ამბობენ, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე დიდი ინვესტიციააო.მეც ვეთანხმები ამ აზრს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც ადამიანს საკუთარი წინსვლისა და წარმატებული მომავლის შექმნისთვის შეუძლია. ნებისმიერი საქმის, წამოწყების, სფეროს, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო საქმიანობის წარმატების წინაპირობა სწორედ განათლებული ადამიანი და მისი პროგრესულად აზროვნებაა. არ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ გამართლებაზე დაფუძნებული კარგი მომავალი, შრომისა და სწავლის გარეშე არც თუ ისე დიდი მიზნების მიღწევაა შესაძლებელი. განათლებაში ინვესტიციის ჩადება, იდეაში, სახელმწიფოსთვისაც ყველაზე მომგებიანია – ეს ჭკვიანი, შრომისუნარიანი, მოაზროვნე, ენერგიული და მოტივირებული მომავალი თაობის გარანტიაა, რომელსაც მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებების მოხდენისა და ახალი იდეების დამკვიდრების უნარი შესწევს. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ამის გააზრება საკმაოდ რთული და პრობლემური აღმოჩნდა. სახელმწიფო თავისივე კეთილდღეობისთვისაც კი ვერ იმეტებს შესაბამის თანხებს და განათლების სფეროს განვითარება სულ უფრო შორეულ სამომავლო პერსპექტივად იქცა. არადა პირიქით, სწორედ ეს სფეროა განვითარების უპირველესი გარანტი. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, გვიღირს კი, ჩვენს ქვეყანაში განათლებაში ინვესტიციის ჩადება? ღირს ამ საქმეში კოლოსალური თანხების გადახდა მაშინ, როდესაც შესაბამისი შედეგის მიღება უბრალოდ წარმოუდგენელია?
განათლება ადამიანის მიერ ფიზიკური, მორალური და ინტელექტუალური უნარ-ჩვევების განვითარებაა. განათლების მიღების ძირითადი გზა, რა თქმა უნდა, სწავლაა. ადამიანები სწავლის მრავალ ფორმას მიმართავენ, მათ შორის ერთ-ერთია თვითგანათლებაც. ეს, შეიძლება, საკმაოდ ნაყოფიერ მიმართულებადაც ჩაითვალოს – ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა, მრავალი არასტანდარტული საკითხით დაინტერესება, გაგება იმისა, რასაც სხვა არავინ გაგაგებინებს და ა.შ. ამ დროს არც არავიზე ხარ დამოკიდებული და უსაზღვრო ინფორმაციაც მთლიანად შენს ხელშია, თუმცა დღეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უპირატესობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას ენიჭება.
საგანმანათლებლო დაწესებულებათა რამდენიმე ფორმა არსებობს, თუმცა მათ შორის სამი ძირითადი გამოიყოფა: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება (სკოლა, გიმნაზია, ლიცეუმი, კოლეჯი) და უმაღლესი განათლება (ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, აკადემია). თითოეული მათგანი არის ორგანიზებული სისტება, რომელიც შესაბამისად უდგება თითოეულ მოსწავლესა თუ სტუდენტს. ისინი ერთმანეთისგან მნიშვნელოვანი მახასიათებლებით განსხვავდებიან, თუმცა ყველას მთავარი იდეა მაინც ერთია – მათ მაქსიმალურად უნდა იბრძოლონ იმისათვის, რომ განათლების მიღების ნებისიერ მსურველს სწავლისა და განვითარებისთვის საუკეთესო პირობები შეუქმნან.
განათლების მისაღებად მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა არ არის საკმარისი. ზოგადად, ყველა აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლად, ის არის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი. შესაბამისად, ადამიანის წარმატებულ სწავლაზე შინაგანი მოტივაციაც გადამწყვეტად მოქმედებს. ის მოიცავს მოსწავლის ქმედებისა და ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და გარე (გარემო) სტიმულებზე საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ. მოტივაცია შეიძლება განიმარტოს, როგორც სასურველი მიზნის მიღწევისკენ მიმართული პროცესი. თუ ჩვენი მიზანია სწავლა, ჩვენ ვისწრაფით ამ მიზნის მიღწევისკენ, თუმცა მოტივაციის ცვლილებას ჩვენი საბოლოო დანიშნულებისკენ სწრაფვის შესუსტება/გაძლიერებაც შეუძლია. რაც უფრო მოტივირებულია მოსწავლე, მით მეტია სწავლის ხარისხიც. რაც უფრო დაბალია მისი მოტივაცია, მით უფრო იკლებს სწავლის ხარისხიც. სწავლის მოტივაციაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ბაღში ლექსის დაზეპირებისთვის ბავშვისთვის მოტივაცია თუ, მაგალითად, შოკოლადია, სკოლაში სწავლის დროს, შესაძლოა, მოსწავლის მოტივაციაზე გავლენა კარგმა დაფამ ან თანამედროვე აღჭურვილობამ მოახდინოს. რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო იზრდება მისი მოლოდინებიც და იმ ფაქტორების სიაც, რომლებიც მის მოტივაციაზე დადებითად ან უარყოფითად მოქმედებენ.
მაგალითად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ავიღოთ. ამ შემთხვევაში სტუდენტის სწავლის მოტივაციაზე ზემოქმედება, მასში პოზიტიური თუ ნეგატიური დამოკიდებულებების აღძვრა მრავალ ფაქტორს შეუძლია. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს შეიძლება, იყოს სასწავლო გარემო, სწავლების ხარისხი, ადმინისტრაციის მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა, დაუფასებელი შრომა, არასათანადო თეორიული ცოდნის მიწოდება, პრაქტიკული სამუშაოების, კვლევების, ექსპერიმენტების ნაკლებობა, საუნივერსიტეტო ცხოვრება და ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სახელმძღვანელოებისა და გაცვლითი პროგრამების არსებობა/არარსებობა, საქმის მიმართ ლექტორის გულგრილი ან არაპროფესიონალური დამოკიდებულება, უსამართლობა და შეფასების არაობიექტური სისტემა, თავისუფალი აზრის შეზღუდვა და კიდევ მრავალი სხვა.
