ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “ჯეოლაბი“ კომპანია “ჯეოსელის“, “ლივინგსტონის“, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია, რომელიც სააგენტოს საგრანტო კონკურსის საფუძველზე შეიქმნა. ეს არის სამუშაო სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ შექმნან ბიზნესზე ორიენტირებული სერვისები, პროდუქტები და პროტოტიპები, მოახდინონ საკუთარი კრეატიული იდეებისა და ტექნიკური უნარ–ჩვევების რეალიზება.
მინისტრის თქმით, ძალიან ბევრი კომპანია შეიქმნება ამ სივრცეში და მათი განვითარება თავის თავში დიდ პოტენციალს ატარებს. “ამ ლაბორატორიის განვითარებისთვის ეკონომიკის სამინისტრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით ასი ათას ლარს გამოყოფს, ჩვენ ვულოცავთ ყველა მონაწილეს და დიდ მადლობას ვუხდით ყველა მხარეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროექტში“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია “ჯეოლაბის“ განუყოფელი ნაწილია ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ITI), რომელიც სასწავლო ცენტრს წარმოადგენს. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამი თვის განმავლობაში დაეუფლოს ცოდნას, რომელიც მას მომავალში საშუალებას მისცემს, თავად შექმნას პროგრამული პროდუქტი, შეიმუშავოს ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის დიზაინი, დააპროექტოს და მართოს პროგრამულ სფეროსთან დაკავშირებული პროექტები. მსურველებს სწავლა შეეძლებათ ხუთი სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: 3D დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, ელექტრონული პლატფორმები და პროგრამული პროექტების მართვა.