არ აქვს მნიშვნელობა დროსა და ადგილს, ვფიქრობ ნიჭი არსად იკარგება და ალბათ, ყველგან შეძლებ აკეთო ის რაც მოგწონს, ხოლო ვისაც შენი ნიჭიერების შედეგის ნახვა სურს თავად მოგაგნებს… თბილ და მზიან დღეს ჩავუყევი მშრალ ხიდს „ისინი იქ დგანან’’ – ნიჭიერი მხატვრები, რამოდენიმე მათგანს „თბილისი თაიმსი’’ ესაუბრა.
მოგვიყევით თქვენზე პროფესიით მხატვარი ბრძანდებით თუ მოყვარული?
გოჩა ნარიმანიძე – პროფესიით მხატვარი გახლავართ, დამთავრებული მაქვს პედაგოგიური ინსტიტუტი ხატვა-ხაზვის ფაკულტეტი. მონაწილეობა მიმიღია, რამდენიმე ახალგაზრდულ გამოფენაში. ასევე ვმუშაობდი სამხატვრო კომბინატში. დროებით ვმოღვაწეობდი ლენინგრადსა და მოსკოვში. ვარ რუსეთის ფედერაციისა და მხატვართა კავშირის წევრი.
ლერი ელიაშვილი – დავამთავრე სამხატვრო აკადემია, პროფესიით გამოყენებითი ხელოვნების მხატვარი ვარ.
გიორგი გოგუა – პროფესიით მხატვარი ვარ, დამთავრებული მაქვს აკადემია.
რამდენი ხანია, რაც მშრალ ხიდზე ყიდით თქვენს ნამუშევრებს და ყველაზე დიდი დისკომფორტი აქ დგომისას რა არის თქვენთვის?
გოჩა ნარიმანიძე – 8 წელია რაც მშრალ ხიდზე ვარ. ვფიქრობ, მხატვრის ნამუშევარი უნდა იყიდებოდეს გალერეაში. თუმცა, ჩვენ უშუალოდ გვიხდება მყიდველთან კავშირი და მყიდველსაც უფრო ურჩევნია მხატვართან ჰქონდეს ურთიერთობა, ამ მხრივ კი გალერეას თავისი სახე აქვს. დისკომფორტი ის არის, რომ ქუჩაში დგახარ სამაგიეროდ, აქ უფრო მეტი მნახველი და მყიდველი მოდის, ფასზე მოლაპარაკებაც შეგიძლია.
ლერი ელიაშვილი – მხატვრისთვის დისკომფორტია, რომ არ აქვს საშუალება იყოს გალერეაში, იმუშაოს სახელოსნოებში, ეს საშუალებას მოგვცემდა მიგვეღო მონაწილეობა გამოფენებში. დღეს საერთო გაჭირვებამ გამომიყვანა მშრალ ხიდზე და უკვე 22 წელია რაც აქ ვმოღვაწეობ. არ გვაქვს არავითარი პირობები, სტენდებიც ჩვენ თვითონ დავაყენეთ.
გიორგი გოგუა – დაახლოებით, 22-23 წელია, რაც აქ ვმოღვაწეობ, დისკომფორტი არაფერია, თუ არ ჩავთვლით ამინდის ცვლილებას.
დღის განმავლობაში რამდენი ნახატის გაყიდვას ახერხებთ? დასამახსოვრებელი კლიენტი თუ გყოლიათ?
გოჩა ნარიმანიძე – დღის განმავლობაში ნახატს, რომ ვყიდდე მილიონერი ვიქნებოდი. შეიძლება კვირაში ერთი ან ორი ნახატი გაიყიდოს. რაც შეეხება, გამორჩეულ მყიდველს ეს იყო პატრიარქი, რომელმაც ჩემი 5 ნამუშევარი შეიძინა. ასევე საპატრიარქომ და ბიზნესმენებმა შეიძინეს პატრიარქისთვის რამდენიმე ნახატი. ჩინეთის კონსულმა დაახლოებით 5-6 ნახატი შეიძინა.ზოგადად, პარლამენტის წევრებიც და ბიზნესმენებიც დაინტერესებულან ჩემი ნამუშევრებით.
ლერი ელიაშვილი – ხანდახან გადის თვეები და არ იყიდება ნამუშევრები, მაგრამ ყოფილა მომენტებიც, როცა ზედიზედ რამდენიმეც გამიყიდია, საერთო ჯამში უკმაყოფილო ვარ, ტურისტი არ შემოდის და მყიდველიც არ არის. დასამახსოვრებელი იყო 4-5 შემთხვევა, რა თანხაც დავასახელე ნამუშევარზე, ის თანხა მომცეს შეუვაჭრებლად.
გიორგი გოგუა – როცა ნამუშევარს მოიტან, შეიძლება იმ დღესვე გაიყიდოს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ხანდახან მთელი თვეები არ იყიდება. რაც შეეხებათ, ცნობადებს აქ არ დადიან ცნობადები, აქ დადის მასა ეს „ბაზარია გრუბად’’ რომ ვთქვათ.
უნდა ყოფილოყო ვერნისაჟი მაგრამ ეს არის „ბაზარი იმიტომ, რომ ცხოვრებაა ბაზარი.’’ ფასების მხრივ, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი ნამუშევრები?
გოჩა ნარიმანიძე – იწყება 100 დოლარიდან და ადის 2000 დოლარამდე, მაგრამ ამ ფასად იშვიათად გამიყიდია.
ლერი ელიაშვილი – გააჩნია ნამუშევრებსა და ზომებს, ისე 50 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის.
გიორგი გოგუა – მაქვს პატარა ნამუშევრებიც და ფასიც შესაბამისია, ზოგადად 20 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე ადის.
ვინ არის თქვენი ძირითადი მომხმარებელი, თუ ინტერესდებიან უცხოელები თქვენი ნამუშევრებით და ძირითადად რომელი ქვეყნის ტურისტები აქტიურობენ?
გოჩა ნარიმანიძე – არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, უფრო მეტად ინტერესდებიან რუსები, გერმანელები და ამერიკელები, მაგრამ ძირითადი მომხმარებლები მაინც ქართველები არიან.
ლერი ელიაშვილი – ყველაზე კარგი მყიდველი არის რუსი, უკრაინელი და იშვიათად ამერიკელი. ძირითადი მომხმარებლები კი ქართველები არიან.
გიორგი გოგუა – უცხოელები არ ინტერესდებიან, და აქედან გამომდინარე ნამუშევრების მომხმარებლებიც ქართველები არიან.
ესაუბრა
სალომე აფხაზაშვილი