„თბილისი თაიმსი“ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. ჩვენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ვესაუბრეთ და მათ ვთხოვეთ, კრიტიკული თვალით შეეხედათ უნივერსიტეტის მიერ მათთვის შეთავაზებული სასწავლო პირობებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ იმის გამო, რომ მათი სახელი და გვარი ანონიმურად არ დარჩებოდა, ბევრმა სტუდენტმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მიზეზი მრავალგვარი იყო: „არ მინდა, მაინც მოვერიდები, რა იცი რა ხდება“, „ძლივს სწავლას ვამთავრებ და კიდევ შარის თავი მაქვს?!“, „დიდი სიამოვნებით ვიტყოდი ბევრ რამეს, მაგრამ ანონიმური თუ არაა, არ გავრისკავ“ და სხვა მრავალი, თუმცა ყველა მათგანს გაურკვეველი შიშის გრძნობა თუ ზედმეტი პრობლემებისგან თავის არიდება აერთიანებდა. რატომ ეშინიათ სტუდენტებს პროტესტის გამოთქმის და კრიტიკული აზრის დაფქსირების? რა რისკზეა საუბარი? ასეთი კომენტარები უკვე ეჭვქვეშ აყენებს უნივერსიტეტების პოლიტიკას, რადგანაც ამდენი ბავშვი ერთდროულად კომენტარის გაკეთებას უმიზეზოდ თავს არ აარიდებდა – დემოკრატიულ ქვეყანაში ისინი თავიანი პოზიციის დაფიქსირებაზე ამბობენ უარს და ეს საგანგაშო თუ არა, უცნაური მაინც არის. ნორმალურ სახელწიფოში, სადაც ადამიანების უფლებები დაცულია და მათ გარკვეული გარანტიები აქვთ, ასე არ ხდება. როგორც ჩანს, ჩვენთან ყველაფერი ფორმალურადაა და, ამ შემთხვევაში, სტუდენტები გახსნილად საუბარს მაინც ვერ ბედავენ. აღსანიშნავია, რომ მათ ბევრი სათქმელი და შეფასების დიდი სურვილი ჰქონდათ, მაგრამ მაინც თავს იკავებდნენ. ამ სიტუაციამ დამაფიქრა და მივხვდი, რომ ზოგიერთი მათგანი იდენტიფიცირების შემთხვევაში ბოლომდე გულწრფელი ვერ იქნებოდა, ჩვენ კი თქვენთვის რეალური სურათის ჩვენება გვსურდა. შესაბამისად, თავდაპირველ ჩანაფიქრს გვერდი ავუარე და მათ, ვისაც სახელისა და გვარის დაფიქსირება აბრკოლებდათ, ანონიმურობის შენარჩუნებაზე დავთანხმდი.
ახლა სწორედ ამ სტუდენტების პრობლემების ჩამონათვალს გაეცნობით. ისინი თავიანთ აზრს აფიქსრებენ, არსებულ სიტუაციას აღწერენ და კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც ასახელებენ. ჩამონათვალი ძალიან დიდი და მრავლისმომცველი აღმოჩნდა, ასეთს ნამდვილად არ ველოდი. თავადაც ნახავთ, რომ აღწერილი სურათი არც თუ ისე სახარბიელოა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იურიდიული ფაკულტეტი (III კურსი) თსუ-ის სენატის (მმართველი წარმომადგენლობითი საბჭოს) წევრისტუდენტური თვითმმართველობის წარმოამდგენლობითი საბჭოს წევრი (ოპოზიციურად განწყობილი უმრავლესობის მიმართ) “პირველ რიგში, დავიწყებ უნივერსიტეტში არსებული სუსტი ინფრასტრუქტურით, დაობებული კედლებით, გათბობის გაუმართავი სისტემით, მაღლივ კორპუსში ზოგიერთ აუდიტორიას ფანჯრის პრობლემაც კი აქვს. ივენტარი ძველია, თუმცა მაინც არაუშავს.
საპირფარეშოები ყველგან მოუწესრიგებელია, ამ მხრივ საშინელი მდგომაროებაა. მეორე კორპუსის ქვედა სართულები დატბორილია და ამის მოსაწესრიგებლადაც დიდი თანხაა საჭირო. მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი იყო საგნების არჩევის ტექნიკა, თუმცა ბაზა ტექნიკურად გაიმართა და ძალიან დაიხვეწა მას შემდეგ, რაც უნიევრსიტეტმა ახალი ინტერნეტ სერვერი შეიძინა. დიდი პრობლემაა ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების ინვენტარით, რეაქტივებითა და საკვლევი მასალით მომარაგება, რაც ასევე ძალიან ძვირი ღირს. 40-50 წლის წინ აშენებული შენობები არასდროს გარემონტებულა, რაც გაუსაძლის პირობებს ქმნის.
ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ რემონტდება ეს სივრცეები. პასუხი მარტივია – უნივერსიტეტს არ გააჩნია არანაირი დაფინანსება, მათ შორის არც საბიუჯეტო, და მისი არსებობა დამოკიდებულია მხოლოდ სტუდენტის მიერ გადახდილ სწავლის საფასურზე, რომელიც წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. ეს თანხა მხოლოდ აკადემიური და ადმინისტრაციული კადრების ხელფასებს და უნივერსიტეტის ტექნიკურ, კომუნალურ გამართვას ძლივს ჰყოფნის. შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსებისა და სუბსიდირების გარეშე ამ შენობების გარემონტება შეუძლებელია. უნივერსიტეტი უკვე წლებია ითხოვს დახმარებას და არსებული მდგომარეობის გამო სტუდენტები ხშირად გამოხატავენ პროტესტს.
უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, პოლიტიკაში მოსვლამდე, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქველმოქმედების სახით გაარემონტა. დაგეგმილი იყო დანარჩენი 11 კორპუსის გარემონტებაც, თუმცა, მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ეს გეგმები შეუსრულებელი დარჩა. უნივერსიტეტი მადლობელია პირველი კორპუსის გარემონტებისთვის და ახლა ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას. უდიდესი პრობლემაა თსუ-ს სტუდქალაქი, რომელიც ბაგებში მდებარეობს. ის 40 წლის წინ არის აშენებული და ისიც ჯერ არ გარემონტებულა.
