ჩვენი ცხოვრების ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი პროფესიის არჩევაა, ეს იგივეა იპოვო საკუთარი თავი ცხოვრებაში, აკეთო ის რაც მოგწონს და ამან დიდი სიამოვნება მოგანიჭოს. ბედნიერია ადამიანი, რომელიც საკუთარი პროფესიული არჩევანით ყოველთვის კმაყოფილია და სიამოვნებით ემსახურება მას. ვთვლი, რომ კიდევ უფრო დიდი გამართლებაა, რომ თავადაც იღებ სიამოვნებას შენი საქმით და სხვასაც ანიჭებ უდიდეს ბედნიერებას!
„თბილისი თაიმსი“ ამჯერად ახალგაზრდა მსახიობ – თამუნა ჯაჯანაშვილს ესაუბრა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ის უკვე წარმატებული და თავის საქმის პროფესიონალია, 10 წლია მოღვაწეობს ჭიათურის თეატრში, საქმე რომელსაც ემსახურება მისთვის საამაყოა, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეპყრობა თითოეულ როლს და ყველა განსახიერებული როლი მისთვის გამორჩეულია. მან 6 წლის ასაკიდან აირჩია საოცნებო პროფესია და არასოდეს შეუცვლია სწრაფვა მსახიობობისკენ…. ჰყავს ერთი შვილი და თვლის, რომ ამ ქვეყნად ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანი მისი არსებობაა…
მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ?
– მე ვარ თამუნა ჯაჯანაშვილი 28 წლის, პროფესიით მსახიობი, მყავს 6 წლის შვილი.
რა როლი ითამაშა თქვენმა ოჯახმა თქვენი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში?
– ჩემი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში, ოჯახმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, ოჯახი არის ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე. მიუხედავად იმისა, რომ იყო ასაკობრივი თანაბრძოლა, ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდანვე მსახიობი გავმხდარიყავი. მანამდე საახლობლოშიც არავინ მყოლია მსახიობი. შემდეგ დროთა განმავლობაში, ხელი შემიწყვეს და დღემდე გვერდში მიდგანან რადგამ გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმე.
როდის და რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მსახიობი, კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი არჩევანით?
– მსახიობობა დაახლოებით 6 წლის ასაკში გადავწყვიტე, მას მერე ერთხელაც არ შემიცვლია არჩევანი და მითუმეტეს არ მინანია. საოცრად ამაყი და კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით.
გაიხსენეთ თქვენი პირველი ემოციები, როდესაც პირველად გამოხვედით სცენაზე?
– სცენაზე პირველად 10 წლის წინ გამოვედი, ჭიათურის თეატრში. მაშინ თეატრალურში ვსწავლობდი, პირველ კურსზე ვიყავი. მახსოვს აბსოლუტურად ყველაფერი მიკანაკალებდა კულისებში ვიდექი და ვფიქრობდი, ერთადერთი სურვილი მქონდა, რომ იქიდან გავქცეულიყავი. რამდენიმე წამი იყო დარჩენილი სცენაზე გასვლამდე, მაყურებლის ზუზუნის ხმა ისმოდა და დღესაც კი, როცა ეს ზუზუნი მესმის ის პირველი განცდა მომყვება, რაც მაშინ მქონდა, მაგრამ როგორც კი სცენაზე ფეხი დავდგი მივხვდი, რომ ცხოვრება ჩემთვის შედგა.
რომელია თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი როლი და რატომ?
– განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი როლი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის განმვალობაში ბევრი როლი მითამაშია, თითოეულის შესასრულებლად იმდენ შრომასა და ენერგიას ვდებ, ისე ვცდილობ ყველა როლის ტყავში შევძვრე, რომ გამორიცხულია ესე გამოვყო ჩემი შვილებივით არიან და როგორც შვილებს ვერ გამოარჩევ ისე ვერ გამოვარჩევ ცემს სესრულებულ როლებს.
რას გრძნობთ სამუშაო პროცესში?
