საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის ხელმძღვანელობით ხორვატიაში გაემგზავრა. საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროკურორის დინკო ცვიტანის ოფიციალური მიწვევით ქალაქ ზაგრებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიზნით მომავალში ერთობლივი სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივი საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებთან.
საქართველოს მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ვიზიტის შედეგები უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვის მყარი საფუძველი გახდება.