აქ ნამდვილად გაუსაძლისი პირობებია. თითო სართულზე მოქმედებს მხოლოდ ერთი სველი წერტილი, რომლითაც 100-მდე სტუდენტი სარგებლობს.
ასევე 100-მდე სტუდენტზეა გათვლილი სართულზე არსებული 2 ონკანი, რადგანაც ოთახებში წყლის საშუალება არაა. ასევე შეინიშნება ჩამონგრეული კედლები, ჭერი და კუსტარული გაყვანილობა, რომელიც ხშირად ფეთქდება.
რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს ცხოვრება ასეთ მძიმე პირობებში უწევთ. როცა ან რეგიონში დაბრუნებას, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასა და მსგავს პირობებს შორის არჩევანის გაკეთება ფინანსური პრობლემების გამო გიწევს, ზოგიერთი დარჩენას და გაჭირვებით თავის გატანას ამჯობინებს.
მეც ამ სტუდქალაქში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი, რა სიტუაციაა.
თუმცა, მძიმე პირობების მიუხედავად, ზოგისთვის აქ მოხვედრა ძალიან კარგი შანსია. მოთხოვნა დიდია, თავისუფალი ადგილები კი აღარაა.
თვეში 30 ლარს ვიხდით, დენი უფასოა, წყალი, როგორც აღვნიშნე, ოთახში არ გვაქვს. გაზი და ცენტრალური გათბობა კი, რა თქმა უნდა, არაა. უნივერსიტეტს არც ამის გამოსწორებისთვის საჭირო სახსრები გააჩნია.
ძალიან დიდი პრობლემაა უნივერსიტეტის მიმართ სისტემური დანაშაულები, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც გრძელდება. ეს გულისხმობს უნივერსიტეტის ტერიოტრიების გასხვისებას და ჩამორთმევას, რაც ასუსტებს საქართველოს ნომერ პირველ უნივერსიტეტს. მაგალითად, ბაგებში 5 კორპუსიდან ყველაზე დიდი 3 კორპუსი უნივერსიტეტს ჩამოერთვა და მფლობელობაში მხოლოდ 2 მცირე კორპუსი დარჩა. ჩამორთმევის შემდეგ უნივერსიტეტს არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. ეს დანაშაულებები ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. უნივერსიტეტში ასევე მძიმე პრობლემაა ბიუჯეტის თანხების გაუმჭვირვალე განკარგვა როგორც ადმინისტრაციის, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან. ამ ფაქტს სტუდენტები ხშირად აპროტესტებენ. ამავდროულად, გამოცხადებული კონკურსების შედეგები, ხშირად, საეჭვოა, რადგანაც მათი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. სტუდენტის უფლების დამცველი აქტიური ჯგუფები ხშირად ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც სტუდენტი უნივერსიტეტში გაბატონებული სხვადასხვა კლანის მსხვერპლი ხდება. ასეთი კლანი მრავალია, ისინი მცირე დაჯგუფებების სახით ფუნქციონირებენ და აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ სივრცეში გავლენების მოპოვება-გაფართოებას, სხვადასხვა თანამდებობებისა და კანდიდატურების დაკავებას ცდილობენ. ამის გამო, ხშირად ვაწყდებით სტუდენტების ჩაგვრას, მათ დაბლოკვას სამეცნიერო საქმინობებში და ა.შ.
ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებთან გამკლავება გვიწევს, რადგანაც სისტემურ ცვლილებებზე ხელი არ მიგვიწვდება, ამასთან დაკავშირებით მზაობა ადმინისტრაციისა და საერთო ხელმძღვანელობის მხრიდან უნდა მოდიოდეს. მიუხედავად მძიმე სიტუაციისა, უნივერსიტეტში დადებითი ცვლილებებიც ხორციელდება, თუმცა ძალიან ნელი ტემპით. ჩემი აზრით, უნივერსიტეტი უნდა იღებდეს საბიუჯეტო დაფინანსებას ისევე, როგორც ეს ევროპუმრავლეს ქვეყანაში ხდება. შეუძლებელია, სამეცნიერო მუშაობა წარმოებდეს იმ მიზერული თანხით, რომელიც კომუნალურ გადასახადებს ძლივს ფარავს. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება ის სულ მალე შეძლებს ამ პრობლემების აღიარებას და საქართველოს პირველ უნივერსიტეტს მის მოგავრებაში დაეხმარება – ისევ და ისევ ქვეყნის საკეთილდღეოდ.”
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერება. (I კურსი) “უნივერსიტეტში უამრავი პრობლემა არსებობს, იქნება ეს სასწავლო პროცესთან, ადმინისტრაციასთან თუ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები. სტუდენტები აცნობიერებენ ამ პრობლემებს, თუმცა, ხშირად, არასწორად ეძებენ მათი მოგვარების გზებს. არცთუ ისე იშვიათად, ადმინისტრაციის მიმართ ისმის პრეტენზიები იმ საკითხებზე, რომლებიც, რეალურად, ხელისუფლების მოსაგვარებელია და პირიქით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოკლებულია იმ ძირითად საქმიანობასა და ფუნქციას, რასაც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ჰქვია. უნივერსიტეტს არ აქვს ფინანსურ-ადმინისტრაციული სახსრები, აწარმოოს ისეთი კვლევითი ღონისძიებები, რომლებიც სტუდენტს პროფესიული განათლების ამაღლების საშუალებას მისცემს. დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაქრობრივად, სტუდენტის მიერ გადახდილი თანხით არსებობს, რაც კლავს იმის შესაძლებლობას, რომ აქ სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობდეს. შესაბამისად, უნივერსიტეტი აგრძელებს არსებობას და არა მის შესაბამის საქმიანობას.
