თბილისს ჰოლანდიური სავაჭრო მისია ეწვია, რომელსაც საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საიმონ სმიტი ხელმძღვანელობდა.
ჰოლანდიელ დიპლომატს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა და მათი გაღრმავების პერსპექტივები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფო 2011, 2013 და 2014 წლებში საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი იყო.
ჰოლანდიურ სავაჭრო მისიაში მონაწილეობს სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების და საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე 10 ჰოლანდიური კომპანიის წარმომადგენელი, რომლებიც შეხვედრებს გამართავენ შესაბამისი ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საიმონ სმიტის შეხვედრები საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან დავით ლეჟავასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან გიორგი ამაშუკელთან.