მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნეა, ჩვენს ქვეყანაში გენდერულ თანასწორობაზე კამათი შეიძლება ხშირად გაიგონოთ. ქალი სამზარეულოში ეს ის სტერეოტიპია, რომელიც საქართველოში ნელ-ნელა იმსხვრევა, მაგრამ საბოლოოდ ჯერ არ „დამსხვრეულა.“ თუმცა ყველაფერი, რომ იცვლება და ვითარდება ეს სახეზეა. იყო დრო როდესაც ქალი და მამაკაცი ერთ სუფრაზეც კი არ ისხდნენ, არ დავიწყებ იმის მტკიცებას თუ როგორ გვჩაგრავდნენ ქალებს და ა.შ. ეს წარსული და მისი დრომოჭმული ტრადიციებია. დღეს შეიძლება ქალი ყველგან ვნახოთ: ქალი პოლიტიკაში, მედიცინაში, ჟურნალისტიკაში, ხელოვნებაში, ბიზნესში და ა.შ. თუმცა ახლა, რომ გითხრათ წარმოიდგინეთ ქართველი ქალები, რომლებიც ღვინოს ამზადებენ ეს მაინც რთული აღსაქმელი იქნება, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა. „თბილისი თაიმსი“ქართველი ქალების მიერ დაფუძნებული ღვინის კომპანია „მანდილის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს – მარინა კურტანიძეს ესაუბრა. ის თავის პარტნიორთან თეა მელანაშვილთან ერთად აყენებს ქვევრის ღვინოს, თავად ყიდულობს ყურძენს და ა.შ. სხვა საინტერესო დეტალებს ინტერვიუდან შეიტყობთ. მე კი ამაყი ვარ, რადგან ქალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია. ჩვენ შეგვიძლია ნებსიმიერ საქმეს მოვკიდოთ ხელი, ნებისმიერი რამ ავითვისოთ და ყველაფერი ხარისხიანად და წარმატებით შევასრულოთ.
მოგვიყევით თქვენი მოკლე ბიოგრაფია?
– პროფესიით ვარ ბიოლოგი, შემდეგ შევისწავლე მენეჯმენტიც. ჩემი ორი პროფესიის შეჯერებით მოვხვდი ზოოპარკში მენეჯერად, სადაც დღემდე ვმუშაობ. ღვინოსთან შეხება, როგორც ყველა ქართველს აქვს ოჯახში, თავდაპირველად მეც ასე მქონდა. ჩემს ბავშვობაში ბაბუაჩემი აყენებდა ძალიან კარგ ღვინოს, ჰქონდა ქვევრიც. ბავშვობიდან მახსოვს, რომ ყურძენი ხარისხიანი უნდა ყოფილიყო და ღვინო კი აუცილებლად სუფთა. არასოდეს არ მიფიქრია, რომ მე უშუალოდ მექნებოდა შეხება ღვინოსთან.
თქვენ რა შეხება გქონდათ ღვინოსთან და მისი დამზადების ტექნოლოგიებთან?
– დავვოჯახდი და ისეთ ადამიანს დავუკავშირე ჩემი ბედი, ვისთვისაც ქართული ტრადიციული მევენახეობა და მეღვინეობა ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა. როდესაც ერთობლივი ცხოვრება დავიწყეთ, ჰქონდა ვენახი ოღონდ ღვინოს მხოლოდ ოჯახისთვის აყენებდა. მაგრამ ღვინის სიყვარულმა, დაგროვებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ თავისთავად მოიტანა ამ სფეროს გაფართოების და ბიზნესად ჩამოყალიბების იდეა. 2003 შექმნა კომპანია „იაგოს ღვინო“ და დავიწყეთ ტრადიციული მეთოდით, ნატურალური ღვინის წარმოება (საკუთარი ვენახიდან). ასე დავიწყეთ ნელ–ნელა, მართალია ეს ყველაფერი ჩემი მეუღლის წამოწყება იყო, მაგრამ მეც ჩვეულებრივად ვიყავი ამ პროცესში ჩართული.
როგორ გაჩნდა იდეა, რომ თქვენ თავად ჩაბმულიყავით ღვინის ბიზნესში და გამხდარიყავით ქართველი მეღვინე ქალი?
