ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. Wings for Life მსოფლიო რბენა უკვე ნაცნობ ლოკაციაზე, კახეთში, ლოპოტას ტბის გადასახვევთან გაიმართა.
ქალ მორბენლებს შორის გაიმარჯვა ლინდა ვან ვლიეტმა (Linda van Vliet), რომელმაც 32,01 კმ. ირბინა. 2014 წლის ჰოლანდიის გამარჯვებული ქალებს შორის აშკარა ლიდერი იყო.
ლინდას თქმით, მან საქართველო იმ ულამაზესი პეიზაჟის გამო აირჩია, რომელიც მის წინ რბენის დროს იშლებოდა.
ხოლო კაცებში კი, შარშანდელი რბენის გამარჯვებულმა ანატოლი ოლენიკოვმა გაიმარჯვა 57, 39 კილომეტრით. გამარჯვებულებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ. შარშან ანატოლიმ სარბენად ამერიკა აირჩია, თუმცა ვიზასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა და კვლავ საქართველოში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოში 2014 წელთან შედარებით, ბევრად გაიზარდა დარეგისტრირებულთა რაოდენობა და 5000–ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ ავსტრიას ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა. საქართველომ ყურადღება არამხოლოდ რეგისტრირებულთა რაოდენობით მიიქცია, არამედ იმითაც, რომ ჩვენ გვყავდა ყველაზე ასაკოვანი მორბენალი მთელ მსოფლიოში, 92 წლის შოთა სამუშია, რომელსაც, სულ ცოტა დააკლდა, რომ 5 კმ. ერბინა და ჩაფიქრებული მიზნისთვის მიეღწია.
საქართველოში აგრეთვე ჩამოყალიბდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გუნდი, რომელიც საჯარო რეესტრის სახელით დარბოდა და სადაც 501 ადამიანი გაერთიანდა.
მსოფლიო გამარჯვებული უკვე მეორედ გახდა ეთიოპელი ლეამოუორკ კეტემა (Lemawork Ketema). მან 79.9 კმ. ირბინა. მან ისევ ავსტრიაში ირბინა.
ქალი გამარჯვებული 27 წლის იაპონელი იუკო ვატანაბე (Yuko Watanabe) გახდა, რომელმაც 56.33 კმ. ირბინა. ძალიან შთამბეჭდავი რეზულტატი აჩვენა შვედმა გამარჯვებულმა, ეტლით მოსარგებლე მონაწილემ, რომელმაც 64.82 კმ. გადალახა. აარონ ანდრესონი (Aron Anderson) პირველი ეტლით მოსარგებლე გახდა, ვინც ნაციონალური გამარჯვებული გახდა Wings for Life მსოფლიო რბენის ისტორიაში.
წელს, მსოფლიო მასშტაბით 4,2 მილიონი ევრო შეგროვდა ფონდისათვის Wings for Life, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სფეროში ატარებს კვლევებს. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს საქართველოში შეგროვებული თანხის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.
2014 წელს მსოფლიო რბენის შედეგად საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა (60 000 ლარი რეგისტრაციებიდან და 40 000 ლარი სპონსორინგიდან), ხოლო მსოფლიოს ყველა რბენიდან სრულად 3 მილიონი ევრო შევიდა.