რა არის ამის მიზეზი? – უნივერსიტეტს არ გააჩნია პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება. ჩვენ თუ გადავხედავთ ევროპის თუ განვითარებული აზიის ქვეყნების უნივერსიტეტებს, ვნახავთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები პირდაპირ საბიუჯეტო გზით ფინანსდებიან. ბაზისური დაფინანსება ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან თანხებს იღებს პირდაპირი, ბიუჯეტში გაწერილი გზით. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსების არარსებობას უკავშირდება, ინფრასტრუქტურული პრობლემებია. ხშირად, სტუდენტები საუნივერსიტეტო კორპუსებში არსებული პრობლემების გამო საყვედურს ადმინისტრაციის მიმართ გამოთქვამენ. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარება უნივერსიტეტს საკუთარი ძალებით და შეზღუდული ბიუჯეტით არ შეუძლია.
გასულ წელს უნივერსიტეტის რექტორმაც მოითხოვა პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, თუმცა მოთხოვნა დღემდე არ დაკმაყოფილებულა. შესაბამისად, უნივერსიტეტი ისევ მოკლებულია სამეცნიერო კვლევებს, კონფერენციებს, სემინარებს, ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ მოუგვარებელია და ა.შ. დღეს, ფაქტობრივად, მხოლოდ უნივერსიტეტის პირველი კორპუსი არის კარგ მდგომარეობაში და შესაბამისად აღჭურვილი, ისიც რამდენიმე წლის წინ „ქართუ ჯგუფის” მიერ გარემონტდა. იგეგმებოდა მეორე კორპუსის გარემონტებაც, თუმცა მისი კაპიტალური რემონტი კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. 12 საუნივერსიტეტო კორპუსიდან მხოლოდ 2-3 თუ აკმაყოფილებს ინფრასტრუქტურულ მინიმალურ სტანდარტებს. სერიოზული პრობლემებია მაღლივის საუნივერსიტეტო კომპლექსთან და, განსაკუთრებით, ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით. ბიბლიოთეკის წიგნის საცავებში წყალიც კი ჩადის, წიგნები ზიანდება და, დროთა განმავლობაში, პრობლემები უფრო და უფრო ღრმავდება.
უნივერსიტეტს კი მისი მწირე ბიუჯეტით მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარება შეუძლია. უნივერსიტეტი და მისი პრობლემები რომელიმე ბიზნესმენის კეთილი ნებისა თუ სახელმწიფო დაფინანსების მოლოდინშია.”
იურიდიული ფაკულტეტი (III კურსი)
სამოქალაქო ურთიერთობების კარი – „თაობა“
“უნივერსიტეტში არის ადმინისტრაციული ხარვეზები. ასევე არის ბაზების პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ გვარდება. მნიშვნელოვანი საკითხია სტიპენდიის გაცემა – ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ქულა ენიჭება სერთიფიკატებსა და დიპლომებს, რაც არ არის სწორი. ადამიანმა, რომელიც მუდმივად ტრენინგებზე დადის, შეიძლება, გადაუსწროს მას, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. პირობითად რომ ავიღოთ, თუ ერთ სტუდენტს აქვს 95 ქულა და მეორე სტუდენტს აქვს 93 და სერთიფიკატები, უპირატესობა მეორე სტუდენტს მიენიჭება. სინამდვილეში, ამ სერთიფიკატებისა და დიპლომების გაცემა ძალიან ყალბად ხდება და ამასთან დაკავშირებით ბევრი ფაქტის გაირკვა.
მაგალითად, სტუდენტი თავისი მშობლის ორგანიზაციის მიერ გაცემული სერთიფიკატით სარგებლობს, რაც დიდ პროტესტს იწვევს. ასევე დიდი პრობლემაა სტიპენდიების რაოდენობა – იურიდიული განხრით არის, დაახლოებით 117 ადგილი მაშინ, როდესაც ამ ფაკულტეტზე რამდენიმე ათასი ბავშვი სწავლობს. ასეთივე სიტუაციაა ჰუმანიტარულ, სოციალურ-პოლიტიკურ და სხვა ფაკულტეტებზე. სტუდენტებს აქვთ პრეტენზია, რომ სტიპენდიანტთა რიცხვი გაიზარდოს, რადგანაც, რეალურად, ფინანსურად ამის საშუალება არსებობს. პროტესტის ერთადერთი ფორმა, რასაც დღემდე სტუდენტები მიმართავენ, არის მხლოდ სოციალური ქსელის საშუალებით დაწერილი სტატუსები, რამდნეიმე ბლოგზე გამოქვეყნებული საპროტესტო სტატია, რაიმე შეკრება ან კონფერენცია დღედე არ ყოფილა, თუმცა ბევრს, და მათ შრის მეც, აქვს დიდი სურვილი, რომ ჩატარდეს შეხვედრა ბატონ ლადო პაპავასთან დაყველამ არსებული ხარვეზების შესახებ ვისაუბროთ. ასევე პრობლემურია გამოცდების გადატანასთან და აღდგენასთან დაკავშირებით არსებული საკითხები. არ არსებობს არანაირი რეგულაცია – მაგალითად, მე ახლა ბაქოში რომ მივდვარ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე და მივყვები საქართველოს ეროვნულ კომიტეტს, განცხადებისა და ყველანაირი ცნობის მიუხედავად, ჩემთვის მაინც არ გადააქვთ გამოცდა. შეღავათია მხოლოდ მაშინ, თუ მართლა კვდები. ასევე მნიშვნელოვანია ქულის გაპროტესტება – როდესაც სტუდენტს ლექტორის მიერ დაწერლი ქულა არ აკმაყოფილებს და აინტერესებს, რაში დააკლდა ნიშანი, ის ასაჩივრებს, მაგრამ მიღებული პასუხი არ არის სრული. ის ვერ იგებს, კონკრეტულად რაში დააკლდა ქულა, რადგანაც ლექტორი სათანადო ახსნა-განმარტებას არ წერს. პრობლემურია ინფრასტრუქტურაც – პირველი კორპუსის გარდა აწყობილი ინფრასტრუქტურა არსად არ არის – ისეთი სიტუაციაა, რომ სწავლის სურვილიც კი გაგიქრება. ბიბლიოთეკაც პირველი კორპუსის გარდა არსად არ არის კეთილმოწყობილი და სხვა კორპუსში მყოფი სტუდენტები მუდმივად გამოთქვამენ ამის გამო პროტესტს. მათ უნივერსიტეტში მისვლა აღარ უნდათ იმის გამო, რომ გარემო არ ქმნის სწავლის განწყობას. ასევე უნივერსიტეტს არ აქვს თავისი კვების ობიექტი და სტუდენტებს ძალიან მცირე შესვენებებზე მუდმივად უწევთ ცოტა შორს წასვლა, რაც მერე ხდება ან დაგვიანების ან გაცდენის მიზეზი.”