დღე ხუთშაბათი. დაახლოებით ხუთის ნახევარი, მოუთმენლად ჩავდივარ კიბეებს რუსთაველის გამზირზე მიწის ქვეშა გადასასვლელში იმედით, რომ დამხვდებიან. ჩემმა მოლოდინმაც გაამართლა, ვხედავ შემდეგ „სურათს’’ ბიჭი გიტარით ხელში, გოგო კი მომცინარი სახით მიყურებს. ხალხით სავსე ჯგუფის წინ აღმოვჩნდი. პაუზის შემდეგ კი მივესალმე – გამარჯობა მე ჟურნალისტი ვარ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა მსურს. მომცინარი გოგო „კონტაქტური’’ აღმოჩნდა მპასუხობს სიამოვნებით! შემდეგ გიტარისტი ბიჭიც გამეცნო, როგორც ჩანს დროულად მივედი, შემსრულებლებს ირგვლივ მეგობრები დასტრიალებდნენ, თითქოს ხმაური მიწყდა, მაგრამ „ ე. წ. ციგნების ჩამოვლამ კვლავ გამოიწვია აჟიოტაჟი’’ ამ დროს, გვერდზე მაღაზიიდან ქალბატონმა გამოსძახა რა ხმაურია.. როგორც იქნა, სიმშვიდემ დაისადგურა და… ბიჭმა გიტარას ჩამოჰკრა, რის შემდეგაც დაიწყეს სიმღერის შესრულება.
ალბათ ბევრს შეუნიშნავს მიწისქვეშა გადასასვლელებში, მდგარი მომღერლები, მუსიკოსები. საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია ან მოსაზრება არსებობს ამ ადამიანების მიმართ. მე პირველად მომიწია დიდი ხნით გავჩერებულიყავი და „ჩავღრმავებოდი’’ ამ გარემოს, სიმართლე გითხრათ „გაშინაურებულმა’’ თავი მალევე კარგად ვიგრძენი და ინტერვიუც საინტერესოდ წარიმართა.
გაგვეცანით, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს შესახებ?
– მე ვარ ადუ ინალიფა 20 წლის, „უსაქმური’’, ხშირად ვუკრავ ქუჩაში.
რატომ გადაწყვიტეთ ქუჩაში სიმღერა, რამ განაპირობა თქვენი დღევანდელი ეს მდგომარეობა? რამდენი ხანია რაც უკრავთ?
– აქვე ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, როცა დრო მაქვს საკუთარი სიამოვნებისთვის ვუკრავ. ფინანსური კუთხითაც ცუდი შემოსავალი არ არის ახალგაზრდისთვის, უბრალოდ ბევრს ცოტა ცუდი დამოკიდებულება აქვს. დაკვრით დაახლოებით წელიწადნახევარია რაც ვუკრავ, ჩემთან ერთად არის ხატია ბექაურია, ის იშვიათად გამოდის, „როკის სამყაროში მოღვაწეობს ჩემთან ერთად.’’
ხომ არ გაგიჭირდათ პირველად გამოსვლა? გქონდათ თუ არა „კომპლექსი’’?
– პირველ ხანებში დაკომპლექსებული ვიყავი და დავძლიე ჩემი ქუჩის მუსიკოსების დახმარებით. თავიდან როცა ახალბედა ხარ, ხალხის უარყოფით დამოკიდებულებას ვერ იგებ, პირდაპირ გულზე გხვდება ეს ყველაფერი, შემდეგ კარგი თუ ცუდი შეფასებებით ითვალისწინებ მათ შენიშვნებსაც.
მუსიკალური განათლება ხომ არ გაქვთ მიღებული?
– თვითნასწავლი ვარ, ვუკრავდი და ბოლოს რაღაც გამომივიდა.
გიცდიათ თუ არა მიგეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში?
– კონკურსში ჯერ არა, მაგრამ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ საქველმოქმედო კონცერტებში მაქვს მიღებული მონაწილეობა, ასევე ყოფილა ბარში მიწვევები და სოლო საღამოები.
რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია დღეს თქვენი საქმიანობა, თუ არის რაიმე სახის რისკი მიწის ქვეშა გადასასვლელებში სიმღერა?
– აქ ყოფნა საფრთხეს არ წარმოადგენს, ბევრი ყურადღებას არ გაქცევს, არც შემოგხედავენ. ისე გაივლიან თითქოს არც არავინ არსებობს იმ ადგილას სადაც შენ ხარ, ამაზე უკვე რეაქცია აღარ გვაქვს, რაც შეეხება რისკს – ნერვებს იფუჭებ „აქ რომ გამოვედი სრულიად ჯანმრთელი ვიყავი ეხლა ნევროზი მაქვს უკვე’’. ხშირია ნასვამი ადამიანის მიერ მუსიკალური მოთხოვნები, რომელიც ხშირად აგრესიული ფორმით არის გამოხატული.
