დედაქალაქის მთავრობამ თბილისის არქიტექტურის სამსახურს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისთვის კონკურსის გამოცხადება დაავალა.
დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის ძირითადი დოკუმენტი – “ქ. თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა” თბილისის საკრებულომ 2009 წელს დაამტკიცა.
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის ბოლოს, მოწვეული ექსპერტების დახმარებით, 2009 წლის დოკუმენტის ანალიზი დაიწყო. ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს სრულყოფილ, ყოვლისმომცველ და, შესაბამისად, რელევანტურ დოკუმენტს დედაქალაქის სივრცითი განვითარების უზრუნველსაყოფად გრძელვადიან პერიოდში. თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში არ ჩანს პრიორიტეტების განხორციელების გზები, არ ასახავს ქალაქის განვითარების მკაფიო ნიმუშს, სტრატეგიულ ხედვას, თუ როგორი ქალაქი უნდა გახდეს თბილისი და მეტწილად არამუდმივი განვითარებისკენაა მიმართული; ასევე, სათანადოდ არ არის ინტეგრირებული ქალაქის უმნიშვნელოვანესი ქვესისტემების – ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ურთიერთკოორდინირებული სქემები.
ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი არ ასახავს ქალაქის განვითარების პრიორიტეტებს, თბილისის მთავრობა გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე დაფუძნებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას. თბილისის არქიტექტურის სამსახური აღნიშნული დოკუმენტის გასაახლებლად კონკურსს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.