შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი გურამ სურმანიძე დააკავა.
როგორც “თბილისი თაიმსს” შსს-დან აცნობეს, “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი გურამ სურმანიძე დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სურმანიძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში პატიმრისთვის გადასაცემად მობილური ტელეფონის ორ ცალ სიმ-ბარათს შეიტანდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.