თქვენი მისამართით როგორი დამოკიდებულება მოდის საზოგადოებისაგან?
– მე და ხატია ვუკრავთ ჩვენივე ინტერპრეტაციით, ძირითადად ალტერნატიული როკის ჟანრს. უმეტესობას ნორმალური დამოკიდებულება აქვს და არის შემთხვევებიც როცა აღფრთოვანებულებიც კი არიან, მაგრამ ძირითადად უცხოელები, ქართველები კი იძახიან „აუ რას უკრავთ ქართულები დაუკარით მამა-პაპური’’.
გყავთ თუ არა ერთგული მსმენელი?
– არიან ბაბუა და შვილიშვილი, ორთაჭალაში ცხოვრობენ და კვირაში ორჯერ ან სამჯერ მაინც გამოდიან სპეციალურად იმისთვის, რომ ჩვენ მოგვისმინონ, ბავშვს ლუკა ჰქვია, დაახლოებით სამი წლისაა თუ სწორად მახსოვს ბაბუას სახლში არ აჩერებს წავიდეთ წავიდეთო. ასევე რამოდენიმე ერთგული მსმენელი გვყვავს, რომლებიც ხშირად მოსასმენად მოდიან.
მუშაობის პროცესში რა გაძლევთ ძალას და ენერგიას?
– მუსიკის სიყვარულია რა თქმა უნდა, რასაც აქამდე მოვყავართ და ამ უშუალო პროცესში სულ, რომ ვიღაც მოვიდეს, თბილად გაგიღიმოს ეს უკვე დიდი სტიმულია.
დაახლოებით რა თანხას შეადგენს თქვენი ყოველდღიური ბიუჯეტი? და გაკმაყოფილებთ თუ არა?
– თანხას არ ვითვლით, ძირითადად გართობის კუთხით ვართ. აქ არიან ე.წ. „სტარიკები’’ რომელთაც არ აქვთ სამსახური. ჩვენი მეგობარია ერთ-ერთი, რომელსაც კონსერვატორია აქვს დამთავრებული. თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალია, მაგრამ კაცი მიწის ქვეშა გადასასვლეში უკრავს რადგან შემოსავალი ჰქონდეს.
რაზე ოცნებობთ?
– კარგი შეკითხვაა, რაზე უნდა ოცნებობდეს მუსიკოსი? რა თქმა უნდა, დიდ პუბლიკაზე. მე პირადად ამაზე ვოცნებობ.
ვინ არის თქვენი საყვარელი შემსრულებელი?
– ჩემი საყვარელი ვოკალისტი ”Freddie Mercury’’ საყვარელი გიტარისტი კი – „Zakk Wylde’’-ია რომელიც ასევე მაგარი ვოკალისტია.
რა გაქვთ დაგეგმილი სამომავლოდ?
– მე პირადად გეგმებს არასდროს ვადგენ, მაგრამ მინდა გავხდე წარმატებული მუსიკოსი, რამდენად გამოვა ეს საქართველოში არ ვიცი, მაგრამ ვცდით.
ხატია ბექაური, რომელიც ადუს მუსიკალურ პარტნიორობას უწევს საინტერესო და მიზანდასახული ახალგაზრდაა, ის ოცნებობს, რომ მუსიკალურ სფეროში იყოს წარმატებული.
„დიდი ხანია, რაც მუსიკალურ სფეროში ვარ ჩართული. ზოგადად არ ვარ კომპლექსიანი ადამიანი, ხალხთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ამიტომ არ გამჭირვებია გარეთ სიმღერა. კლასიკური განათლება მაქვს მიღებული, ამჟამადაც დავდვივარ კერძოდ ვოკალის გაკვეთილებზე. მინდოდა კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ გადამიბირა სხვა მუსიკალურმა ჟანრმა (როკ მუსიკა) და დღეს-დღეობით აქ ვმღერი. ფესტივალებში მიმიღია მონაწილეობა – სომხეთსა და თურქეთში, ასევე საქველმოქმედო ღონისძიებებში ვმონაწილეობდი. აქ მუშაობის პროცესში გამვლელ ხალხში არ არის პრობლემა, გვერდზე მყოფი მაღაზიების მეპატრონეებისგან მოდის აგრესია, ხმადაბლა სიმღერას ითხოვენ. ვოცნებობ, საქართველოში, ისეთი მუსიკოსი გავხდე, რომ მსმენელმა დამაფასოს და მიმიღოს. ძალიან მიყვარს „Robert Plant”-ი. მინდა მუსიკალურ სფეროში წარმატებას მივაღწიო.“
ესაუბრა
სალომე აფხაზაშვილი