თბილისის ბოტანიკურ ბაღს სტატუსის მინიჭებიდან 170 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაესწრნენ.
ვიზიტორთა სახლში, რომელიც დღეს თბილისის მერმა გახსნა, დეკორატიული მცენარეებისა და ყვავილების ფესტივალი გაიმართა, სადაც ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთებიდან საქართველოს იშვიათი ენდემური და წითელი ნუსხის მცენარეები და 54 ჯიშის იასამანი იყო წარმოდგენილი. იქვე გამოიფინა თბილისის ბოტანიკური ბაღის თემაზე გადაღებული პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების გამოფენა. თბილისის მერმა ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობასთან ერთად ბაღის ტერიტორიაზე მდებარე სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, ბოტანიკური ბაღი გაზაფხულიდან უფრო მეტ ტურისტს, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით მოემსახურება.
“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ვიზიტორთა ახალი ცენტრი, რათა გაზაფხულიდან უფრო მეტ ტურისტს მოვემსახუროთ“ – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერი მოუწოდებს ტურისტებს, აუცილებლად ეწვიონ ბოტანიკურ ბაღს.
დღესვე, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე „საქართველოს (თბილისის) ბოტანიკური ბაღის წარსული, აწმყო და მომავალი“. გარდა ამისა, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობის კოლეჯთან.
ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციის მიზნით, მთელი დღის განმავლობაში მცირე ექსკურსიები მოეწყობა. ვიზიტორებს სირინგარიუმის (იასამნების საკოლექციო ნაკვეთი) დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.
170 წლის წინ, 1845 წლის 1 მაისს მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით, იმდროინდელ „სააფთიაქო ბაღს“ ოფიციალურად მიენიჭა „ბოტანიკური ბაღის“ სტატუსი.