგიკიდან ეჭვი მეპარება, რომ რამე გაიგეს. ისინი პრეზიდენტში ხედავენ მოწინააღმდეგეს და არა თანაგუნდელს. ისინი თავისდაუნებურად ოპოზიციაში უდგებიან ადამიანს, ვისი გამარჯვებისთვისაც ერთი წლის წინ ყველაფერი გააკეთეს,“ -განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.