თბილისის მერი დავით ნარმანია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრო.
თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოფენაზე წარმოდგენილია სტენდები, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის, მთაწმინიდის პარკის, ეროვნული მუზეუმისა და ოლიმპიური ქალაქის შესახებ.
თბილისის მერი გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ თბილისისთვის აღნიშნული ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტურიზმი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
„თბილისი წლევანდელ გამოფენაზე წარდგება საკუთარი კონცეფციით, რომელიც მრავალ სხვა ტურისტულ მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ე.წ. „საქმიანი ტურიზმის“ ხელშეწყობას და შესაბამისი სივრცეების მოწყობას. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. თბილისს აქვს პოტენციალი, იქცეს საყოველთაოდ აღიარებულ ცენტრად მნიშვნელოვანი საერთაშორისო, საქმიანი შეხვედრებისთვის არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალური მასშტაბითაც. მაგალითისთვის მოვიყვან EBRD-ის კონფერენციას, რომელსაც მალე დედაქალაქი უმასპინძლებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გამოფენის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება წინასწარ დაგეგმოს დასვენება სხვადასხვა მიმართულებით, მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია და ექსკლუზიურ ფასად შეიძინოს ტურისტული პაკეტები.
ბოტანიკური ბაღის გამოფენაზე ტურიტული ტურები და უნიკალური ჯიშის მცენარეები არის წარმოდგენილი. მერიის მხარდაჭერით ასევე წარმოდგენილია მთაწმინდის პარკი, რომელიც გამორჩეულია რეკრეაციული ფუნქციით, ატრაქციითა და სარესტორნე მომსახურებით. ამასთან, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარმოდგენილია პარკის საკონფერენციო შესაძლებლობები.
გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში გაიმართება ახალი პროექტების პრეზენტაციები და სამუზეუმო ტურები.
ტურისტულ გამოფენაზე დამთვალიერებლები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების და ოლიმპიური ქალაქის შესახებაც მიიღებენ ინფორმაციას.
მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა დღეს გაიხსნა და 18 აპრილს დაიხურება.
Discussion about this post