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბიზნეს ფაკულტეტი (IV კურსი) “დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას განათლების დონის დაბალი მაჩვენებელი წარმოადგენს. მოცემული მდგომარეობის მიზეზი არის საზოგადოება, მთავრობა, ინდივიდი, რომელიც არ რეაგირებს იმ მიმართულებით, რომ რაიმე შეიცვალოს. ძირითადი პრობლემა მდგომარეობს სასკოლო და საუნივერსიტეტო დონეზე არსებული საგანმანათლებლო სისტემისა და პროგრამის თვალსაზრისით. (ასევე იგულისხმება არაპროფესიონალი კადრები). თუმცა, ამჟამად ვისაურებ კონკრეტულ სახელმწიფო სასწავლებელზე, სადაც გარკვეული სახის პრობლემები მნიშვნელოვნად იკვეთება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს დაფუძნდა და 9 წლიანი სამუშაო ციკლის პირობებში, საკმაო პოპულარობით სარგებლობს. საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული სასწავლო პროგრამა და შესაბამისი პოლიტიკა კარგი მიმართულება არის და მნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ უნივერსიტეტმა მსგავსი გეზი აიღოს. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ მიმართულების და ტრაექტორიის განსაზღვრა და სწრაფვა როდი არის საკმარისი. ილიას უნივერსიტეტში არის ორი ძირითადი პრობლემა: არაპროფესიონალი კადრები და საგამოცდო სისტემა.
მნიშვნელოვანია ის, რომ უნივერსიტეტმა შეიმუშავოს კადრების მიღების მექანიზმი შესაბამისი კომპონენტებით, რომელთა საფუძველზეც კანდიდატები ესოდენ საპასუხისმგებლო პოზიციას დაიკავებენ. ლექტორს, რომელმაც უნდა იმუშაოს სასწავლებელში, სერიოზული ნაშრომები და შესაბამისი გამოცდილება უნდა გააჩნდეს თავისივე კომპეტენციის ფარგლებში. მაგ: მაგისტრის,როგორც ლექტორის, შტატში აყვანა, იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ მას მაგისტრის ხარისხის გარდა, წარმოდგენილი ექნება სერიოზული ნაშრომები, რათა სტუდენტებს ესაუბროს არა მხოლოდ თეორიულ მასალაზე, არამედ მეცნიერულ დონეზე მოახდინოს სასწავლო პროგრამის მიწოდება. ლექციის წარმართვა არ არის მხოლოდ მასალის მიწოდების შესაძლებლობა, ეს არის მთელი ხელოვნება, რომელიც ამა თუ იმ ლექტორს სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს შესწავლილი.
დიდი შეცდომა იქნება ის, თუ არ დავაფიქსირებ იმ ფაქტს, რომ ეს არ ეხება ყველა ლექტორს. უნივერსიტეტში ასევე მოღვაწეობენ პროფესიონალი და მეცნიერულ დონეზე მოღვაწე პირები, თუმცა ამავდროულად არაკომპეტენტური პირებიც დომინირებენ.
საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს შორის საგამოცდო სისტემის თვალსაზრისით, მსურს გამოვყო საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც საგამოცდო სისტემის პროგრამა და პროცესის წარმოება მეტად თვალსაჩინოა.
საპატრიარქოს უნივერსიტეტში შექმნილი არის შიდა საგამოცდი ცენტრი, რომელიც ორგანიზებას უწევს საგამოცდო პროცესს. ასევე, ივანვე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო რესურს ცენტრი ახდენს გამოცდების ორგანიზებას. ორივე შემთხვევაში თავიდან არის აცილებული დეორგანიზებულობა და სტუდენტების მიერ გამოცდის არაკანონიერად დაწერის მცდელობა.
რაც შეეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საგამოცდო სისტემა გაუმართავია. თუ გვსურს, რომ ღრმად განათლებული საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ, მნიშვნელოვანია, აღმოვფხვრათ განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები. რა თქმა უნდა, საგამოცდო სისტემის რეფორმა უნდა გატარდეს, რათა დეორგანიზებულობა ავიცილოთ თავიდან. ასევე ეს გამოიღებს იმ შედეგს, რომ სტუდენტები კანონის უზენაესობას შეიგრძნობენ (საგამოცდო პერიოდის დროს) და ორგანიზებული საგამოცდო სივრცე წარმოიქმნება.
ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. განათლება არის ის ძირითადი ბერკეტი, რომლის მეშვეობით საქართველო უნდა განვითარდეს, ამისათვის კი თითოეულმა ჩვენგანმა გარკვეული სახის შრომა უნდა გასწიოს.”
ანონიმური: “ილიას უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი 2012 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, გამესამედდა. ეს გამოიწვია იმან, რომ, დაახლოებით, 23-26 კვალიფიციური ლექტორი წავიდა და დარჩა უფრო მცირე ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალი. უნივერსიტეტს სათავეში ედგა გიგი თევზაძე, რომელმაც ხელი ყველაზე ცუდი მიმართულების ლეტორებს შეუწყო. მათ შორისაა, მაგალითად, თეა თუთბერიძე, სერგო რატიანი, გია ნოდია, ემზარ ჯგერენაია… გიგი თევზაძე გიგა ზედანიამ შეცვალა, რომელსაც უნივერსიტეტი იმავე მიმართულებით მიჰყავს. მნიშვნელოვანი პრობლემაა სწავლების არასისტემატიურობა, რადგანაც, ხშირად, სემესტრი ისე გადიოდა, რომ კონკრეტული ლექცია საერთოდ არ ტარდებოდა. ასეთი იყო, მაგალითად, საგანი მეწარმეობა. უნვერსიტეტში ასწავლიან არაპროფესიონალი ლექტორები, რომელთაც სტუდენტებისთვის არაფერი ახლისა და სასარგებლოს მიცემა არ შეუძლიათ. მაგალითად, ლარისა პატარაიამ, რომელიც სტრატეგიულ მენეჯმენტს კითხულობს, ბევრი რამ არ იცის ამ მიმართულების შესახებ და ასეთი კიდევ ბევრია.
