მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ჯერარდ შუმან ჰიცლერმა ხელი მოაწერეს 2 საფინანსო შეთანხმებას, რომელთა საერთო ბიუჯეტი 60 მლნ ევროს შეადგენს. შეთანხმების მიხედვით ევროკავშირის დახმარების 2014 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერის პროგრამისთვის გათვალისწინეულია 50 მლნ. ევრო და ევროკავშირის ინიციატივა “მეტი მეტისათვის” ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის მხარდასაჭერად 10 მლნ. ევრო.
ევროკავშირის აღნიშნული დაფინანსება მოხმარდება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის და ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განხორციელებას, კერძოდ მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერის 50 მილიონიანი პროგრამის მიზანს წარმოადგენს:
- მართლმსაჯულების სექტორის ადმინისტრირების სისტემის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის კონსოლიდაცია, ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დანერგვა და ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და სასამართლოს პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა.
შესაბამისი საჯარო უწყებების მხარდაჭერით, პროგრამა ხელს შეუწყობს ეფექტური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემას.
50 მილიონიანი დაფინანსებიდან, თანხის ძირითადი ნაწილი 30 მილიონი ევრო განხორციელდება ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში. საქართველო დაფინანსებას 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, ყოველწლიური ტრანშების სახით მიიღებს, ხოლო 20 მილიონი ევრო მოხმარდება პროექტების განხორციელებას ზემოთ აღნიშნულ სფეროებში.
ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდაჭერის პროგრამის 10 მილიონიან პროგრამა გამიზნულია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ისეთ მიმართულებების მხარდასაჭერად, როგორებიცაა: უმცირესობების უფლებათა დაცვა, სამართალდამცავი ორგანოების შიდა და გარე ზედამხედველობის გაძლიერება, შრომითი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
ხელმოწერის შემდეგ გაიმართა დავით ბაქრაძისა და ევროკომისიის დირექტორატის ხელმძღვანელს ჯერარდ შუმან ჰიცლერის ორმხრივი შეხვედრა. შეხვედრას, ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების დღის წესრიგისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისიწინებული პრიორიტეტების განხორციელების საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, ამ მხრივ, ევროკავშირის მიერ საექსპერტო დახმარების მნიშვნელობა. განხილული იქნა ევროკავშირის დახმარების შესაძლებლობები საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდასაჭერად, ასევე, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის სტრატეგიის ეფექტური განხორციელების მნიშვნელობას და აღნიშნულ საკითხებზე რეგიონებში ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობას.