ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ მოუწოდებს პროკურატურას, ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელის მიმართ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებული კითხვების თაობაზე დაინტერესდეს!
დღეს საქართველოში საბანკო სისტემა ერთ–ერთი ყველაზე გამართულად ფუნქციონირებადი სფეროა, რაზეც ფინანსურ სექტორში აქტივების 90%–ზე მეტი მოდის, შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკა მეტწილად ბანკებზეა დამოკიდებული, სწორედ იმიტომ, რომ ამ სექტორის ფუნქციონირება არ შეფერხდეს, მისი მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.
„სახალხო ბანკის“ აქციების უკანონო გასხვისება ერთ–ერთია, რაც გიორგი ქადაგიძის სახელს უკავშირდება, როცა ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. კერძოდ, 2008 წლის 29 დეკემბრისათვის, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანო იყო, რომელიც ახორციელებდა ზედამხედველობას საფინანსო სექტორზე.
„აფბას“ ვიცე პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, საქმე ეხება 2008 წლის 28 დეკემბერს, ოფშორული კომპანია „ევროოილის“ მიერ ს.ს. „საქართველოს სახალხო ბანკის“ აქციების 89%–იანი პაკეტის შეძენას. – „როგორც გაირკვა ეს იყოს კომპანია, რომელიც დაფუძნებული იყო ოფშორულ ზონაში გაერთიანებულ სამეფოში და რომელსაც საბანკო საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობის გამოცდილება არ გააჩნდა. მოგეხსენებათ, რომ კომერციული ბანკების აქციების გასხვისებაზე კონტროლი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ევალებოდა, რომელსაც იმ პერიოდში გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა. კანონში ეროვნული ბანკის შესახებ წერია, რომ კომერციული ბანკის წილის შემძენი პირები, თუ ამ ბანკის კაპიტალის 10, 25, ან 50 პროცენტზე მეტს შეიძენენ, ვალდებულნი არიან შეავსონ და ეროვნულ ბანკში წარადგინონ შესაფერისობის დეკლარაცია, სადაც დეტალური ინფორმაციაა წარმოდგენილი დეკლარანტის (შემძენის) შესახებ. აღნიშნული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკი ერთი თვის ვადაში თანხმობასთან ან შესაბამისი ოპერაციის არ განხოციელებასთან დაკავშირებით აცნობებს პასუხს დეკლარანტს, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “სახალხო ბანკის” გასხვისებისას ოფშორულ “ევროოილს” შესაფერისობის დეკლარაცია საერთოდ არ წარუდგენია საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში, ბუნებრივია იბადება კითხვა, ჰქონდა თუ არა კანონდარღვევას ადგილი“ – აცხადებს გულბანი.
მისივე თქმით ცხადია, რომ პასუხისმგებლობა მაშინდელი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელს ეკისრება, თუმცა დღეს რატომღაც დუმს როგორც ხელისუფლება, ისე პროკურატურა. – „მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არსებობს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომლის შემდგენი გახლავთ ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი. აღნიშნულ დადგენილებაში ნათლად არის დაფიქსირებული, რომ სს „სახალხო ბანკის“ აქტივების გასხვისება მოხდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოხელეთა მიერ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით, რაც დადასტურებულია აქციონერთა ჩვენებებით“ აღნიშნავს შოთა გულბანი საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრეს–კლუბში გამართული ბრიფინგისას.