– 2011 წელს ჩვენთან რთველზე იყვნენ ჩვენი მეგობარი გოგონები: თეა მელანაშვილი და ანა ჭეიშვილი, ჩვენ ერთად ვკრეფდით ყურძენს, ვმხიარულობდით და სწორედ იქ გაჟღერდა იდეა, რომ ხომ შეიძლება ღვინო ქალებმაც დავაყენოთ. თუმცა ამ იდეას ჰქონდა გარკვეული წინაპირობაც, როდესაც „იაგოს ღვინომ“ დაიწყო მოგზაურობა სხვადასხვა ევროპულ ფესტივალებზე, დავინახეთ რომ, რომ ევროპაში ძალიან ბევრი ქალი მეღვინე იყო, განსაკუთრებით მცირე მარნების მეპატრონეები და ჩემი მეუღლისთვის ეს იდეა არ აღმოჩნდა მიუღებელი, პირიქით მან შეიძლება ითქვას რომ „წაგვახალისა“. ეს იდეა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის და ნელ-ნელა დაიწყო დახვეწა და განვითარება. შემდეგ ანა გათხოვდა და საფრანგეთში წავიდა, მაგრამ ამ წუთშიც ჩვენი დიდი გულშემატკივარია. მე და თეამ კი 2012 წელს დავაფუძნეთ კომპანია „მანდილი„ და პირველი ყურძენიც შევიძინეთ.
როგორ მოახერხეთ ბაზარზე თავის დამკვიდრება და საკუთარი ადგილის პოვნა?
– ჩვენი პირველი გამოჩენა მოხდა „ახალი ღვინის ფესტივალზე“ 2013 წლის მაისში, სადაც დიდი ინტერესი გამოიწვია. შემდეგ მოხდა ღვინის შეტანა ნატურალური ღვინის ბარ „vino underground”–ში ამ ბარში ბერვი ისეთი ადამიანი შედის, ვისაც აინტერესებს ქართული ღვინო, განსაკუთრებით კი უცხოელები. ამ ბარის დამსახურებით და ჩვენი მეღვინე მეგობრების ხელშეწყობით ჩვენი ღვინო დააგემოვნა იტალიელმა იმპორტიორმა Nicola Ettore Antani Finotto, რომელსაც ძალიან მოეწონა და იყიდა, ასე მოხვდა იტალიაში. შემდეგ იყო ფრანგი იმპორტიორი Thierry Puzelat, რომელმაც ჩვენი ღვინო საფრანგეთში შეიტანა. სულ 600 ბოთლი. შემდეგ გამოჩნდა ქალბატონი Sarah May Grunwald, მან „vino underground”-ში შემთხვევით გასინჯა ჩვენი ღვინო, ის ღვინის ბლოგერი და სომელიეა და საქართველოზე შეყვარებული ადამიანი. 2015 წლის თებრვალში სარას და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით 2015 წლის 6-7 თებერვალს ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ, ნატურალური ღვინის ფესტივალში, რომელიც ჩატარდა რომში… 2012 წლის მოსავლის ღვინის სულ გაიყიდა. 2014 წელს უფრო მეტი ყურძენი ვიყიდეთ და დავწურეთ.
როგორი ხართ მუშაობის პროცესში და რამდენად კომფორტულია დღეს თქვენი მდგომარეობა?
– მე როგორც უკვე ვთქვი ჩვეულებრივად ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს ღვინის დამზადებაში, ამაში ჩემთვის არაფერია ახალი. ახალი შეიძლება იყოს ის, რომ კახეთში თავად მივდივარ ყურძენზე. მთელი დანარჩენიპროცესი ჩემთვის ძალიან კარგადაა ნაცნობი.
ძალიან დიდი კონკურენციაა ამ სფეროში, განსაკუთრებით მამაკაცების მხრიდან როგორ ფიქრობთ რამდენად ჯეროვანი კონკურენცია გაუწიეთ მათ?
