დღეს საქართველოში მშენებლობების ბუმია, ამის ფონზე კი სულ უფრო მკვეთრად იჩენს თავს ქვეყნის ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის პრობლემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამწვავდა.
მომრავლებული მაღალსართულიანი შენობები ეზოების, სკვერებისა და გამწვანების გარეშე, ქალაქის მწვანე საფარისა და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ასევე მომრავლებული ტრანსპორტი და შეფერხებული გადაადგილება, მშენებლობას შეწირული ხეები და ზოგადად ქაოტურად მშენებარე დედაქალაქი – ეს იმ პრობლემების ზოგადი ჩამონათვალია, რაც დღეს ჩვენი დედაქალაქის ურბანისტიკას უკავშირდება, აღარაფერს ვამბობ ძველი თბილისის სივრცეში განთავსებულ გაურკვეველი დანიშნულების არქიტექტურულ ნიმუშებზე, რომლებიც ხშირად განხილვის საგანი გამხდარა, რადგან საკამათოა, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ნაგებობები ქალაქის იერსახეს.
ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ზოგადად ხედი ჩვენი სახლიდან ძალიან დიდ როლს თამაშობს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ გუნება-განწობაზე, ამასთანავე, ცნობილია, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია ფანჯრიდან მწვანე ხეების, ბალახისა და ყვავილების, თუნდაც მცირე რაოდენიბს დანახვა, შესაბამისად გასათვალისწინებელი და პრობლემურია ის, რომ თუ დღეს ჩვენი ბინის აივნიდან ულამაზესი ხედი იშლება და თბილისი ხელისგულივით მოჩანს, რამდენიმე თვეში ეს სასიამოვნო, ლამაზი ხედი შეიძლება კორპუსის წინ აშენებულმა ახალმა ნაგებობამ, ან უბრალოდ მეზობლის ფანჯარამ ჩაანაცვლოს. ეს სწორედ ახალი მშენებარე კორპუსების დამსახურეება, რომლებიც ერთმანეთთან ისე მჭიდროდ არის განლაგებული, რომ ჭორიკანა და ცნობისმოყვარე მეზობლებს საქმეს ძალიან უადვილებს. ასევე უამრავი პრობლემაა დედაქალაქის ურბანული მემკვიდრეობის სწორი კონსერვაციის წინაშეც.
მოკლედ, ძალიან ბევრი ისეთი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებიც ვერანაირ პროფესიულ, თუ საზოგადოებრივ კრიტიკას ვერ უძლებს. ამის ფონზე კი საინტერესოა, რეალურად არსებობს თუ არა ქალაქმშენებლობითი განვითარების კონცეფცია და ერთიანი გეგმა. ზოგადად რა პრინციპებზე დგას ქალაქგანვითარების პოლიტიკა და რა მიდგომები აქვს ქალაქის მერიას გარემოს მოწყობისა და დაცვის ურბანული საკითხებისადმი. ამ და სხვა აქტუალური თემებით ჩვენ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ არქიტექტურის სამსახურს მივმართეთ და ასევე ვესაუბრეთ დამოუკიდებელ არქიტექტორებს ირაკლი ქადეიშვილსა და ალექსანდრე ჩუბინიძეს.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ ნემსაძე:
„ქალაქს მრავალი ურბანული გამოწვევა დაუგროვდა, ისეთები, როგორიც არის მაგალითად: სატრანსპორტო, ეკოლოგიური, თუ სხვა პრობლემები. მათ ხშირ შემთხვევაში არასწორად გაყიდული მიწის ნაკვეთები ამწვავებს. ქალაქი ნაკლებად არის ორიენტირებული მასში მცხოვრებ ადამიანებზე და არ ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მთავარ პრინციპებს“ – აღნიშნა ოთარ ნემსაძემ
მან ჩვენთან ასევე ისაუბრა ქალაქგანვითარების პოლიტიკაზე და განმარტა, რომ ქალაქის განვითარება ძირითადად საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება. როგორც მან აღნიშნა, დროთა განმავლობაში ისტორიულ უბნებში უხეში ჩარევებით თბილისმა გარკვეულწილად მისი თავისებურება და ხასიათი დაკარგა.
