2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ პრიორიტეტად სასამართლო რეფორმა დაასახელა. მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სამართალდამცავი სისტემის შექმნა „ქართული ოცნების“ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა განვლილი დროის მანძილზე რამდენად ქმედითუნარიანია მათი მუშობა კვლავ განხილვის თემად რჩება. პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდისა და ანგარიშვალდებულობის მკაფიოდ განსაზღვრის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2014 წლის 18 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, უწყების ინსტიტუციური რეფორმის დაწყება დაასახელა, თუმცა აღნიშნული რეფორმის მოდელს არაერთგვაროვანი რეაქცია და კრიტიკა მოჰყვა.
საინტერესო და მნიშვნელოვანია, უკვე დაწყებული რეფორმის ფონზე, რა გამოწვევების წინაშეა დღევანდელი პროკურატურა, კონკრეტულად რა ხარვეზებია და რამდენად დამოუკიდებელია სამართალდამცავი სისტემა – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ იურისტ ლევან ალაფიშვილს და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელს, ეკა ციმაკურიძეს ესაუბრა.
ბატონო ლევან, რა განაპირობებს პროკურატურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას?
– პროკურატურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას უმთავრესად თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა განაპირობებს, რომელიც უზრუნველყოფს სისტემისა და თანამშრომლების რეალურ დამოუკიდებლობას. გამართული სისტემა – რაც მაქსიმალურად გამორიცხავს სუბიექტივიზმს, არაეთიკურ, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და უმთავრეს მიზნად არა ვინმეს დასჯას, არამედ ადამიანის უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს, და ბოლოს: კადრების პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა, პროკურორებისა და გამომძიებლების მხოლოდ კანონისადმი მორჩილება.
პროკურატურის რეფორმის ფონზე რამდენად უზრუნველყოფილია მისი დამოუკიდებლობა?
– რეფორმაზე მსჯელობა მკაფიოდ გაწერილი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გარეშე არ არის სწორი. მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით რეფორმა არ წარიმართება. რეალურად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, პროკურატურაში სისტემურად არსებითი ცვლილება, რომელსაც რეფორმას ვუწოდებდით – არ განხორციელებულა. ერთადერთი ცვლილებით იუსტიციის მინისტრი, პოლიტიკური ფიგურა, საკანონმდებლო დონეზე ჩამოსცილდა პროკურატურის სისტემას. როგორც განვლილმა პერიოდმა და სასამართლოში წარმართული საქმეების შედეგებმა გვაჩვენა, ეს საკანონმდებლო ცვლილება საკმარისი არ აღმოჩნდა პროკურატურის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფისთვის და ბოლოს, მთავრობაში პროკურატურის რეფორმის კომისიის შექმნით, ხელისუფლებამ თვითონვე დაადასტურა, რომ პროკურატურის სისტემაში არის არსებითი ხასიათის ხარვეზები, თუ პრობლემები, რომელთა აღმოსაფხვრელად და სისტემის გასაუმჯობესებლად რეფორმის დაწყებაა საჭირო.
როგორ აფასებთ პროკურატურის მუშაობას? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს?
– რთულია პროკურატურის, როგორც გამოძიების ორგანოს, ან როგორც სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ინსტიტუტის საქმიანობის შედეგებით კმაყოფილი იყოს მთავრობა, ან საზოგადოება. შესაძლო პოლიტიკური გავლენით ნაჩქარევად, ან მოუმზადებლად სასამართლოში წარმართული არაერთი ე.წ. გახმაურებული საქმე და ამ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი, ხელისუფლებაში ჯეროვანი მსჯელობის საგანი უნდა იყოს, დასკვნებიც დროულად გაკეთდეს და გადაწყვეტილებებიც მიიღონ. პრობლემათა ერთი დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა თვითონ პროკურატურის სისტემაშია მოსაძიებელი და გამოსასწორებელი, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობისაა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, რომელზეც მთავრობამ და პარლამენტმა უნდა იზრუნონ.
უკვე დაწყებული პროკურატურის რეფორმის ფონზე, თქვენი შეფასებით კვლავ რჩება თუ არა ის გამოწვევების წინაშე? კონკრეტულად რა ხარვეზებია სამართალდამცავ სისტემაში?
