საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კიევში უკრაინელ კოლეგას, ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა. “პირველი არხის” ინფორმაციით, დავით სერგეენკომ და ალექსანდრე კვიტაშვილმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სისხლიანი შეტაკებებისა და საომარი მოქმედებების შემდეგ მიღებულ ჰუმანიტარულ დახმარებასაც, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ საქართველოს ჯანდაცვის უწყებას მადლობა გადაუხადა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, რომ უკრაინას, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებითა და სხვა სამედიცინო საშუალებებით ისევ დაეხმაროს. “ვიზიტის მთავარი მიზანია 28 აპრილს კონფერენციაზე დასწრება, რომლის ამოცანაა მხარდაჭერის გეგმების და პროექტების შეჯამება, მოსმენა და ახალი შესაძლებლობების დანახვა, რაც დღეს უკრაინის სახელმწიფოს სჭირდება. როგორც ადრე, ისევე ახლაც მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში მედიკამენტების მიწოდება, ბავშვებისა თუ დაჭრილების ჩამოყვანა რეაბილიტაცისთვის ისევ გავაგრძელოთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, საქართველოს აქვს უნარი, დაეხმაროს უკრაინას ბევრ საკითხში, მათ შორის რეფორმირების კუთხითაც, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. “იყო საუბარი თემებზე, რითაც შეუძლია საქართველოს დაეხმაროს უკრაინას, იგივე ბავშვების მკურნალობით, მათი გაგზავნით კურორტებზე ზაფხულის განმავლობაში, ვაქცინებით”, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა. დავით სერგეენკო დღეს კიევში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება, სადაც მონაწილეებმა უკრაინის მეგობარი ქვეყნებისგან განხორციელებული და დაგეგმილი მხარდამჭერი პროექტები უნდა შეაჯამონ.