აკადემიური პერსონალის მხრიდან ხშირად ირღვევა ეთიკის ნორმები. ამ შემთხვევაშიც შემიძლია, რომ კონკრეტული სახელები და გვარები დავასახელო – თეა თუთბერიძე, ანა კირვალიძე… ასევე ხშირად ირღვევა სტუდენტების უფლებები. მართლმადიდებელ ქრისტიან სტუდენტებს, სხვა რელიგიის წარმომადგენელ სტუდენტებთან შედარებით, შეზღდული უფლებები აქვთ. უნვერსიტეტში გატარებული თითოეული წელი არის ღვთის გმობისა და უსაქმურობის პერიოდი, მეტი არაფერი. თუთბერიძე რომ ეთიკას ასწავლის, იქ მთავრდება ყველაფერი.
ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაცია ნორმალურია, მთავარი პრობლემა უნივერსიტეტის მიერ აღებული გეზი და ანტიქართული პოლიტიკაა.”
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ანონიმური: “პირველ რიგში, აღსანიშნავია ტექნკური უნივერსიტეტის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევა. შენობაში სუფთა, მოწესრიგებული სტუდენტი შედის და გარშემო ყველაფერი ჭუჭყიანია – აუდიტორიაში, დერეფანში, მერხებზე, ყველგან მტვერია. საპირფარეშოზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ – იქ ყველაფერი საშინელ მდგომარებაშია. ინფრასტრუქტურაც ძალიან ძველია. როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტს ამხელა ფინანსები აქვს ძირითადად, არავის აქვს გრანტი და ამდენი ბავშვი 2250 ლარს იხდის, ასეთი უწესრიგობა არ უნდა იყოს.
ამის გარდა, ლექტორებს ნაკლებად აინტერესებთ, ვინ დადის უნივერსიტეტში და ვინ არა, თვითონაც აცდენენ ლექიებს. ისინი თავიანთ საქმეს გულდასმით არ უდგებიან და არ აინტერესებთ, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
ალბათ, სტუდენტის ბედი მხოლოდ ერთი-ორ ლექტორს თუ აღელვებს. ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა კორპუსში დიდი არეულობა და ქაოსია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა ძალიან მწირი და პატარაა. ახლა ცოტათი გააკეთეს, მაგრამ წინა წლების განმავლობაში ეს იყო ძალიან დანგრეული სივრცე, საიდანაც, თითქმის, ვერაფერ სასარგებლოს ვერ გამოიტანდი. ახლა შედარებით კარგი ბიბლიოთეკა ადმინისტრაციულ შენობაში გააკეთეს, მაგრამ სტუდენტს მაინც არ აქვს საშუალება, რომ ნომალურად დაჯდეს, იმეცადინოს და საჭირო ლიტერატურა გამოიტანოს.
სწავლების დონე ძალიან დაბალია. უნივერსიტეტი ძველ დროშია „ჩარჩენილი“ და ბევრ ფაკულტეტზე საბჭოთა კავშირის დროინდელი წიგნებით ასწავლიან. ჩვენთან არ იგრძნობა, რომ ცხოვრება გრძელდება და თანაედროვეობას უნდა ავუწყოთ ფეხი, ჩვენ რეალური მოთხოვნებიდან ძალიან შორს ვართ.
მას შემდეგ, რაც ჩემი პროფესიით ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა და შევხედე, რეალურად, რა და როგორ ხდება, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ამ წლების განმავლობაში სულ ტყუილად ვსწავლობდი. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩემს ფაკულტეტზე სწავლამ არანაირი ცოდნა არ მომცა. აღმოჩნდა, რომ ისეთი მწირი ცოდნა მაქვს, რომლის მიღებაც 3-4 დღეშიც შემეძლო. თეორიაზე გველაპარაკებიან ძალიან ბევრს, მაგრამ ეს იმდენად უსარგებლო და არაფრისმომტანია, რომ ვერაფერში გამოვიყენებთ. ამასთან, არ არის არანაირი პრაქტიკა იმისა, რომ ეს თეორია საქმეში გამოვიყენოთ. 21-ე საუკუნეში ძალიან ძველი მეთოდებით გვასწავლიან.
რაც შეეხება სტუდენტებს, ისინიც არ არიან ძალიან მონდომებულები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დიდი ცოდნა მიიღონ. იმის გამო, რომ ტექნიკურ უივერსიტეტს სწავლების დონის მხრივ ცოტა ცუდი სახელი აქვს, სტუდენტებიც ყველაფერს გულგრილად უდგებიან. ზოგადად, სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში მართლა ძალიან დაბალ დონეზეა და ლექტორებიც, ალბათ, ამიტომ არ არიან მოტივირებულები. უნივერსიტეტის პოლიტიკა, სწავლების მეთოდები და პინციპები, მოწყობა, ინფრასტრუქტურა და უამრავი სხვა აუცილებლად შესაცვლელია.”
ანონიმური: “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი დიდი და ასევე მცირე პრობლემა არსებობს, თუმცა წლების განმავლობაში მათი გადაწყვეტა ვერ ხერხდება. პირველ რიგში, უნივერსიტეტში არ არის ლაბორატორიები. რიგ შემთხვევებში, გარკვეულ კათედრებზე არსებობს ლექტორების მიერ მოძველებული აპარატურით აწყობილი კვლევითი დაწესებულებები, თუმცა ისინი არ პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს. არადა, მოგეხსენებათ რომ ლაბორატორიაში მუშაობა მრავალი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. აღსანიშნავია სწავლების მოძველებული მეთოდები და რიგ შემთხვევებში სწავლება ძველი, საბჭოთა ლიტერატურით. ჩვენ გვასწავლიან ლექტორები, რომელთაც უკვე აღარ ძალუძთ ლექციის ჩატარება, აღარ არიან კომპეტენტურები და ვერ უწყობენ ფეხს თანამედროვეობას, თუმცა მათ შეცვლაზე არავინ ზრუნავს. გვთავაზობენ ძველ სახემძღვანელოებს, სწავლების ძველ მეთოდებს და ყველაფერი უსარგებლო და უინტერესოა. უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები მოიცავს მხოლოდ თეორიას და ჩვენთვის მიუწვდომელია პრაქტიკა, რომელიც ასე აუცილებელია ნებისმიერ პროფესიაში. მხოლოდ ოთხ კედელს შუა თეორიაზე საუბრით ცოდნასა და უნარებს ვერავინ განივითარებს.
