პატარა იყო როცა უკვე დიდი დოზით უსმენდა ჯაზს. შემდეგ ნელ-ნელა სამოყვარულო დონიდან იქცა პროფესიონალად. მას მრავალ საკონცერტო ღონისძიებაში აქვს მიღებული მონაწილეობა და თვლის, რომ მუსიკა დიდი როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, რაც საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა… „თბილისი თაიმსი“ ახალგაზრდა, ნიჭიერ საქსაფონისტ – ნანუკა ბითაძეს გაგაცნობთ.
ნანუკა გვიამბეთ ცოტა რამ თქვენზე, თქვენს ოჯახზე…
– ოჯახში ხუთნი ვართ, ძაღლიც გვყავს და ისიც ჩვენი ოჯახის წევრია. მყავს ძმა, რომელიც ჩემზე ხუთი წლით უმცროსია. ყველა ერთად ბედნიერად ვცხოვრობთ.
შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი შეხება საქსაფონთან? რატომ მაინცდამაინც საქსაფონი?
– 8 წლის ვიყავი, როცა ჯაზის დიდი დოზით მოსმენა დავიწყე. ამ ასაკშივე გამიჩნდა იდეა და დავინტერესდი კონკრეტულად საქსაფონით. მიზეზი იყო ის, რომ ძირითადად სულ მამასთან ერთად ვუსმენდი და შეიძლება ითქვას, რომ მამამ შემაყვარა საქსაფონი. პირველად მან მითხრა, რომ უნდოდა სამოყვარულო დონეზე შეესწავლა დაკვრა, მეც 8 წლის ასაკში მოვინდომე და დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა მეც და მამაც სამოყვარულო დონეზე ვუკრავდით. მამამ მოუცლელობის გამო დაანება დაკვრას თავი, მე ძალიან მომეწონა და მივყევი. არ ვთვლი, რომ ეს რთულია, ალბათ ყველა საკრავზე ჩასაბერი იქნება, სიმებიანი თუ კლავიშიანი რთულია დაკვრა. უფრო რთული გახლავთ იმ მხრივ, რომ ჩასაბერია და ქალისთვის ეს საკმაოდ ძნელია. თავიდან მეც მიჭირდა, გამხდარი და სუსტი ვიყავი ბევრჯერ წამსვლია გული, თუმცა ნელ-ნელა მომეწონა, ავითვისე და ვეღარ შევეშვი.
პირველად 13 წლის ასაკში მიიღეთ მონაწილეობა, თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალში „ბიგ ბენდის“ კონცერტში რა შეგრძნება დაგეუფლათ? რა მოგცათ ამ ფესტივალში მონაწილეობამ?
– 13 წლის ვიყავი როცა ფესტივალი კუსტბაზე ჩატარდა. ფესტივალზე უცხოელი შემსრულებლები ჩამოყავდათ და ერთ დღეს, ფესტივალის სერიებიდან, ქართველი მომღერლებიც გამოდიოდნენ, მეც მივიღემონაწილეობა. ეს პირველი გამოსვლა ჩემთვის „შოკი’’ იყო, რადგან ერთი წლის დაწყებული მქონდა დაკვრა. ბევრი ხალხი, სცენა და ამხელა ყურადღება პირველად განვიცადე, ყველაზე შთამბეჭდავი დღე იყო ჩემთვის. შემდეგ წლებშიც გამოვდიოდი, მაგრამ ის დღე ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო არამარტო ჩემთვის, ჩემი ახლობლებისთვისაც.
გაიხსენეთ პედაგოგები რომელთანაც შეხება გქონდათ და რომელთა ხელშიც ჩამოყალიბდით პროფესიონალად?
– ვემზადებოდი საქსაფონისტ ლადო ენუქიძესთან, რომელიც თბილისის „ბიგ-ბენდ”-ში უკრავს ის ბაბუასავით მყავდა. ბაბუას პარალელური კლასელი იყო, ძალიან თბილი დამოკიდებულებით უფრო შემაყვარა საქსაფონი. ის ცოდნა, რაც მე მაქვს საქსაფონზე დაკვრის კუთხით, ლადო ენუქიძისგან მაქვს მიღებული.
რომელია თქვენი საყვარელი ნაწარმოები, კომპოზიტორი და რატომ?
– ნაწარმოებს ესე ვერ გამოვყოფ, რადგან ძალიან ბევრი ნაწარმოები მომწონს. საქსაფონისტებიდან ძალიან მომწონს მიმდინარეობა – „Funky’’ აქტიური მუსიკაა, ასევე – „Smoot” ჯაზიც მომწონს რომანტიულია, მაგრამ უფრო – „Funk”-ს გამოვყოფ. მომწონს Maceo Parkeri ეს არის ძალიან მაგარი შავკანიანი საქსაფონისტი კაცი. ასევე ბავშვობაში ძალიან მომწონდა Candy Dulfer ქალი საქსაფონისტი, რომელიც ჩემი მოტივატორი იყო ყოველთვის.