ოთარ ნემსაძემ საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისში სიმჭიდროვის მატებაზე, კერძოდ კი მაღალსართულიანი შენობების მჭიდროდ განლაგებაზე, ღია სივრცის ნაკლებობასა და სარეკრეაციო ზონებზე, რომელებიც არასწორი რეგულაციებით იმართება.
„სიმჭიდროვის ზრდა, ანუ ქალაქების ინტენსიური განვითარება, სწორი მიდგომაა მდგრადი განვითარების პრინციპებში. თუმცა თბილისში სიმჭიდროვის მატება არასწორი გზით ვითარდებოდა, რაც პირველ რიგში განპირობებულია არასწორი და გაუმართავი რეგულაციებით. სწორედ რეგულაციებისა და კანონების ნაკლებობამ შექმნა გარკვეული პრობლემები.
სარეკრეაციო ზონა კი წარმოადგენს ზონას, რომელშიც ნებისმიერი მშენებლობა არის დაუშვებელი. თუმცა ამ პრინციპების დარღვევა ზონალური ცვლილებით არის შესაძლებელი. ალბათ საჭიროა მთელი თბილისის მასშტაბით სკვერებისა და პარკების ცალკე გამოყოფა და მათ სტატუსის მკაცრად განსაზღვრა რეგულაციებით“ – განაცხადა ნემსაძემ.
ჩვენ მას ასევე ვესაუბრეთ გენერალური განაშენიანების გეგმასა და ქალაქის განვითარების პრიორიტეტებზე, როგორც აღმოჩნდა, თბილისს, რომელსაც გააჩნია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, არარელევანტურია და არ განსაზღვრავს ქალაქის განვითარების პრიორიტეტებს.
„თბილისს გააჩნია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა რომელიც 2009 წელს იქნა მიღებული. ანალიზმა, რომელიც ამ გეგმას სამსახურის მიერ 2015 წელს ჩუტარდა, აჩვენა, რომ ეს დოკუმენტი არარელევანტურია და არ განსაზღვრავს ქალაქის განვითარების პრიორიტეტებს. სწორედ ამიტომ არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი მის განახლებაზე, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მდგრადი განვითარების ძირეულ პრინციპებს“ – განმარტა მან.
ჩვენ საუბრისას ასევე დავინტერესდით როგორ და რა კრიტერიუმებით ხდება სარებილიტაციო შენობების შერჩევა და ზოგადად რა ბედი ეწევა სამომავლოდ იტალიური ეზოს საცხოვრებლებს, ჩვენდა გასაოცრდა კი აღმოჩნდა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ამ კითხვაზე პასუხი საერთოდ არ აქვს.
„თბილისი თაიმსი“ ქალაქის ურბანიზაციის პრობლემებსა და გამოწვევებზე ასევე ესაუბრა დამოუკიდებელ არქიტექტორებს ირაკლი ქადეიშვილსა და ალექსანდრე ჩუბინიძეს. ჩვენ გავიგეთ, თუ როგორია მათი ხედვა ქალაქის ურბანიზაციის განვითარების ძირითადი პრიორიტეტების შესახებ.
დღეს ხშირად საუბარობენ იმის შესახებ, რომ ურბანული განვითარება სპონტანურ და ქაოტურ ხასიათს ატარებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი ისე, რომ არ დაკარგოს, არც კულტურული და ისტორიული სახე და არც ეკოლოგიური გარემო დაირღვეს?
– პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება სისტემატიზირება, პრობლემების კარგად შესწავლა, ანალიზი და კლასიფიკაცია. შემდეგ დაისმება ამოცანა, რომელიც თვითონ გვანახებს, თუ რა არის საჭირო ქალაქისთვის. ასევე აუცილებელია ქალაქის გენერალური გეგმის არსებობა, სადაც ყველაფერი გაწერილი და გაანალიზებული იქნება. სწორედ ის გვიკარნახებს, თუ როგორი და რა ინტენსივობით უნდა იყოს განაშენიანება, ზოგადად როგორ მივხედოთ ეკოლოგიასა და კულტურულ ზონებს და საერთოდ, როგორ სტილისტიკაში ვიმუშაოთ. ზოგადად უნდა გავიაზროთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება ნიშნავს მყარ ეკონომიკას და პირიქით მყარი ეკონომიკა ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილებას. ასევე დავამატებ, რომ აუცილებელი და საჭიროა მოქალაქეების აქტივობა.
