ქრისტეს შობიდან 33-ე წელს სამყარო შეძრა ტკივილით სავსე სიტყვებმა, რომელნიც ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა წარმოთქვა: “მიუტევე, უფალო, რამეთუ არა უწყიან, რას იქმან!
21 საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც ქრიტე ჯვარს აცვეს. უკვე 2015 ჯერ იგლოვა სრულიად საქრისტიანომ უფალი იესო ქრისტეს ჯვარცმა.
დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი, ვნების კვირის პარასკევი ქრისტიანულმა ეკლესიამ დააწესა იმ დღის აღსანიშნავად, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს – გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლითაა აღსავსე, გულის შემძვრელია და ცოდვის შემმუსვრელი, ამავე დროს იმედის ჩამსახველიც, რამეთუ მკვდრეთით აღსდგება მესამე დღეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე სიმბოლურად სიკვდილისა და ბოროტების დასაძლევად.
დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა – წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.
მწუხრის ჟამნის ბოლოს საკურთხევლიდან შუა ტაძარში წმიდა გარდამოხსნას გამოაბრძანებენ, რომელსაც წინდაწინ გამზადებულ ლუსკუმაზე დაასვენებენ.
ამ დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა.სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. ქრისტეს ჯვარცმით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. უფალმა ამით ადამიანთა ცოდვები გამოისყიდა და გზა გაუხსნა მორწმუნეებს ცათა სასუფეველში დასამკვიდრებლად.
წითელ პარასკევს ქრისტიანები სიმბოლურად კვერცხს წითლად ღებავენ ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.
სააღდგომოდ შეღებილი კვერცხების შესახებ პირველი წერილობითი ცნობა X საუკუნით თარიღდება. ხელნაწერ პერგამენტში, რომელიც საბერძნეთში, თესალონიკთან ახლოს, წმინდა ანასტასის მონასტრის ბიბლიოთეკაში ინახება, საეკლესიო წესდების ბოლოში მითითებულია, რომ აღდგომაზე აუცილებელი ლოცვების აღვლენის შემდეგ უნდა წაიკითხონ კვერცხისა და ყველის საკურთხებელი ლოცვა, რომლის დროსაც იღუმენი თავის თანამოძმეებს მოხარშულ კვერცხებს დაურიგებს სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა!”. „ნომოკანონ ფოტიას” ხელნაწერის თანახმად (XIII საუკუნე) კი იღუმენს შეეძლო დაესაჯა ის ბერი, რომელიც აღდგომა დღეს წითელ კვერცხს არ შეჭამდა და ამით ტრადიციას შეურაცხყოფდა.
მასალა მოამზადა
თამარ გვირჯიშვილმა
Discussion about this post