სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, პრეტორიის ჰოსპიტალში იმყოფება. მას ფილტვების ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს.
ექიმების განცხადებით, მანდელას მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ სტაბილური და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ამჯერად მიერთებული არ არის. იმავე ინფექციის გამო მანდელა საავადმყოფოში აპრილშიც მოათავსეს და 10 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.
პარასკევს მდგომარეობის გაუარესების გამო მისი ჰოსპიტალიზაცია კვლავ აუცილებელი გახდა.
ნელსონ მანდელა სიცოცხლეშივე ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ გმირად აღიარეს.
პრეზიდენტობამდე იყო ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და აფრიკის ნაციონალური კონგრესის (ანკ) ლიდერი. მანდელამ ციხეში გაატარა 27 წელი საბოტაჟისათვის მას შემდეგ რაც ანკ იატაკქვეშეთში გადავიდა და შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო.
ციხეში გატარებული 27 წლის განმავლობაში მანდელა გახდა ანტიაპერტეიდის მოძრაობის და ზოგადად რასული თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო როგორც სამხრეთ აფრიკაში ასევე მის საზღვრებს გარეთ.
სამხრეთ აფრიკის მაშინდელი მთავრობა, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი ქვეყნები გმობდნენ მანდელასა და ანკ-ს ქმედებებს და მათ მოიხსენიებდნენ როგორც კომუნისტებს და ტერორისტებს.
1990 წელს ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მანდელამ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი ზომიერისაკენ, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკაში რასობრივი შუღლის შემსუბუქებას და დემოკრატიის დამყარებას.
ნობელის პრემიის ლაურეატი 18 ივლისს 95 წლის ხდება.
10.06.13