– როგორც უკვე აღვნიშნე, პროკურატურის სისტემის რეფორმა არ დაწყებულა, მთავრობაში რამდენიმე თვის წინ, სწორედ პროკურატურის რეფორმის, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის კომისიები შეიქმნა. სამწუხაროდ, ამაზე შორს საქმე წინ არ წასულა. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებაში სერიოზულად მოეკიდებიან გამოძიების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ბრალდების სისტემის რეფორმას და ეს კომისიები არ დარჩება მორიგ და ერთ-ერთ იმ კომისიად, მრავალრიცხოვანი კომისიებისა, თუ საბჭოების რიგში, რომლებიც შეიქმნა და შექმნით დაასრულა არდაწყებული მუშაობა. სწორედ სისტემურად ახლებურად გააზრებაა პირველი რიგის ამოცანა, თუ გამოწვევა. რეფორმის უმთავრესი მიზანი სწორედ ახალი, ქმედითი და ეფექტიანი სისტემის დაფუძნება უნდა იყოს.
პროკურატურის დამოუკიდებლობის, მთავარი პროკურორის დანიშვნასა და ზოგადად, რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვთ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ (საია).
საია-ს წარმომადგენელი, ეკა ციმაკურიძე:
„პროკურატურის რეფორმირების საკითხი მნიშვნელოვანია მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისთვის და ის ასევე, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს წარმოადგენს. ამ კონტექტსში, პროკურატურის რეფორმა გულისხმობს, მისი ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფას, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური, თუ სხვა არამართლზომიერი ჩარევისგან.
პროკურატურის ინსტიტუციური მოწესრიგების დღეს არსებული მოდელი არ შეიცავს ზემოაღნიშნული პრინციპების ეფექტური უზრუნველყოფის გარანტიებს: პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, ხოლო, მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. შესაბამისად, არც პროკურატურას, ინსტიტუციურად და არც მთავარ პროკურორს, თანამდებობრივად, არ აქვთ დამოუკიდებლობის შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები,“ – აცხადებს საია-ს წარმომადგენელი..
ჩვენთან საუბარში ეკა ციმაკურიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხზე. როგორც მან აღნიშნა, შემოთავაზებული მოდელი ამ საკითხის საკმაოდ ბუნდოვან მოწესრიგებას გვთავაზობს.
„პროკურატურის რეფორმირების შემოთავაზებული კონცეფცია რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს: მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესში შემოდის კოლეგიური ორგანო, საპროკურორო საბჭო, ხოლო მთავარ პროკურორს საბოლოოდ საქართველოს პარლამენტი ნიშნავს, თუმცა, მთავარი პროკურორის დანიშვნაში ახალი აქტორების შემოყვანასთან ერთად, კონცეფცია არ ითვალისწინებს რიგ მნიშვნელოვან პროცედურულ საკითხებს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტია მთავარი პროკურორის პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტიების შესაქმნელად. კერძოდ, მთავარი პროკურორის კანდიდატურას საპროკურორო საბჭოს წარუდგენს იუსტიციის მინისტრი, რომელიც იმავდროულად, არის საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე. შესაბამისად, ცხადია, რომ საპროკურორო საბჭო, თავისი პოლიტიკური შემადგენლობისა და ნომინირების წესის გათვალისწინებით, ვერ იქნება ორიენტირებული კანდიდატის პროფესიული და აპოლიტიკური ნიშნით შერჩევაზე. საპროკურორო საბჭო ამტკიცებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელზეც შემდეგ საქართველოს მთავრობა მსჯელობს. საბოლოოდ, მთავარ პროკურორს საქართველოს პარლამენტი უბრალო უმრავლესობით ნიშნავს. არც საპროკურორო საბჭოს მიერ კანდიდატურის დამტკიცების ეტაპზე, და არც საქართველოს პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის დანიშვნის ეტაპზე, პროცესი არ უზრუნველყოფს განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობას და შერჩევა-დანიშვნის პროცესს მთლიანად მმართველი ხელისუფლება წარმართავს. ამასთან, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის ეტაპზე არ არის გათვალისწინებული კანდიდატის შერჩევა პროფესიული და სამუშაო გამოცდილების ნიშნით.
მთავარი პროკურორის დამოუკიდებლობის საკითხთან ასევე პირდაპირ კავშირშია მისი თანამდებობიდან გადაყენების წესი. შემოთავაზებული კონცეფცია ამ საკითხის საკმაოდ ბუნდოვან მოწესრიგებას გვთავაზობს. გათავისუფლების პროცესიც სრულად დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკური ზეგავლენებისა და ინტერესებისაგან,“ – განმარტავ ეკა ციმაკურიძე.
ესაუბრა
ლაკო ბიტ-ბაბიკოვი