უნივერსიტეტი არის უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის პარტნიორი გაცვლით პროგრამებში. ეს ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტების მიღებას და მათთვის განათლების მიცემას ინგლისურ ენაზე, მაგრამ, რეალურად, იმის გამო რომ უნივერსიტეტს არ ჰყავს კადრები, რომლებიც ლექციებს უცხო ენაზე წაიკითხავენ, სტუდენტების მიღება შეუძლებელია.
ტექნიკური უნივერსიტეტი მაგისტრანტებს ხელს არანაირად არ უწყობს. ასეთი სტუდენტების უბრავლესობა მუშაობს. იმის გამო, რომ ლექციები ტარდება დილით და შუადღეს, ისინი ვერ ესწრებიან ლექციებს. ყველა ნორმალურ უნივერსიტეტში მაგისტრატურასა და დოქტურატურაზე ლექციები საღამოს საათებში ტარდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არის შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო. (პანდუსები, ლიფტი, ბრაილის წარწერები და ა.შ. ერთ-ერთი ძალიან შემაწუხებელი და თვალსაჩინო ფაქტორია უნივერსიტეტის ეზო, რომელიც საკმაოდ მოუწესრიგებელია. რაც შეეხება თვითონ შენობას, გარედან, თითქოს, ფასადები შეღებილია, თუმცა კორპუსის შიგნთ არსებული მდგომარეობა შემაძრწუნებელია. აუდიტორიები ჩამოშლილი დამუდმივად მტვრიანია, არ არის ნორმალური მერხები, კედლები გაშავებულია და ყველაფერს სიძველის იერი აქვს. არცერთ კორპუსსში არ არსებობს დაწესებულება, სადაც სტუდენტს დასვენება, ჩამოჯდომა და, თუნდაც, საკვების მირთმევა შეეძლება.
რაც შეეხება ადმინისტრაციას, ვთვლი, რომ მათი მუშაობა არადამაკმაყოფილებელია, მათ არასდროს აქვთ პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე და ყოველთვის ცდილობენ, რომ სტუდენტებს თავი აგვარიდონ.
ყველაფერთან ერთად, ადმინისტრაცია, ძირითად შემთხვევებში, არაორგანიზებულია. მაგალითად, თუ საქმე ჩვენთვის კონკრეტული სიის გაცნობას ეხება, ეს არასდროს არ არის ერთჯერადი პროცესი – ისინი საინფორმაციო დაფებზე აკრავენ ინფორმაციას, რომელიც მუდმივად გადასამოწმებელი და გასარკვევია ისევ ჩვენ მიერ, გვიწევს ტყუილუბრალო სირბილი და კამათი. პრეტენზიები თვითმმართველობის მიმართაც არსებობს. მობილიზებულობა და ორგანიზებულობა მათაც არ ახასიათებთ, მხოლოდ „სტუდენტური დღეების“ ფარგლებში მუშაობენ და მოტივირებული სტუდენტის ნებისმიერ კრეატიულ აზრს უარით ისტუმრებენ.
ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სწავლის მიმართ მოტივაციიის არქონაა, რასაც მრავალი ფაქტორი იწვევს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აუცილებლად მოქმედებს სტუდენტის მოტივაციაზე და მაქსიმალურად ამცირებს მას. ამასთან, უნივერსიტეტში სიმკაცრე, ფაქტობრივად, არ არსებობს.”
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ანონიმური: “დღესდღობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მრავალი დიდი თუ პატარა პრობლემა არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა ავღნიშნო, რომ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი უნვერსიტეტით. იმის გათვალისწინებით, რომ ეს უნვერსიტეტი დღეს საქართველოში საუკეთესო სამედიცნო სკოლად არის აღიარებული, ალბათ ეს პროლემებიც არ „ეპატიება“.
პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს არის ჩემი ფაკულტეტის მიმართ (ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია) ლექტორების აგრესიული დამოკიდებულება, რაც, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ეს ფაკულტეტი ახალი დაარსებულია და ჯერ მედიცინის სფეროში ფეხი კარგად ვერ მოიკიდა. თუმცა, რა თქმა უნდა, სტუდენტებსაც მიგვიძღვის ბრალი, რადგან მეტი პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა გვმართებს. ბევრმა სტუდენტმა სწორედ ლექტორების გაუთავებელი კრიტიკის გამო გადაწყვიტა ამ ფაკულტეტის შეცვლა – პედაგოგების უმრავლესობა მუდმივად იმეორებდა, რომ ეს სპეციალობა გამოუსადეგარია და უნივერსიტეტში მისვლის პირველივე დღიდან გვიმეორებდნენ რომ ჩვენ არაფრის მაქნისები ვართ და ჩვენგან არაფერი გამოვა.
კიდევ ერთი საკითხი რომელიც, სტუდენტებს საკმაოდ დიდ პრობლემებს გვიქმნის, არის სემესტრის განმავლობაში 10 საგნის გავლა, საიდანაც 5 ან 6 საგანი არაფუნდამენტურია და ლექტორები, რომლებიც ამ საგნებს გვიკითხავენ, საკმაოდ მკაცრად და ძირფესვიანად გვთხოვენ.
