ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის სამზადისს 50 ქვეყნის წარმომადგენლები შეაფასებენ.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრები, 50 ქვეყნის ტექნიკური დელეგატები და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. ისინი მონაწილეობას იღებენ “ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე სემინარზე, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრნენ.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი წინასწარი ვარაუდოთ მონიტორინგის მისია პოლიტიკურ შეფასებას გააკეთებს, ვინაიდან რაიმე სახის არსებითი ჩამორჩენის საფრთხის წინაშე არ ვდგავართ.
“ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მოსამზადებელი სამუშოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ყოველი დღე არის მკაცრად გაწერილი, იმისთვის, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა, შესაბამისმა სამინისტრომ, თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთოს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მიმდინარეობს როგორც სპორტული ობიექტების მშენებლობის დასრულება, ასევე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდებარე ტერიტორიებზე. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ყველა ძირითადი სამუშაო სპორტულ ობიექტებზე დასრულებული იქნება, გარდა კოსმეტიკური სამუშაოებისა. შემდეგი ეტაპი უკვე კონკრეტული ღონისძიებისა და მისი პროგრამის მომზადება იქნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ვიზიტის ფარგლებში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს დეპარტამენტის მიხედვით გაეცნობიან, ასევე დაათვალიერებენ მშენებარე და განახლებულ სპორტულ არენებს და ოლიმპიურ სოფელს ეწვევიან. დელეგაციის წევრები საბოლოო რეკომედაციებსა და შემაჯამებელ შეფასებებს გასცემენ, ხოლო ვიზიტის ბოლოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარის ჯოზეფ ლიბას მონაწილეობით პრესკონფერენცია გაიმართება.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” 26 ივლისიდან 1 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.