20 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, გაიმართება უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, დები იშხნელების შთამომავლის – მანანა მენაბდის კონცერტი-მარათონი. ამ თემასთან დაკავშირებით, 5 მაისს, 12:00 საათზე ქალაქ თბილისის მერიაში (საკონფერენციო დარბაზი) პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას მომღერალი მანანა მენაბდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი ხათუნა კიკვაძე და მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი გაუძღვებიან. საქველმოქმედო კონცერტ-მარათონზე მანანა მენაბდე განახლებულ რეპერტუარს შეასრულებს. სპეციალურად ამ დღისთვის ძველი სიმღერების არანჟირება მოხდა. კონცერტში მონაწილეობას იღებს კამერული ორკესტრი „კამერატა ჯორჯია“ და მოწვეული მუსიკოსები. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოვა მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი – ნიკა ნიკვაშვილი. მანანა მენაბდის თხოვნით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში. პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ART&SOCIETY”. პროექტი ხორციელდება: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით. კონცერტის მხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო „შოკოლადი“, კომპანია „DHL“.