ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების მტკიცებულებები მართლაც ტყვიაგაუმტარია, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა. პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების შემდეგ სასამართლო ამას გაითვალისწინებს და საქმის განხილვა ძალიან მალე დასრულდება “უდანაშაულო ადამიანების” სასარგებლოდ. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა, კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ. დაკავებული არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.