ქართული მოდის ასპარეზზე ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალბედა და ნიჭიერი დიზაინერი გამოჩნდა, რომელთა წარმატებების შესახებ ამბავს უცხოურ ჟურნალ -გაზეთებშიც კი შეიძლება წააწყდეთ. Mach&Mach არის ორი ქართველი დის – ნინა მაჭარაშვილისა და გვანცა მაჭარაშვილის, მიერ შექმნილი ბრენდი, რომელიც რამდენიმე წელია გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, ასევე აღსანისნავია ის ფაქტიც, რომ სწორეთ მათ მუშაობას და საქმიანობას “Fashion TV”-ის ჟურნალისტმა საინტერესო სტატია მიუძღვნა. “თბილისი თაიმსი” დაინტერესდა ახალგაზრდა დიზაინერების წარმატებებით, ბრენდის შექმნის ისტორიით და მათი სამომავლო გეგემებით. გთავაზობთ ინტერვიუს ნინა მაჭარაშვილთან.
გვიამბეთ ცოტა რამ თქვენი პიროვნების შესახებ…
– მეც და ჩემი დაც, გვანცა, ვართ ძალიან აქტიურები. მუდმივად სიახლის ძიებაში ვართ, რაც ჩვენი საქმიანობისთვის დამახასიათებელი თვისებაა. როდესაც ქმნი რაიმე ახალს აუცილებელია, მუდმივად იყო რაღაც ახლის ძიებაში…
როგორ შეიქმნა Manch&Mach და როგორ გაიხსენებთ სალონის დაარსების პირველ პერიოდს, რამდენად რთული და დაბრკოლებებით სავსე იყო გზა, რომელმაც დღემდე მოგიყვანათ?
– Mach&Mach შექიქმნა 2011-2012 წლებში. ჩვენი კომპანიის დაარსება განაპირობა იმან, რომ გვანცა პროფესიით დიზაინერია. მიუხედავად იმისა, რომ მე პროფესიით ექიმი ვარ, ძალიან მაინტერესებს ეს სფერო. თუმცა, მიუხედავად ამისა ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული კულტურულ ღონისძიებებში. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა საკუთარი ბრენდი. გზა რომელმაც დღემდე მოგვიყვანა ვერ ვიტყვი რომ ძალიან რთული იყო, მაგრამ რა თქმა უნდა იყო პატარა წინაღობები.
მუშაობის პროცესში როგორი ბრძანდებით?
– მუშაობის პროცესში ორივე ვცდილობთ საქმეში ჩავდოთ ჩვენი მაქსიმუმი. ასევე ვართ ძალიან კრიტიკულები ერთმანეთის მიმართ. ვმუშაობთ იქამდე სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ.
რამდენ მაღაზიას ფლობთ და თუ გეგმავთ გაფართოვებას?
ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მაღაზია გვაქვს, ფალიაშვილის ქუჩაზე. მომავალში რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ გავფართოვდეთ.
რამდენად მოთხოვნადია ქართველი დიზაინერების სამოსი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ?
– პირველ რიგში ვიტყვი, რომ მოდა ძალიან დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში. თუმცა ამ ეტაპზე, გარკვეული სეგმენტი ინტერესდება, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც.
მომგებიანია თუ არა ეს ბიზნესი საქართველოში და როგორია კონკურენცია ქართული მოდის ინდუსტრიაში?
– მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში ეს არის შემოქმედება და საკუთარი ფანტაზიის რეალიზება. როგოც ბიზნესი, ეს სფერო უკანა პლანზე დგას.
მინდა ავღნიშნო, რომ ქართული მოდის ინდუსტრიაში კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ძალიან ბევრი ახალბედა და ნიჭიერი დიზაინერი გვყავს, რაც ძალიან სასიხარულოა. მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას.
სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა თბილისის მოდის კვირეული, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ კვირეულს, თუ თანამშრომლობთ მათთან?
– ჩვენი ბრენდის დაარსების დღიდან საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ თბილისის მოდის კვირეულთან. ვიღებთ მონაწილეობას, როგორც ძირითად ჩვენებებში, ასევე შოუ რუმებში.
