პოლიტიკა გამოცანაა, რომელის სწორი პასუხის პოვნაც ძალიან ძნელია. ყველას უნდა, რომ გამოცანა გამოიცნოს, მაგრამ ამ დროს ძალიან ბევრი არასწორი პასუხი ჟღერს. ეს პასუხი ხშირად ლოგიკურია, მაგრამ მაინც არ არის სწორი, რადგან პოლიტიკა ლოგიკისაგან შორს დგას. ჩემი აზრით პოლიტიკა ის გამოცანაა, რომელსაც პასუხი არ აქვს ან იმდენი პასუხი აქვს რამდენი ადამიანიც არსებობს. პოლიტიკა კითხვაზე რატომ? ხშირ შემთხვევაში პასუხობს იმიტომ და ეს სრულია და საკმარისია. არასტაბილურობა ძალიან ცუდია პოლიტიკისათვის, მაგრამ ეს მისი თანმდევი ნაწილია. პოლიტიკა ცვალებადია თავად და ის ცვლის მასში მონაწილე ადამიანებსაც. დრო არ უყვარს პოლიტიკას, მაგრამ დროს უყვარს ის, რადგან ხშირად ადამიანები ძალიან დიდ დროს ვაძლევთ პოლიტიკოსებს მდგომარეობის გამოსასწორებად. საქართველო პოლიტიკისა და პოლიტიკა საქართველოს გარეშე ალბათ აღარავის წარმოუდგენია. „მიეცი ხალხს პური და სანახაობა, “პურისა რა გითხრათ, მაგრამ სანახაობას კი ნამდვილად არ გვაკლებენ. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მინისტრთა კაბინეტი მეშვიდე წევრმა დატოვა, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად კი ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტი დასამტკიცებლად წარადგინა, თუმცა ამ დოკუმენტს მაშინვე ხელი არ მოაწერა საქართველოს პრეზიდნტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრს მოსაფიქრებლად ერთი კვირა მისცა. საბოლოო ჯამში პრეზიდენტმა ამ დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა და ახლა ახალ მინისტრთა კაბინეტს საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. რა თქმა უნდა, მინისტრთა ახალი კაბინეტის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა, როგორც მოსახლეობაში, ასევე პოლიტიკურ გუნდებშიც. ზოგი ამ ცვლილებებს დადებითად აფასებს, ზოგი კი პირიქით. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თუ რამდენად დამახასათებელია მსგავსი პროცესები განვითარებადი ქვეყნისთვის, რამდენად სწორი იყო გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება და კიდევ რა ცვლილებები იგეგმება უახლოეს მომავალში მთავრობაში. ჩვენ ვესაუბრეთ – საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნბელს – გია ხუხაშვილს; „ლეიბორისტური პარტიის“ ერთ – ერთ ლიდერს გიორგი გუგავას და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ასევე ერთ -ერთ ლიდერს გიორგი ახვლედიანს.
„ცვლილებები, ეს ნორმალურია, თავისთავად ყველაფერი იცვლება. ცვლილებაში არ არის პრობლემა, მთავარია რამდენად პასუხობს ეს ცვლილებები იმ გამოწვევებს რის წინაშეც ქვეყანა დგას. ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული მმართველობითი კრიზისი და დაიწყო ცვლილებები. ჩვენ ამ ცვილებების მხოლოდ დასაწყის ეტაპზე ვართ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი მინისტრები დატოვებენ თანანმდებობას. რაც საბოლოო ჯამში მთვარობის მთლიანი განახლებით დასრულდება. რამდენად ეფექტური და წარმატებული იქნება ეს ყველაფერი, ამას დრო გვიჩვენებს.
რაც შეეხება მინისტრობის ახალ კანდიდატებს, მათი დანიშვნა არამგონია მენეჯერული გადაწყვეტილება ყოფილიყო, ეს იყო უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება. გამომდინარე იქიდან, რომ რესპუბლიკური პარტიის როლი გაიზარდა მთავრობაში, შესაბამისად გაიზარდა ძალაუფლების მოპოვების მხრივ მათი წილი. რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ის კონფლიტური სიტუაციის გამო გადადგა. ალბათ მენეჯერული გადაწყვეტილებები მთავრობის ოპტიმიზაციის კუთხით ჩვენ კიდევ წინ გველოდება. ეს კი მოხდება მაშინ, როდესაც ცვლილებები იმ სფეროებს შეეხება, სადაც რეალურად გვაქვს პრობლემები.
გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაში, როდესაც მან ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება ერთი კვირით გადადო, არ იყო კონკრეტული შედეგის მიღწევის სურვილი. საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გაახმოვანა ეს გადაწყვეტილება, წინასწარ კონსულტაციებში არც კი იღებდა მონაწილეობას. ეს იყო ნაჩქარევად მიღებული სპონტანური გადაწყვეტილება. თავისი გადაწყვეტილბით კი გიორგი მარგველაშვილმა გზავნილი გაუგზავნა ხელისუფლებას, მისცა დრო დასაწყნარებლად და გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად. გზავნილი გაიგზავნა, ჩაცხრა ემოციები და პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ის მოქმედებდა კონსტიტუციის ფარგლებში, შეიძლება ითქვას პრემიერ-მინისტრის დასაცავადაც კი. მომავალში იმედი მაქვს ხელისუფლება გაითვალისწინებს, რომ ასეთ რეჟიმში გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება და მიყვება იმ პროცედურას, რაც დამახასიათებელია ნორმალური, სტაბილური ქყვეყნისათვის.
შეიძლება ეს ცვლილებები უახლოეს მომავალში ნებისმიერ მინიტრს შეეხოს. ჩვენ შემოდგომისათვის ვიხილავთ სრულიად ახალ რეალობას, ახალ მინისტრთა კაბინეტს. პრეზიდენტმა გზავნილი გააგზავნა, გამოამჟღავნა კონსტიტუციის პატივისცემა და აჩვენა სტანდარტები, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ეს ესტაფეტა უნდა მიიღოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ისიც უნდა მოიქცეს პოლიტიკური სტანდარტების შესაბამისად. სასურველი იქნება თუ ის არ მიიღებს მონაწილეობას მინისტრებისათვის ნდობის გამოსაცხადებელ კენჭისყრაში და კიდევ უკეთესი იქნება თუ ის არ გაუძღვება ამ სხდომას, ამ მოვალეობას საკუთარ თავზე კი რომელიმე ვიცე-სპიკერი აიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური გაგებით პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში, რადგან ამ სხდოაზე მისი მეუღლის მინისტრად დანიშვნის საკითხი განიხილება. დავაკვირდეთ ისევე მაღალი პასუხისმგებლობით მოიქცევა თუ არა დავით უსუფაშვილი, როგორც მოიქცა ამ შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილი.“
“მათ მინისტრთა კაბინეტი ან საქართველოს მთავრობა კი არ უნდა უწოდოთ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოცნების თეატრი. მინისტრები არიან მარიონეტები, რომლებიც მის დაკვეთას ასრულებენ. მათი დამტკიცება არის დანაშაული. მთავრობის, რომელმაც ქვეყანა ჩააგდო, ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ კრიზისში, როდესაც ყოველდღიურად იზრდება უმუშევრობა, ხდება ლარის დევალვაცია, იზრდება გაჭირვებულ ადამიანთა რაოდენობა, როდესაც პერსპექტივაც კი არ ჩანს იმისა, რომ ამ სიტუაციიდან რაიმე გამოსავალს იპოვიან. ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან არაფორმალური მმართვლის ნება სურვილზე. დამტკიცების ნაცვლად უნდა მოხდეს მათთვის უნდობლობის გამოცხადება, უნდა მოხდეს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამ ეგრედწოდებული მთავრობის ხელში, მოვლენები ძალიან მძიმედ წარიმართება და შეიძლება მივიდეთ სოციალურ ამბოხებამდეც.
პრემიერ-მინისტრად წოდებულ პერსონას, ისევე ეკითხებიან მინისტრების კანდიდატების შერჩევას, როგორც ჩვენ ვარჩევთ პარლამენტისა და მთავრობის წევრებს. ამ მთავრობის წევრებს არჩევს და ნიშნავს ბიძინა ივანიშვილი. ყველა მაღალ თანამდებობაზე დანიშნულია მისი ბიზნეს გარემოცვა: პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად, პირადი დაცვის უფროსი შინაგან საქმეთა მინისტრად და ა.შ. აქედან გამომდინარე ის საქართველოს უყურებს, როგორც სავაჭრო ქარვასლას, სადაც უნდა ნახოს უზარმაზარი მოგება. მინისტრთა კაბინეტის წევრები არ გრძნობენ არანაირ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, როგორც ლაქიები ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. რა აზრი ჰქონდა ეს მინისტრები ერთი კვირის შემდეგ დაინიშნებოდნენ თუ მაშინვე. გიორგი მარგველაშვილმა ამით ისევ საკუთარ თავზე იზრუნა და შეგვახსნა, რომ ფუნქციები მასაც აქვს. ის იმყოფება ივანიშვილის ჩრდილ ქვეშ, მისი საქციელი ბატონის მიმართ ყრმის დამოკიდებულების ფსიქოლოგიური ანარეკლია. ამით არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება. მას არ ყოფნის იმის ვაჟკაცობაც კი, რომ გამოვიდეს და თქვას სიმართლე.
