ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოების მთავრობებს და პარლამენტებს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯის – გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-60 სხდომაზე მიიღეს, რომელიც ბუდაპეშტში 15-18 მაისს გაიმართა.
საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე გააცნო.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ერთადერთი დეკლარაცია, რომელიც ასამბლეის მუშაობის ფარგლებში მიიღეს, ნატო-ს გაფართოებას შეეხებოდა და მნიშვნელოვანი წარმატება და წინსვლაა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით.
“ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაიწერა, რომლის თანახმადაც: საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს, განაგრძონ “ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის” იმპლემენტაციის მხარდაჭერა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯი, მიანიჭონ ქვეყანას გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოსთვის, რათა გაგრძელდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი, რაც ქვეყანას ნატოს სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას, ხელმძღვანელთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე და ირაკლი ჩიქოვანი წარმოადგენდნენ.