დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესპანელ მხატვარს აუგუსტო ფერერ დალმაუს უმასპინძლებს და ხელოვნებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს. შეხვედრას ესპანელი მწერალი ლუკას მოლინა დაესწრება.
საქართველოს მთავრობის მიწვევით, ესპანელმა მხატვარმა აუგუსტო ფერერ დალმაუმ ავღანეთში იმოგზაურა, საერთაშორისო მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იცხოვრა და გაეცნო მათ საქმიანობას. მხატვარმა ამ მოგზაურობას 24 ნახატი მიუძღვნა. ავტორის ინიციატივით, ნახატები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჩუქრად გადაეცემა.
აუგუსტო ფერერ დალმაუ მსოფლიოში ცნობილი ბატალისტია (საბრძოლო სცენების მხატვარი), სხვადასხვა ომების თემატიკაზე შექმნილი მისი ნამუშევრები საყოველთაოდაა ცნობილი. მისი ნახატები ევროპის სხვადასხვა მუზეუმშია ექსპონირებული.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 24 მაისს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MOMA, ცნობილი ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ დალმაუს ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე, რომელიც ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ეძღვნება, მოეწყობა ესპანელი მწერლის, ლუკას მოლინას წიგნის „Georgia in the Heart of Afghanistan“ პრეზენტაციაც.
გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.