ამ პაიკების ცვლილება პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე გაგრძელდება. შემდეგს ვის გამოუყვანენ წირვას დამოკიდებული იქნება ბიძინა ივანიშვილის ნებაზე. მსგავსი ცვლილებები აპრობირებული მეთოდია და მას იყენებე ქვეყანაში მძიმე მდგომარეობის გადასაფარად და საზოგადოების ყურადღების გადასატანად. აქედან გამომდინარე ამ მინისტრების საქანელის დატრიალებით არაფერი არ შეიცვლება. აქ მთავარი არის მანკიერი, მახინჯი, დანაშაულებრივი სისტემის შეცვლა, შეცვლა იმ არაფორმალური მმართველობისა, რომელიც ამ ქვეყანაში დამყარებულია ოლიგარქის მიერ. მის მიზანი კი არის, რომ ყველა და ყველაფერი ემსახურებოდეს მას და მის ინტერესებს.“
„პროცესი, რომელიც წარიმართა მინისტრების დანიშვნისას, თავიდანვე ალოგიკური იყო, გამომდინარე იქიდან, რომ არა ადეკვატური მიდგომა ერთმნიშვნელოვნად ჩანდა. ქვეყანაში სადაც არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სადაც სერიოზული სავალუტო კრიზისია, იმის მაგივრად, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ ეკონომიკური გუნდისთვის, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მინისტრებს დააკისრეს. სპორტის მინისტრის შემთხვევა სხვაა და გასაგებია, მას დაპირისპირება ჰქონდა კომიტეტთან. რაც შეეხება ელგუჯა ხოკრიშვილსა და დავით შავლიაშვილის გათავისუფლებას, ეს გადაწყვეტილება უშუალოდ მიიღი ქვეყნის კულვარულმა მმართველმა-ბიძინა ივანიშვილმა. ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა ირაკლი ღარიბაშვილის დამოუკიდებლობისა და გავლენის შეზღუდვას. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გაძლიერებას შეიძლება მოჰყვეს მისი ისეთვე გაურჩება, როგორიც გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა. ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესუსტების პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ შარშან, როდესაც მთავრობის მეორე ეშელონებში მოხდა წმენდა. ბიძინა ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა პირველ ეშელონებში გაასუფთავოს ღარიბაშვილის გუნდი. ჩვენს ქვეყანში გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი პასუხისმგებლობის გრძნობა, მაგრამ აქვს უკიდეგანო ძალაუფლება. საერთოდ ხელისუფლება და პასუხსიმგებლობა არის ორი განუყრელი ცნება, ბიძინა ივანიშვილი კი ცდილობს ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, რაც ძალიან საშიშია ქვეყნისათვის. ჩვენ დღეს გვყავს მთავრობა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ არ აქვს ძალაუფლება მართოს და მიიღოს გადაწყვეტილებები. ეს არის უმძიმესი რეალობა და კატასტრიფისაკენ მიმავლი გზა. ის კი რაც თინა ხიდაშელის დანიშვნასთან დაკავშირებით მოხდა, კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტის დემონსტრირება იყო ჩვენი ქვეყნისათვის. დემონსტრირება იმისა, რომ თავდაცვის მინისტრებს უკვე მეორეჯერ საქართველოში, ღიად ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. ასე მოხდა ირაკლი ალასანიას შემთხვევაში და ასე მოხდა ახლაც. პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ მხოლოდ 2 მინისრტი შეიცვლებოდა და ის ჩაატარებდა პრესკოინფერენციას. მას პრესკონფერენცია არ ჩაატარებინეს, იმავე საღამოს ამერიკის ელჩი მიდის ბიძინა ივანიშვილთან და იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თავდაცვის მინისტრად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი უნდა დაინიშნოს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიღებთ. შესამაბისამ მივიღეთ: რესპუბლიკელები, რომლებმაც თავდაცვის სამინისტრო ჩაიდგეს ხელში, მათ ჯამში უკვე სამი მინისტრი ყავთ. რესპუბლიკელებმა ყველაზე უკეთ ივაჭრეს ამ სიტუაციაში და ირაკლი ალასანიას წასვლის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა არაჩვეულებრივად გამოიყენეს. მათი ხმების გამოკლება საპარლამენტო უმრავლესობას დაანგრევს, შესაბამისად მათ ივაჭრეს, მოითხოვეს მაქსიმუმი და მიიღეს კიდეც. ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო უმრავლესობის დანგრევა ნამვილად არ აწყობს. შედეგად მივიღეთ, რომ ნულ პროცენტიანი რესპუბლიკური პარტია დღეს გვყავს ხელისუფლებაში, თავდაცვის მინისტრად გვყავს რესპუბლიკური პარტიის წევრი, რომელიც აცხადებდა, რომ აფხაზეთი არ შედის საქართველოს შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრად გვყავს ადამიანი, რომელსაც არც საკუთარი გუნდი ჰყავს, არც დასაყრდენი ძალა ჰყავს და საერთოდ უუფლებოა.
