ნანატრი გაზაფხულიც დადგა, წინ ალბათ ცხელი ზაფხული, ბევრი სასიამოვნო და მზიანი დღეები გველოდება, ბევრისთვის განსაკუთრებულად სასიხარულო სეზონი, ნაყინის შემოსვლით არის განპირობებული. ზაფხულის ცხელ დღეებში, გასაგრილებლად კარგი განწყობის შესაქმნელად და სხვადასხვა ნაყინის დასაგემოვნებლად კი „მოგზაურობა ნაყინის სამყაროში ნებისმერ მსურველს შეეძლება.’’
იმას თუ, რა სახის ახალ პროდუქციას გვთავაზობენ ნაყინის კომპანიები, იგეგმება თუ არა პროდუქტზე ფასების ზრდა, ამ და სხვა საკითხებზე პასუხებს „თბილისი თაიმსის’’ ბლიც-გამოკითხვიდან შეიტყობთ.
გამოიკითხა ბაზარზე არსებული 4 კომპანია – „ბარამბო“; „თოლია“; „გურჯაანი“ და „ნიკორა“.
ბარამბო – „კომპანია ბარამბო წელს ბევრი სიახლით ხვდება. 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვუშვით ახალი დასახელების ნაყინი „ბიანკო’’ ვანილის ჭიქის და საოჯახო. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასებს არ ავუწიოთ. ზოგიერთი მაღაზია კი ჩვენს პროდუქციაზე ფასს უწევს, რასაც ვერ ვაკონტროლებთ. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი წილი დაახლოებით 40 %-ს შეადგენს.
საბოლოო შედეგი კი სექტემბრის ბოლოს გვექნება. კონკურენცია ყოველთვის დიდია, აქტიურ კონკურნეციას კი თოლიას ვუწევთ. რაც შეეხება ნაყინის ექსპორტირებას არ გვაქვს და არც სამომავლოდ იგეგმება.’’
თოლია – „წელს ახალი დასახელების ნაყინი – „ინდიგო’’ გამოვუშვით კამპარას ბრენდის, ასევე აღვადგინეთ ნაყინი – „კონო’’. ფასებს იმავეს ვტოვებთ და არც ვგეგმავთ გაძვირებას. ჩვენი წილი ადგილობრივ ბაზარზე 55%-ს შეადგენს. კონკურენცია ძალიან დიდია ამას მიველასმებით, რადგან ეს ინდუსტრიისთვის სასარგებლო პროცესია.
ამჟამად ექსპორტზე არ ვმუშაობთ, თუმცა უახლოეს მომავალში ექსპორტი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ასევე აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყაზახეთში იგეგმება.’’
გურჯაანი – „ჩვენმა კომპანიამ წელს ორი დასახელების ნაყინი გამოუშვა, ერთი ხვალიდან გამოვა გაყიდვაში. რაც შეეხება ფასებს. გაძვირება არ მოხდება, იგივე ფასები გვაქვს შენარჩუნებული. ნაყინის ექსპორტი არ გვაქვს და არც იგეგმება.
ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი წილი 20%-ს შეადგენს, კონკურენცია ყოველთვის არის და ჩვენც ყველანი, ერთმანეთის კონკურენტები ვართ.’’
ნიკორა – „კომპანია ნიკორა, წელს ჩამოსასხმელ ნაყინთან დაკავშირებით სიახლეს შესთავაზებს მომხმარებლებს. ფასებს ჯერ-ჯერობით სტაბილურად ვუმკლავდებით. რაც შეეხება იმას, თუ რას წილს ვფლობთ ადგილობრივ ბაზარზე ეს ინფორმაცია არ მაქვს.
ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციაა, ხოლო კონკურენტი კომპანიებია: “ბარამბო”; “გურჯაანი”; “თოლია”. ნაყინის ექსპორტირება ამ ეტაპზე არ ხდება, მაგრამ უახლოეს მომავალში შესაძლებელია დაიგეგმოს.’’
მასალა მოამზადა
სალომე აფხაზაშვილმა