რაც შეეხება ბოლო მოდის კვირეულს შევაფასებდი დადებითად. პროექტმა ჩაიარა ძალიან საინტერესოდ. ჩამოსული იყო ბევრი უცხოელი სტუმარი და ჟურნალისტი. რაც დიზანერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ მოხვდა თქვენს შესახებ სტატია “Fashion TV”-ზე და რა შეიცვალა ამის შემდგომ Mach&Mach-ის საქმიანობაში?
– მოდის კვირეულის პერიოდში, ჩამოსული იყო Fashion TV-ის ჟურნალისტი, რომელიც არჩევდა დიზაინერს სტატიისთვის. მას მოეწონა ჩვენი ნამუშევრები და დაწერა ჩვენს შესახებ. ძალიან გაგვიკვირდა და გაგვიხარდა, როცა ვნახეთ ეს სტატია. ამის შემდგომ ძალიან ბევრმა შეიტყო ჩვენი ბრენდის შესახებ.
თქვენი სამოსით მხოლოდ ქართველი ქალბატონები იმოსებიან, თუ უცხოელი მომხმარებელისგანაც არის დაინტერესება?
– ქართული ბრენდები ძალიან დიდ დაინტერესებას იწვევს უცხოელ მომხმარებლებში. როდესაც საქართველოში ჩამოდიან და სტუმრობენ ჩვენს მაღაზიას, შემდგომში ისინი აუცილებლად ბრუნდებიან მეგობრებთან ერთად. რაც ძალიან სასიამოვნოა.
რომელია თქვენი საყვარელი დიზაინერი და რატომ?
– გამიჭირდება კონკრეტულად ერთი დიზაინერის დასახელება. თუმცა გამოვყოფ მაინ შანელს თავისი დიდი ისტორიითა და მიღწევებით. ეს მართლაც გამორჩეული ბრენდია.
თქვენი აზრით, რა არის საჭირო ქალისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს?
– წარმატების მისაღწევად მრავალი ფაქტორია საჭირო. ამ მრავალ ფაქტორთაგან, მნიშვნელოვანია – შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.
როგორც ივ სენ ლორანი ამბობს: „მოდა წარმავალია, სტილი კი უცვლელი,“ – თქვენი ჩაცმის სტილი, რომრლშიც სრულ კომფორტს განიცდით?
– ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. ვმუშაობთ კვირაში შვიდი დღე. დრო არ მაქვს იმისთვის, რომ ყოველდღიურად ვიფიქრო რას რა შევუხამო. ამიტომ, მაცვია მაქსიმალურად კომფორტულად. მაქვს რამდენიმე ერთმანეთის მსგავსი ჯინსი და მაისური. ასევე აქტიურად ვიცმევ ჩვენს მიერ შექმნილ სამოსს.
როგორ შეაფასებთ ქართულ ქუჩის მოდას, როგორ იმოსებიან ქართველები და რა გვაქვს გამოსასწორებელი?
– ქართულ ქუჩის მოდას აქვს, როგორც ბევრი დადებითი მხარე ასევე აქვს ბევრი უარყოფითი. დადებითი ის არის, რომ ძალიან კარგად ერკვევიან ტენდენციებში. ცუდი ის, არის რომ ქართველმა გოგონებმა და ბიჭებმა იციან ერთი კონკრეტული ტრენდის ამოჩემება. შედეგად მთელ ქალაქს აცვია ერთი და იგივე სტილის სამოსი. მაგრამ ზოგადა ვიტყვი, რომ ძალიან გემოვნებიანი მომხმარებელი გვყავს.
თქვენი ახალი კოლექციის შესახებ რას გვეტყვით? ერთი სიტყვით როგორ აღწერდთ მას?
– ჩვენი ახალი ზაფხულის კოლექცია მზადების პროცესშია. ამ ხაზში გამოვყოფ პასტელურ ფერებსა და საინტერესო კონსტრუქციებს. ერთი სიტყვით მას ვუწოდებდი- ჰაეროვანს.
Mach&Mach-ის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით….
– ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. სამომავლოდ ვფიქრობთ გაფართოებას და ჩვენი ნამუშევრების საზღვრებს გარეთ გატანას.
ესაუბრა
ნათია ლალიაშვილი