საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 5 აპრილს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
როგორც “თბილისი თაიმსს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე ბავშვებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ღონისძიების თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება ჩაერთოს სხვადასხვა სპორტულ თამაშში: მინი-ფეხბურთი, 3X3-ზე კალათბურთი, ფრენბურთი, გრეხეთბოლი, ველოსპორტი, ცხენოსნობა, საბრძოლო ხელოვნებები, ჭადრაკი, კანოე, ბადმინტონი, ნარდი, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი და ჩერლიდინგი.
სპორტის საერთაშორისო დღის ფარგლებში ასევე გაიმართება საქველმოქმედო მსოფლიო რბენის – Wings for Life მოსამზადებელი გარბენი. გარბენი 12:00 საათზე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღებს სტარტს, მონაწილეთა შეკრება კი დილის 10:00 საათიდან დაიწყება.
გარბენის დაწყებამდე სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილეები ონლაინ რეგისტრაციას გაივლიან Wings for Life მსოფლიო რბენის ოფიციალურ ვებგვერდზე და რეკომენდაციას გაუწევენ სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, რომ ჩაერთონ პროექტში და გახდნენ ყველაზე გლობალური სპორტული ღონისძიების ნაწილი.
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ცნობილი სპორტსმენები და სპორტის გულშემატკივრები დაესწრებიან.