როგორ ფიქრობთ რა შეუძლია მუსიკას?
– მუსიკა მგონია, რომ ყველაზე დიდი ძალაა იმისათვის, რომ ადამიანს განწყობა შეუცვალოს, ცხოვრება გაულამაზოს. მე პირადად სულ, რომ ცუდ მდგომარეობაში, ვიყო მუსიკის მოსმენამ შეიძლება სულ სხვა განზომილებაში გადამიყვანოს და ხასიათიც გამომიკეთოს.
გარდა მუსიკისა რა წარმოადგენს თქვენს ინტერესთა სფეროს?
– საქსაფონი არ არის ჩემი პროფესია, პროფესიით იურისტი ვარ. ეს სფეროც ძალიან მაინტერსებს, სწავლის პროცესში შემიყვარდა. ერთი პერიოდი არ ვუკრავდი რადგან ცოტა გაორება მქონდა სწავლა თუ საქსაფონი, ამიტომ 3 წელი არ დამიკრავს, მერე ისევ მივუბრუნდი საქსაფონს ვერ მოვითმინე, რადგან ჭარბად ზის ჩემში მუსიკის სიყვარული.
მოგვიყევით თქვენს პირველ სოლო კონცერტზე, გაიხსენეთ თქვენი ემოციები?
– „Night-office’’-ში იყო ჩემი სოლო კონცერტი, მაშინ 15 წლის ვიყავი, ჩემი აზრით ნაადრევი იყო ემოციების კუთხითაც და ისედაც, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. იყო ზღვა ემოცია ეს დღე მთლიანად ჩემზე ორიენტირებული იყო. ვუკრავდი ფანტასტიურ მუსიკოსებთან – „ბიგ-ბენდის’’ წევრებთან ერთად, რომლებიც ძალიან მამხნევებდნენ და კარგ აკომპონირებას მიკეთებდნენ. დღემდე ზღაპრულად მახსოვს ის დღე.
თუ გიწევთ გასტროლებზე გასვლა საზღვარგარეთ?
– გასტროლებზე, ამ ეტაპზე არ ვყოფილვარ. მახსოვს ერთი კარგი შემოთავაზება ბაქოდან იყო, კორპორატიულ საღამოზე უნდა დამეკრა, თუმცა იმ პერიოდში სწავლის გამო ვერ მოვახერხე წასვლა.
რა როლს ასრულებს მსმენელი თქვენს შემოქმედებაზე?
– ძალიან დიდი ენერგია მოდის მსმენელისგან. როდესაც სცენაზე დგახარ ეს რადიკალურად განსხვავდება იმისგან რაც კაფეში დაკვრისას ხდება. პირადად ჩემთვის ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე მყუდრო, ვიწრო სიტუაცია, სადაც შეიძლება 3 მაგიდასთან ისხდეს 15 კაცი და აქედან სულ, რომ ერთი ადამიანი მისმენდეს და გრძნობდეს, იმას რასაც მე ვგრძნობ დაკვრის დროს, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ხშირად მიგრძვნია, უსიტყვოდ მსმენელიც გრძნობს, იმას რასაც ვცდილობ, რომ გადმოვცე დაკვრის დროს.
რამდენად მომგებიანია საქსაფონისტის პროფესია საქართველოში?
– ნაკლებად მომგებიანია, ალბათ ვიდრე საზღვარგარეთ. იქ უფრო ფასდება ეს პროფესია. მგონია, რომ დღეს რაღაც სხვა პროფესიაც უნდა გქონდეს პარალელურად, ფინასურად ცოტა მყარად, რომ იყო. ბოლომდე ვერ დაეყრდნობი ამ ერთ პროფესიას. მომგებიანია, იმ ხრივ თუ ხარ შინაგანად მუსიკის მოყვარული და მუსიკოსი ძალიან დიდ პოზიტივს იღებ რაც ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.
თქვენ კაფე „Canape”-ში მუსიკალურ საღამოებს მართავთ, რამდენად კომფორტულია ეს თქვენთვის? რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?
– 2 წელია რაც „Canape’’-ში ვუკრავ. ყოველთვის ხდება ჩემს ცხოვრებაში ისე, რომ რაზეც ქვეცნობიერად მიფიქრია და მდომებია, ის ამხდენია. სანამ აქ დავიწყებდი დაკვრას, ძალიან მინდოდა, რომ ასეთ მყუდრო, არამასშტაბურ გარემოში ჩემთვის და ხალხის სიამოვნებისთვის დამეკრა და ასეც მოხდა. აქ ყოფნით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.
რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
– ყოველთვის ცხოვრების დინებას მივყვები, არაფერს ვგეგმავ. ის კი ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს, საქსაფონი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ჩემი თნხმლები იქნება.
ესაუბრა
სალომე აფხაზაშვილი