ვერავინ ვერანაერ დაკისრებულ მოვალეობას ვერ გაართმევს თავს, ერთი მარტივი მიზეზის გამო. როგორც ვთქვი ამ ადამიანებს აკისრიათ თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ არ აქვთ ძალაუფლება. რაც არ უნდა დიდი შემართებით მოდიოდნენ ეს მინისტრები თანამდებობაზე, მერწმუნეთ მათი გადასაწყვეტი იქ არაფერი იქნება.
რაც გამოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრაქტიკულად არის სრულიად უუფლებო მინისტრი, გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ერთ კვირიანი ვადის გამოყენებით წარმოაჩინა, რომ ის უფრო დამოუკიდებელია ვიდრე, სხვა ნებისმიერი „ქართული ოცნების“ წევრი. მან იცოდა, რომ ამ ნაბიჯით ის კიდევ უფრო გააღიზიანებდა ბიძინა ივანიშვილს და იგი ისევ დაიწყებდა მის ლანძღვას. მარგველაშვლი კი შესანიშნავად ხედავს რაც უფრო მეტად ლანძღავს მას ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩაგრული და პრინციპული ადამიანი ის უფრო მეტ რეიტინგს კრეფს. შესაბამისდ ის კომფორტულ მდგომარეობაშია, ნაკლები პასუხისმგებლობა აკისრია კონსტიტუციიდან გამომდინარე, ის შესანიშნავად იყენებს საკუთარ მდგომარეობას და მუშაობს საკუთარი რეიტინგის ამაღლებაზე. ბიძინა ივანიშვილი კი გამოდის და გვიცხადებს, რომ მას საზოგადოების მოჭარბებული ნდობა აქვს და მხოლოდ ის ასრულებს ამ ქვეყანაში ილია ჭავჭავაძის სიტყვებს. ის თავს კი არ უნდა იქებდეს, არამედ სერიოზულად უნდა ნერვიულობდეს, რადგან მასთან კონფრონტაციის ხარჯზე ადამიანები რეიტინგს იმაღლებენ.
თუ გავაანალიზებთ, რომ მიდის ტოტალური შეტევა ღარიბაშვილის გუნდზე, მისი გუნდის წევრებიდან დარჩა ოთარ დანელია-სოფლის მეურნეობის მინისტრი და თეა წულუკიანი-იუსტიციის მინისტრი, რომელიც დიდი სიხარულით გადაბარგდა თავისუფალი დემოკრატებიდან ღარიბაშვილის გუნდში. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მათ შეეხოს გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ამასაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მალე ჩვენ გავხდებით თავად პრემიერ-მინისტრის ცვლილების მომსწრე. ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერს რაც ბოლო სამი წლის განავლობაში ქვეყანაში მოხდა: შეუსრულებელი დაპირებები, ლარის კურსის დევალვაცია, ეკონომიკური სირთულეები, სოციალური პრობლემები და ა.შ. მას გადააბრალებენ. დღეს ის გამზადებულია იმისათვის, რომ ყველაფერი მას შეახოცონ, გაუშვან და მოიყვანონ ახალი ადამიანი, რომელიც ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს. მე ვვარაუდობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ალბათ მომავალი წლის გაზაფხულამდე ან ამ წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ. შესაბამისად გათვლიან, რომ ახალი პრემიერ-მიისტრი სანამ გაცვდება, მანამდე ჩაატარონ საპარლამენტო არჩევნები. თუ ღარიბაშვილი მზადაა, რომ ჯერ გამოიყენონ და მერე კი მიაგდონ, კი ბატონო, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მან თუ ამ სამ წელიწადში პოლიტიკოსის ოდნავი ალღო მაინც შეიძინა, უნდა მიხვდეს, რომ თუ ის ახლა წავა თანამდებობიდან და ბიძინა ივანიშვილს სერიოზულად აურევს გეგმებს, შეინარჩუნებს საშუალებას ქართულ პოლიტიკაში დარჩენისა. ამასთან ერთად საკმაოდ სერიოზულ რეიტინგსაც კი აკრეფს, მაგრამ ეჭვი მეპარება ასე მოიქცეს.“
ესაუბრა
ანო მუქათარიძე