ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, გამოფენა – “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გაიხსნა.
როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით და ესტონეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას ესტონეთში საქართველოს ელჩმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა იანე ანდერსოომ სიტყვით მიმართეს.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ქართული ანბანის ისტორიისა და უნიკალურობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქართული ანბანი წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე და 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას” ეროვნული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის სამთავრობო უწყებების, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გამოფენის გახსნის ცერემონიის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცა.
“ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ორი კვირის მანძილზე იქნება წარმოდგენილი.