ავტომობილი, რომელიც ერთ დროს ფუფუნებად ითვლებოდა, დღეს უკვე ბევრისთის ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია, შესაბამისად მისი შეძენის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
შეიძლება ითქვას, რომ საქრთველოში მეორადი ავტომობილების შეძენის ბუმია, აქედან გამომდინარე ხშირად არის საუბარი სიცოცხლისათვის საშიშ ავტომობილებზე, რომელთა ტექნიკური დათვალიერებაც 2017 წლის ბოლომდე გადაიდო. საინტერესო და მნიშვნელოვანია პირველ რიგში, რა უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის არჩევის დროს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ მოვტყუვდეთ და არ ვიყიდოთ სწორედ სიცოცხლისათვის საშიში ავტომანქანა. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ მრბოლელი, რუსთავის ავტოდრომის დირექტორი – მევლუდ მელაძე ესაუბრა.
ზოგადად რა მარკის ავტომობილია საქართველოს ბაზრისთვის ყველაზე ხელსაყრელი?
– პირველ რიგში, დიდი შეცდომაა, როდესაც მომხმარებელი ავტომობილს არჩევს იმის მიხედვით, თუ რომელი ბრენდი ჯობია ზოგადად და არ ითვალისწინებს მთავარს, რისთვის სჭირდება მას ის, როგორ და სად უნდა იაროს, რა უნდა წაიღოს და რა არ უნდა წაიღოს თან, ზოგადად რამდენ ადამიანს უწევს მასთან ერთად მგზავრობა.
დღეს ძირითადად მაინც სამი ბრენდი ლიდერობს. ესენია: „მერსედესი“, „ბეემვე“ და „ოპელი“. მათი ნაწილები, როგორც ახალი, ისე მეორადი სახით, ძალიან ადვილად იშოვება, შესაბამისად ყოველთვის უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ისეთ ავტომობილს, რომლის ნაწილების ყიდვაც არ გაგვიჭირდება.
ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ხდება ავტომობილების იმპორტი?
– დღეს მაინც სამი ძირითადი წყაროა, საიდანაც ავტომობილები საქართველოში ხვდება. ესენია: ამერიკა, ევროპა და იაპონია. მათ შორის ყველაზე კარგი მაინც ამერიკის ბაზარია და ავტომობილების უმეტესობაც სწორედ იქიდან ჩამოდის. ასევე ძალიან კარგია იაპონიის ბაზარი, რადგან თითქმის ახალი ავტომობილის იაფიად შეძენა სწორედ იაპონიაში შეგვიძლია, ხოლო, რაც შეეხება ევროპას, ადრე ავტომობილების უმეტესობა ევროპიდან შემოდიოდა, დღეს კი ძალიან იკლო ამ ბაზარმა.
ყველაზე დაბალი გარბენით ავტომობილები მაინც იაპონიიდან ჩამოდის, რას ფიქრობთ არის თუ არა საეჭვო მათი გარბენის მაჩვენებელი? ხომ არ ხდება ე.წ. გარბენის მონაცემების ჩამოყრა?
– დიახ, ცალკეულ შემთხვევებში ხდება გარბენის მაჩვენებლის შეცვლა, თუმცა ამას მასშტაბური ხასიათი არ აქვს. იაპონიაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით სულ სხვა კულტურა და აზროვნებაა. ეს, რომ იყოს იტალია, მაშინ შეიძლება დაეჭვება, თუმცა იაპონიის შემთხვევაში ალბათობა მსგავსი ფაქტისა ძალიან დაბალია.
დღეს საქართველოში არსებობს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მთლიან სისტემას არეგულირებს, რას ფიქრობთ რამდენად ქმედითუნარიანია ამ კანონის არსებობა და ზოგადად ხდება თუ არა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკოლოგიის მხრივ?
– სამწუხაროდ დღეს ჩვენთან ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება არ ხდება და ის მინიმუმ ორი წლით გადაიდო, ხოლო რაც შეეხება კანონს, ის თავიდან ბოლომდე განახლებასა და მოდიფიკაციას საჭიროებს. კანონში არის ბევრი ისეთი გაუგებარი საკითხი, რომელიც ერთი მეორეს ეწინააღმდეგება. ყველაზე ცუდი კი არის ის, რომ მისი გამოყენება საერთოდ არ ხდება.