– ყველაზე დიდი სიამოვნება სამუშაო პროცესია, რა თქმა უნდა პრემიერის შემდეგ. ვთვლი, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებით მიცხოვრია, ეს იმდენად საინტერესოა, ალბათ ამიტომ ღირს გახდეს ადამიანი მსახიობი, მეც სწორედ ამ განცდის გამო ვერასდროს ვაღიარებ სხვა პროფესიას.
თუ გაქვთ რაიმე საოცნებო როლი, რომლის შესრულებაც გინდათ?
– ვოცნებობდი მეთამაშა ბიჭის როლი და ესეც გამოვცადე. მაინტერსებდა კაცის „ტყავში შეძრომა’’ და შევასრულე კიდეც შექსპირის პიესაში, ბიჭის როლი.
როგორც ვიცი თქვენ ჭიათურის თეატრში მოღვაწეობთ, მოგვიყევით ამ თეატრზე, როგორ ახერხებთ თბილისდან ჭიათურაში მოღვაწეობას?
– ჭიათურის თეატრალურ-მიზნობრივი ჯგუფი დავამათვარე, პირველ კურსზე ვიყავი როცა იქ მიმიწვიეს, უკვე 10 წელია ჩვეულებრივი დატვირთვით ვმუშაობ. რომ ვთქვა, ეს ყველაფერი მიჭირს ან მაწუხებს არა რადგან, როცა შენი პროფესია გიყვარს გამორიცხულია, რომ გზამ ან მანძილმა შეგაწუხოს, მითუმეტეს შვილის დატოვება მიწევს. იქ სახლიც არ მაქვს და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჭიათურის თეატრი არის ჩემი ოჯახი, ჩემი მეორე სახლი, სადაც თითოეული ნივთი, ვიცი. არცერხთელ არც ერთ ქასთინგზე არ ვყოფილვარ, რადგან როცა ვუშვებ იმაზე ფიქრს, რომ შეიძლება ჭიათურის თეატრი დავტოვო, გამორიცხულია იქვე იკეტება ყველაფერი. ჭიათურის თეატრი ყველაზე მაგარი თეატრია ჩემთვის!
სცენაზე გასვლამდე რაიმე განსაკუთრებული ჩვევა ხომ არ გაქვთ?
– პირჯვარს ვიწერ და ყოველთვის, ღმერთს ვთხოვ ყველაფერი კარგად იყოს.
რა არის ის მთავარი განცდა, რომელიც მსახიობს სცენაზე გასვლისას ეუფლება, დღემდე ნერვიულობთ თუ არა სცენაზე გასვლის წინ?
– დღემდე ძალიან ვნერვიულობ. ნათქვამია, მსახიობს სცენაზე გასვლის წინ რა პულსაციაც აქვს ის პულსაცია, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჰქონდეს, ვერ გაუძლებს… გული გაგისკდება ამ დროს, როცა სცენაზე ფეხს დგამ და განათება ირთვება, ეს არის ყველაზე მთავარი და მაგარი შეგრძნება ამ დროს ყველაფერი გავიწყდება, სულ სხვა განზომილებაში გადადიხარ.
როგორია თამუნა ჯაჯანაშვილი მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან?
– როგორია? არ ვიცი, ეს ალბათ ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. ვცდილობ კარგი მეგობარი ვიყო, მე შემიძლია მათი ცხოვრებით ცხოვრება და ამით მგონი ყველაფერი ნათქვამია.
თამუნა,რა არის თქვენთვის ამ ქვეყნად ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანი?
– შვილი!
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ძალიან მინდა, რომ ცოტა მეტს მივაღწიო, უფრო პოპულარული გავხდე. საერთოდ თეატრის მსახიობები ამით დაჩაგრულები ვართ. ტელევიზიას კი ჯადოსნური ძალა აქვს, ერთხელ გამოჩნდები და ცნობადი ხდები რატომღაც ამდენ ხანს ამისი სურვილი არ მქონია, ახლა კი მაქვს.
ესაუბრა
სალომე აფხაზაშვილი