ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ორხან პამუკი მხარს უჭერს თურქ დემონსტრანტებს, რომლებიც თითქმის ორი კვირაა აწყობენ მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს თურქეთის ქალაქებში.
”ყველას, ვინც სტამბოლში ცხოვრობს, აუცილებლად აქვს ტაქსიმის მოედანთან დაკავშირებული დაუვიწყარი მოგონებანი, მე მესმის ამ ხალხის. მე პატივს ვცემ დემონსტრანტებს, მთელ მსოფლიოს ესმის მათი. თურქეთში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. ეს მოვლენები მე ძალიან მაღელვებს. მაფიქრებს თურქეთის მომავალი და ძალიან განვიცდი, რადგან ვერავითარ ნიშანს ვერ ვხედავ იმის მიმანიშნებელს, რომ მანიფესტანტებსა და მთავრობას შორის მშვიდობიანი გზით მიიღება რაიმე გადაწყვეტილება.” – იტალიური გაზეთისათვის მწერლის ინტერვიუს ციტირებას ახდენს თურქული ”Hurriyet”-ი.
”მე ვფიქრობ, რომ მთავრობა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ადგილას აპირებს ხეების გაჩეხვას და სავაჭრო ცენტრის განთავსებას, დიდ შეცდომას უშვებს. მე ვისურვებდი, რომ ხელისუფლება უფრო რბილად იქცეოდეს და აღწევდეს შედეგებს. ყველა ჩვენგანის ვალია გადავარჩინოთ ტაქსიმის მოედანი… მას მდიდარი ისტორია აქვს. მე მინახავს, როგორ დააბიჯებდნენ აქ კონსერვატორები, ნაციონალისტები, სოციალისტები, სოციალ-დემოკრატები, სამხედროები. ვიმედოვნებ, რომ ამჯერადაც ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება”, – ოპტიმისტურ ნოტაზე ცდილობს ინტერვიუს დამთავრებას მწერალი.
ორხან პამუკი აქამდეც ცნობილი იყო თავისი აზრების სითამამით – 2005 წელს მთავრობამ მასზე სარჩელი შეიტანა სასამართლოში, კრიტიკული გამონათქვამებისათვის თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგ მთავრობამ სარჩელი უკან გაიწვია.
10.06.13