კრწანისის რაიონის გამგეობა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე. კონკურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის გადაწყვეტის საუკეთესო წინადადების გამოვლენა.
მერიის ინფორმაციით, განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნარიყალას ციხეზე გააკეთა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან, არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ნინო ღოღობერიძესთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ნიკა ანთიძესთან და არქიტექტორ-რესტავრატორებთან – ტარიელ კიპაროიძესთან, ზურაბ ვახტანგაძესთან და იოსებ ბანძელაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ნარიყალას ციხეს ბოლო სარესტავრაციო სამუშაოები ფრაგმენტულად გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაუტარდა, თუმცა, მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ეს ნაწილები ზიანდება. სწორედ ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება და საუკეთესო სარესტავრაციო პროექტის გამოსავლენად საჯარო კონკურსი ცხადდება. მნიშვნელოვანია, მაქსიმალური კონკურენცია იყოს, ამიტომ მოვუწოდებთ არქიტექტორ-რესტავრატორებს, საუკეთესო პროექტის შესარჩევად ჩვენს მიერ გამოცხადებული წესების შესაბამისად შემოიტანონ განაცხადები. აუცილებელია, ციხის აღდგენა მოხდეს მისი ისტორიული ღირებულებების შენარჩუნებით და ვიზიტორებისთვის უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი ადგილი გვქონდეს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, სარესტავრაციო სამუშაოები მომდევნო წლიდან დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტში დაფინანსება იქნება გათვალისწინებული.
IV საუკუნის ციხესიმაგრე ფრაგმენტულად (კედლების ზედა ნაწილები) გასული საუკუნის 90-იან წლებშია აღდგენილი, თუმცა, მისი ახლანდელი მდგომარეობა მძიმე ავარიული და საფრთხის შემცველია. თითქმის დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში მოქცეული კოშკები. აუცილებელი სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებებია შესასრულებელი ნარიყალას თითქმის ყველა კედელ-ბურჯზე.
საპროექტო დოკუმენტაციით განისაზღვრება რეაბილიტაციის მიმართულებები, რაც ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველია.
საკონკურსო პირობების მიხედვით, ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე, მეთოდოლოგია უნდა მოხდეს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
კონკურსანტმა, სხვა სავალდებულო დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ, მათ შორის, შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალი ამა თუ იმ პროექტში საკუთარი პოზიციის მითითებით. მან, ასევე, უნდა წარმოადგინოს სადემონსტრაციო მასალა: ძეგლის არსებული მდგომარეობის აღწერა, ფოტოფიქსაცია, დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შეფასება; ძეგლის დაზიანებებისა და არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოვლენილი ვითარების ანალიზზე დაყრდნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიის განსაზღვრა და კონცეფციის შემუშავება, რეკომენდაციები დაზიანებათა აღმოფხვრისათვის.
კონკურსში მონაწილეთა შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით მოხდება:
- სპეციალისტის კვალიფიკაცია – 0,4;
- საკონკურსო წინადადება (სადემონსტრაციო მასალა) – 0,4;
- საკონკურსო წინადადების ფასი – 0.2.
საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2015 წლის 15 ივნისია.
გამარჯვებულ კონკურსანტთან დაიდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს მიმწოდებლის მიერ ჩასაბარებელი საბოლოო პროდუქტის – კვლევითი-საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებას, რომლის ზუსტი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.