ეს ძალიან ბევრ დროს გვართმევს და იმ საგნებისთვის, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია საკმაოდ ცოტა დრო გვრჩება. თანაც რთულია, იკითხო ათასობით გვერდი და ყველაფერი დაიმახსოვრო. ასევე უმჯობესი იქნება უნივერსიტეტი მომარაგებული იყოს საკვლევი ობიექტებით, რადაგან როდესაც ერთ-ერთ საგანში ცდა მქონდა ჩასატარებელი, ბაყაყის მოყვანა მე დამავალეს და რამდენიმე დღე გაუთავებლად ვეძებდი ბაყაყს, რომელიც არსად იყდებოდა. საბოლოოდ მომიწია, ქუჩაში მეპოვნა და დამეჭირა, მაგრამ ეს ბაყაყი უკანვე გამომატანეს, რადგანაც ძალიან დიდი ზომის გამოდგა. ასევე კარგი იქნება, თუ მიკროსკოპების რაოდენობაც გაიზრდება, რადგან ერთი პრაქტიკული მეცადინეობა ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ 15 სტუდენტი სათითოდ იყურებოდეს ერთ მიკროსკოპში. ამის გარდა, არსებობს კიდევ მრავლი პატარ-პატარა პრობლემა, რომელიც მოგვარდა, ზოგიც მოგვარების პროცესშია და იმედი მაქვს, მალე აღმოიფხვრება. ჩვენს უნივერსიტეტში იყვნენ ლექტორები, რომლებიც საკმაოდ არაობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. როდესაც რამდენიმე სტუდენტმა ეს საკითხი ადმინისტრაციასთან განიხილა, მალევე მოგვარდა და, საბედნიეროდ, მე ასეთი პრობლემა არ შემქმნია.”
ფიზიკური მედიცინა და რეაბლიტაცია (I კურსი) “ჩვენს უნირსიტეტში, ისევე როგოც ყველა სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრვალი პრობლემაა, რომელიც მაწუხებს. სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტად უფრო გარემო მიქმნის დისკომფორტს. მაგალითად, სისუფთვე რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტს დიდად არ ადარდებს – დაბინძურებულია აუდიტორიები, ეზო, დერეფნები და ა.შ მართლია უნვერსიტეტი საკმაოდ დიდია, მაგრამ ეს, ალბათ, მაინც არ არის გასამართლებელი მიზეზი. ასევე არ მომწონს ჩვენი ელექტრონული გვერდი, რადგან იქ მხოლოდ ჩვენი საბოლოო შეფასებები და გამოცდის ქულებია. უმჯობესი იქნება ჩვენი ყოველდღიური აქტვობისა და გაცდენების შესახებაც, იყოს რაიმე სახის ინფორმაცია.
კიდევ ვისაუბრებ სახელმძღვანელოებზე, რაც პრობლემას მიქმნის სწავლაში. ინფორმაცია საკმაოდ დიდია და ცოტა რთული ენითაც წერია, ჩვენ კი ძალიან ბევრი გვაქვს სამეცადინო და ბევრი დრო გვეხარჯება ამ ყველაფრის დაკონსპექტებაში და გააზრებაში. უამრავი უცხური სიტყვაა და მათ უმრავლესობას განმარტება არ უწერია – მათი მოძებნა და გადათარგმნაც დიდ დროს მართმევს. სწავლასთან და ლექტორებთან დაკვაშირებით მნიშვნელოვანს ვერაფერს ვიტყვი. იყო პატარ-პატარა პრობლემები, რომლებიც მოგვარდა და, ჩემი აზრით, დღეს თსსუ-შისხვა უნივერსიტეტებთნ შედარებით საკმაოდ კარგი სიტუაციაა.”
გადავწყვიტე, რომ ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტები სხვა ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის შემედარებინა. მაინცდამაინც განვითარებული ევროპა და ამერიკა რომ ამერჩია, არ ვიქნებოდი ბოლომდე სამართლიანი – ამ მხრივ იქ, რომ ბევრად უფრო მაღალი დონეა, დარწმუნებული ვარ, მაგალითების ჩვენების გარეშეც გჯერათ. შესაბამისად, ძებნა უფრო ახლოს, პოსტსაბჭოთა სივრცეში დავიწყე და თქვენთვის გასაზიარებლად ესტონეთის ერთ-ერთ ქალაქში, ტარტუში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტი ავარჩიე.
ესტონეთმაც, საქართველოს მსგავსად, დამოუკიდებლობა წინა საუკუნის 90-იან წლებში მოიპოვა და მას შემდეგ წინსვლას აგრძელებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო. მას უკვე აქვს ის, რაც ჩვენ ასე ძალიან გვინდა – ქვეყანა 2004 წლიდან ევროკავშირისა და ნატოს წევრია, თუმცა ესტონეთიც განვითარებად დემოკრატიულ ქვეყანათა კლასიფიკაციაში მოიაზრება. ტარტუს სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციფიკის გაცნობისას ჩავთვალე, რომ თქვენთან შთაბეჭდილების გასაზიარებლად მხოლოდ სტუდენტური საცხოვრებლის ჩვენებაც კი საკმარისი იყო – მჯერა, რომ ეს ვიწრო ინფორმაციაც დიდ ეფექტს მოახდენს თქვენზე. ახლა კი თავად შეგიძლიათ, იპოვოთ არა სტანდარტულად ათი, არამედ ათზე ბევრად მეტი განსხვავება ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
შენობა 1970 წელს აშენდა, მაგრამ 2003 წელს გარემონტდა. მასში 464 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი.
შენობის პორველ სართულზე ტარტუს სტუდენტური საცხოვრებლის მთავარი ოფისი, მიმღები, ველოსიპედების სადგომი, სილამაზის სალონი და სამრეცხაოა განთავსებული.
შენობაში არის ერთადგილიანი, ორადგილიანი და სტუდიოს ტიპის ტყუპი ოთახები.
თითოეული მათგანი, რა თქმა უნდა, უზრუველყოფილია სამზარეულოთი, სააბაზანოთი და ტუალეტით.
სტუდენტურ საცხოვრებელს აქვს მანქანების თავისივე სადგომი. ინტერნეტიც ყველასათვის ხელმისაწვდომია. ტყუპი ოთახები სამზარეულოსა და აბაზანა-ტუალეტს იზიარებენ.
მასალა მოამზადა
თეა ღვინაძემ