ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი ფრენსის გარი, დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდა.
როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – ,,საქპატენტი” თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ფრენსის გარი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო WIPO-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმებას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა და ინტელექტუალური საკუთრების (IP) საგანმანათლებლო დაწესებულების დამკვიდრება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის დაარსების პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში. ერთობლივი პროექტების ფარგლებში სხვადასხვა ახალგაზრდული სამეცნიერო და სასკოლო კონკურსები იმართება.
განათლების სამინისტროს ცნობით, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების” (DCFTA) ფარგლებში.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყება, რომლის წევრი საქართველო 1991 წლიდან არის, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის, მომსახურების, ინფორმაციის და თანამშრომლობის გლობალური ფორუმია. 188 წევრ ქვეყანას WIPO ეხმარება დაბალანსებული საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი სისტემის შემუშავებაში, საზოგადოების არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბიზნეს მომსახურებას უწევს სხვადასხვა ქვეყნებს და ეხმარება დავების გადაჭრაში. ასევე, სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა სარგებელი მიიღონ ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით და სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების უნიკალურ ცოდნის ბანკებზე თავისუფალ წვდომას.