– ჩვენი ღვინის ფესტივალზე გასვლას, ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა. ქალები ახლაც შრომობენ, ახლაც აკეთებენ ღვინოს ქმრებთან ერთად, არიან ძალიან მაგარი ენოლოგები, არიან ძალიან მაგარი დეგუსტატორები და ა.შ. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი იყო, რომ უშუალოდ ქალებმა დააყენეს ქვევრში ღვინო. ეს ღვინო თავიდან ბოლომდე იყო ქალების მიერ დამზადებული საკუთარი დიზაინით, ეტიკეტით სახელით და ა.შ. ჩვენს ფესტივალზე გასვლას სხვადახვაგვარი რეაქციები მოყვა, ზოგი ამბობდა ძალიან მაგარია, რომ ქალებმა ეს ნაბიჯი გადადგესო, ზოგი ამბობდა ქალების დაწურულ ღვინოს როგორ დავლევო და ა.შ. ჩვენი მთავარი გამარჯვება კი არის ის, რომ კაცები რომლებიც ასე შეხვდნენ ჩვენი ღვინის პრეზენტაციას, ახლა ერთხმად აღიარებენ ჩვენს ღვინოს.
როგორ შეირჩა ღვინის სახელწოდება „მანდილი“?
– სახელის დარქმევის დროს გვინდოდა, რომ ასოციაცია ყოფილიყო ქალთა. არა ის , რომ ეს არის ქალების დასალევი ღვინო, არა… ეს არის ჩვეულებრივად ქვევრში ჭაჭაზე დაყენებული თეთრი, მშრალი ღვინო, 6 თვიანი დაძველებით. ასევე გვინოდოდა, რომ სახელი უცხოლებისათვის ადვილად წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით შეირჩა სახელი „მანდილი„.
როდის იხილა თქვენმა პროდუქციამ დღის სინათლე და როგორი შეფასებები მოყვა მის დაგემოვნებას?
– მე და თეამ კომპანია ჩამოვაყალიბეთ 2012 წლის შემოდგომაზე და ვიყიდეთ ყურძენი, ფაქტობრივად ყურძნის ხარისხზეა დამოკიდებული ღვინის ავკარგიანობა. ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი გავიარეთ, ჩამოვყალიბდით სახელზე, ყურძნის ჯიშზე… სიმართლე, რომ გითხრათ დიდი ამბიციები არ გვქონია, თავიდან ცოტა დავწურეთ. ეს ყველაფერი საჭიროებდა თანხის ჩადებას და წინასწარ არ ვიცოდით რა და როგორ იქნებოდა. თადაპირველად გავიარეთ სასინჯი ეტაპი. 2013 წელს გავედით ახალი ღვინის ფესტივალზე და სწორედ ამ ფესტივალზე მოხდა ჩვენი პირველი წარდგენა.
თქვენ თქვენი ვენახი გაქვთ თუ ყურძენს ყიდულობთ? რომელ ჯიშს წუავთ?
– ჩვენ არ გვაქვს ვენახი, ეს სამწუხაროდ ძალიან ძვირი სიამოვნებაა. მანავის მწვანევს ვწურავთ. ჩვენ თავად მივდივართ მანავში, გვყავს ერთი ადამიანი, რომელთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ვნახულობთ ყურძენს, გავდივართ გარკვეულ ეტაპებს, შემოდგომაზე კი ვყიდულობთ მას. როგორც თვითმხილველები აღიარებენ ძალიან კარგ ყურძენს ვყიდულობთ.
როგორც ვიცით თქვენ მეუღლესაც აქვს ღვინის ბიზნესი, როგორია თქვენი ერთად მუშაობის პროცესი?
– ორი სხვადასხვა კომპანიაა, ჩვენი „მანდილი“ და მისი „იაგოს ღვინო,“ ასევე ვწურავთ სხვადასხვა ჯიშის ყურძენს. იაგოს აქვს საკუთარი ჩინური და თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ მასთან კონკურენციაში არ შევიდოდით. მაგრამ „მანდილის“ არსებობა არ ნიშნავს, რომ მე ჩემი მეუღლის გვერდით ისევ-ისე არ ვდგავარ, პირიქით პასუხისმგებლობა გაიზარდა.
როგორ ფიქრობთ დღეს რამდენად კონკურანტუნარიანია ქართული ღვინის ბაზარი და რამდენად შემოსავლიანია ეს ბიზნესი?
