საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის და კავკასიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ტოშინობუ კატოსა და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გამახვილდა. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (JICA) ქართულ მხარესთან თანამშრომლობით კმაყოფილია.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის მშენებლობას აფინანსებს. ამ ეტაპზე, ზესტაფონი-ქუთაისის ახალ შემოვლით გზაზე მიმდინარეობს ცემენტ–ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის გზაზე კი 24 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა წელს დასრულდება (აღნიშნული მონაკვეთის 14.8 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობა უკვე გახსნილია). გასულ წელს ავტოტრანსპოპრტის მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი (17.3კმ) და ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის (14,7კმ) გზის 32 კმ-იან მონაკვეთზე გაიხსნა.