თბილისში კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კომპანია “სასკი ბასკონიას” ერთობლივი პროექტი, საკალათბურთო კემპი დაიწყო. როგორც “თბილისი თაიმსს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კემპმა “დინამოს” ბაზაზე სტარტი 13 აპრილიდან აიღო და ორი კვირის განმავლობაში გასტანს. აღნიშნულ კემპში სულ 160 ბავშვი მონაწილეობს. კომპანია “სასკი ბასკონია” ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ “ლაბორალ კუტხასა” და ბავშვთა სკოლების მეპატრონეა. აღნიშნულ სკოლაში აღზრდილი კალათბურთელები თამაშობენ როგორც ევროპის წამყვან კლუბებში, ასევე ნბა-ს კალათბურთელთა რიგებშიც. საქართველოში მოვლინებული კლუბის წამყვანი მწვრთნელები 14-17 წლების ასაკის მოზარდებს სპეციალურ საწვრთნელ კემპებს ჩაუტარებენ. ესპანელი მწვრთნელებისა და მათივე ფსიქოლოგის მიერ შეირჩევა მინიმუმ 16 საუკეთესო ბავშვი. ისინი მივლინებით ბასკეთში გაემგზავრებიან და წვრთნებს ესპანური კლუბის ბაზაზე გაივლიან. ბავშვებთან ერთად შეირჩევიან საქართველოში მომუშავე მწვრთნელებიც. აღნიშნულ პროგრამას “სასკი ბასკონია” მხოლოდ საქართველოსთან არ ახორციელებს. წარმატების შემთხვევაში საუკეთესო მოზარდებს კლუბი დაიტოვებს და წვრთნასთან ერთად მათ ესპანეთში სწავლას და ყველა საჭირო პირობებს უზრუნველყოფს.