– ქვევრის ნატურალური ღვინოების სეგმენტმა ბოლო წლებში დაიწყო განვითარება. შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულმა ღვინომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. მანამდეც იყო ქვევრის ღვინო, მაგრამ ის არ იყო აქტუალური. თვითონ ქვევრში ღვინის დაყენებას გააჩნია საკუთარი პროცედურა. ქვევრის რეცხვა ეს არის ერთ-ერთი შრომატევადი და რთული საქმე. ქვევრში დაყენებლი ღვინო თუ არ არის ნატურალური, ყურძენი თუ არ არის ეკოლოგირი და ა.შ ღვინო ისეთი არ გამოვა, როგორიც გინდა. ჩვენ ღვინოს არ ვუკეთებთ არც ხელოვნურ საფუარს და არც არავითარ დანამატებს. ქვევრში დაყენებული ღვინო თავის ჭკუაზე მიდის და ხელოვნურ ჩარევებს არ საჭიროებს. ბოლო წლებია თავად ქართველი მომხმარებელიც გაჩნდა, რომელსაც უნდა ნატურალური ქვევრის ღვინო და თქვენ წარმოიდგინეთ ბოთლში ჩამოსხმულიც. ახალგაზრდა მომხმარებელში გაჩნდა მოთხოვნილება ღვინის დაგემოვნებისა და არა მხოლოდ თრობის სურვილი. მოკლედ, ეს მენტალიტეტი თავად ქართველებშიც შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ღვინოები ქარული ბაზრისთვის არ ღირს იაფი, მოთხოვნილება მაინც გაჩნდა.
ახლა თუ არის თქვენი ღვინო გაყიდვაში და თუ შეუძლიათ მომხმარებლებს მათი შეძენა? – ჯერ არ შეუძლიათ მსურველებს იყიდონ ჩვენი ღვინო მან თავისი ეტაპერბი უნდა გაიაროს. ჯერ უნდა დაჯდეს, დალაგდეს, სასურველია, რომ ღვინომ სადღაც 1 წლიანი ციკლი გაიაროს. ახლა ახალი ღვინის ფესტივალზე გვექნება გატანილი, რადგან ახალი ღვინოა, მაგრამ გაყიდვაში აგვისტო-სექტემბერში გამოვა. ქართული ღვინის მთავარი პლუსი რა არის, რომელიც უპირატესობას უქმნის მსოფლიო ბაზარზე?
– მე არაფერს ვამბობ ქარხნულ ღვინოზე, საერთოდ არ ვეხები ამ თემას. ქართული ღვინის პლუსი ამ შემთხვევაში ისევ არის ქვევრი. ქვევრი არის ის თემა, რომელიც მსოფლიოს კარგა ხნის დავიწყებული აქვს. კი, ადრე ღვინოს ყველგან ქვევრში აყენებდნენ, მაგრამ შემდეგ დაივიწყეს ეს ტრადიცია. ამ ტრადიციის უწყვეტობა კი დარჩა საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში ქვევრის ღვინომ ფაქტობრივად ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულა მსოფლიო ბაზარზე. ვთვლი, რომ ქვევრის ღვინომ ახლებურად დაანახა მსოფლიოს ქართული ღვინო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ნატურალური პროდუქცია, ქვევრის ღვინო კი თავისთავად გულისხმობს, რომ ის ნატურალური უნდა იყოს.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
– როგორც უკვე ვთქვი ვაპირებთ ღვინის ფესტივალზე გასვლას. სხვა რაიმე გრანდიოზული გეგმა არ გვაქვს. გვინდა, რომ ჩვენი ეს წამოწყება ეტაპორივად განვავითაროთ. ეს ღვინო ახლა არც ჩემთვის და არც თეასთვის არ არის შემოსავლის წყარო. თუმცა შეიძლება ყველაფერი ისე წავიყვანოთ, რომ წლების მერე შემოსავალი გვქონდეს. ამ ეტაპზე ამ ყველაფერს სიამოვნებით, ინტერესითა და სიყვარულით ვაკეთებთ.
ესაუბრა
ანო მუქათარიძე