ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის ქალაქ რაანანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. როგორც “თბილისი თაიმსს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი იყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 180-ე ადგილს იკავებს, ზედიზედ დაამარცხა ავსტრიელი, სლოვენიელი, რუსი და მოლდოველი მეტოქეები, ფინალში კი სლოვაკ ლუკაშ ლაცკოს სძლია – 4:6, 6:4, 6:3. აღსანიშნავია, რომ ფინალში მისი მეტოქე, ლუკაშ ლაცკო მსოფლიო რეიტინგში 99-ეა.
ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა მთავარ პრიზთან ერთად (18 ათასი აშშ დოლარი) 110 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.