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ სიცოცხლისათვის საშიშ ავტომანქანებზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან დაჭრილი სახით საქართველოში ჩამოდის, ჩვენთან კი ხელახლა აწყობენ და ახლის ფასად ყიდიან. თქვენ რას ურჩვდით მყიდველს? როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი ფაქტისგან და არ მოვტყუვდეთ?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაზე კარგი ამერიკის ბაზარია და იქ მსგავსი ფაქტებისგან თავის დაცვაც მარტივია, რადგან ამერიკაში ნაყიდ ავტომობილს თავისი ისტორია და საიდენტიფიკაციო ნომერი, იგივე ვინ კოდი აქვს. ამ მხრივ იაპონია რთულია, რადგან მას მხოლოდ შეფასება აქვს.
რა საფრთხეს უქმნის ძველი და წყობიდან გამოსული მანქანა როგორც მომხმარებელს, ისე გარემოს?
– რა თქმა უნდა საფრთხე ძალიან დიდია. ჩვენ ისევ ტექდათვალიერებამდე მივდივართ, რომელიც აუცილებელი და საჭიროა, თუმცა მაინც არ არის ჩვენთან. ასევე მეორე პრობლემა კატალიზატორებია. მთელი ევროპა და ზოგადად მთელი მსოფლიო კატალიზატორებს აყენებს, რომელიც დიდი პროცენტით ახერხებს ავტომობილის გამონაბოლქვის გასუფთავებას და არც გარემოს აბინძურებს. სამწუხაროდ ჩვენთან არც ეს არ არის.
რამდენად უსაფრთხოა გაზის თანამედრო სისტემა და ზოგადად რას ფიქრობთ ღირს თუ არა მისი მონტაჟი?
– თუ გაზის სისტემას კარგ ბრენდს, კარგ სერვის ცენტრს დავაყენებინებთ შეიძლება ითქვას, რომ ის თავიდან ბოლომდე უსაფრთხო იქნება. ზოგადად ბენზინის ავზის აალების უფრო მეტი შემთხვევაა, ვიდრე გაზის. ხშირად ვამბობთ, რომ გაზის ბალონის სახით ავტომობილში ბომბი გვაქვს, თუმცა ეს მხოლოდ გაზის შემთხვევაში არ არის. ანალოგიური შეიძლება ითქვას ბენზინზეც. ასე, რომ მთავარია სისტემა კარგად იყოს დამონტაჟებული, რის შემდეგაც ის ბენზინზე უსაფრთხოა.
ძირითადად რომელი მარკის ავტომობილებზეა დღეს მოთხოვნა? რას ფიქრობთ ითვალისწინებს თუ არა ავტომობილის მყიდველი მის ეკოლოგიურობას?
– დღეს ძირითადად მოთხოვნა არის ჯიპებზე, დიდ ძრავიან ავტომობილებზე, რაც ძალიან ცუდია, თუმცა ეკონომიკური კრიზისის ფონზე თანდათან შეიმჩნევა ტენდენცია იმისა, რომ აქცენტი ეკონომიურობაზე კეთდება. ეს ჩვენდა უნებურად ხდება, ხოლო ეკოლოგის საკითხს რაც შეეხება, სამწუხაროდ მას არავინ ითვალისწინებს. ჩვენ არ ვზრუნავთ მასზეე, თუმცა თუ სახელმწიფო მექანიზმები ჩაერთვება მე ვფიქრობ, რომ პრობლემა ადვილად მოგვარდება. მაგალითად, თუ დიდ ძრავიანი ავტომობილების განბაჟება გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე პატარა ძრავიანის, ბუნებრივია მყიდველი უპირატესობას სწორედ პატარა ძრავს მიანიჭებს.
რას ურჩევდით მანქანის ყიდვის მსურველ ადამიანებს? რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რა უნდა გაითვალისწინონ ავტომობილის არჩევისას?
– პირველ რიგში ავტომობილი პრაქტიკულობს მიხედვით უნდა შეირჩეს. რა კონკრეტული დავალება უნდა ჰქონდეს ამ ავტომობილს, ხოლო ამის შემდეგ მოდის მისი დიზაინი.
დღეს ხშირად სწორედ ვიზუალის გამო ყიდულობენ ავტომობილს, ხოლო შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ეს ავტომობილი სრულიად მოუქნელი და არაკომფორტულია მათთვის. ასევე არ ერგება მათ ფინანსებს.
კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით მაინც გავევროპელდებით და შევიძენთ ისეთ ავტომობილებს, რომლებსაც არ აქვთ უზარმაზარი ძრავი. გარწმუნებთ, რომ ეს საერთოდ არ სჭირდება მას.
მთავარი ამოცანა არის ის, რომ ავტომობილი იყოს როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური.
ესაუბრა
ლაკო ბიტ-ბაბიკოვი