რას ფიქრობთ არის თუ არა სრულყოფილი საქართველოს სივრცითი მოწყობისა და ურბანული საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა და რამდენად ქმედითუნარიანია ის?
– საქართველოს სივრცითი განვითარების სქემა ალბათ არ არის სრულყოფილი. რა თქმა უნდა პრობლემები არის და ასევე ნათლად ჩანს, რომ განვითარება სჭირდება, თუმცა ესეც დადებითია, რადგან ვხედავთ პრობლემებს. მაინც ვფიქრობ, რომ იგი განახლებასა და დახვეწას მოითხოვს.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ დედაქალქის ურბანული განვითარება?
– მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქალაქი უნდა მოიცავდეს ფუნდამენტურ 4 პრინციპს; პროფესიული საქმიანობა და მისი განვითარების საშუალება, რეკრეაცია, კულტურა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ეს პრინციპები ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკის ინტეგრაციას სახელმწიფოს ეკონომიკაში.
თქვენი შეფასებით, დღევანდელი ინფრასტრუქტურა არის თუ არა ჰარმონიულად შერწყმული ქალაქის ისტორიულ და კულტურ მემკვიდრეობას? როგორია თქვენი ხედვა, თბილისის ქუჩების გახალისებასთან დაკავშირებით?
– ზოგადად ეს კითხვა სადაოა საზოგადოებაში. არის გარკვეული ინფრასტრუქტურული ნაგებობები, რომლებიც ერწყმის ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, მაგრამ ამავდროულად არის გაუმართლებელი ნაგებობები, რომელიც ქალაქს აღიზიანებს. აქაც ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, ვინაიდან ქალაქი რელიეფურად ძალიან რთულად მისადგომია. უკვე დავინახეთ, რომ არსებული საბაგიროები გარკვეულ იერსახეს ცვლიან და ნაკლებად მოსაწონია ეს ყველაფერი. იდეაში არ ნიშნავს, რომ ეს საბაგირო ცუდია, მაგრამ დასახვეწია. ასევე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და არ მუშაობს ესტაკადები. საჭიროა ერთიანი ინტელექტუალური მოდელის შექმნა, რათა სინქრონულად მოხდეს ქალაქში მოძრავი ავტომობილების რეგულირება, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს ეკოლოგიაზე. ელექტრომობილების შემოყვანა ძალიან კარგი იდეაა. ასევე შეიძლება ტრამვაის ხაზების გაჩენა, რომელიც იქნება ესთეტიური, ექნება ასევე სატრანსპორტო ნაკადების დარეგულირების საშუალება. ასევე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მიენიჭოს სატრანსპორტო ფუნქცია მტკვარს. ამას გარდა ძალიან საინტერესოა რკინიგზის გადატანა ქალაქის გარეუბანში, რადგან ამით ქალაქი გათავისუფლდება დატვირთვისაგან და ხელს შეუწყობს ახალი უბნების გაჩენას. ბოლოს კი დავამატებ იმას, რომ ქალაქს სჭირდება ცათამბჯენები, ოღონდ არა ქალაქის კულტურულ ადგილასა და ცენტრში.
თქვენი შეფასებით რამდენად ერწყმის თანამედროვე არქიტექტურა ძველს და როგორ უნდა მოხდეს მათი სინთეზი?
– ძალიან საინტერესო რიტორიკული კითხვაა. როგორც ჩანს აქ საუბარი არ არის მარტო ძველ თბილისსზე. თბილისში თანამედროვე არქიტექტურა თითზე ჩამოსათვლელია. ეს არის ფილოსოფიური საკითხი, ამაზე მთელი მსოფლიო მსჯელობს, თუ როგორ უნდა მოახდინონ სინთეზი და ძალიან უჭირთ. ჩვენ გვჭირდება ძველ უბნებში ჰიპერ თანამედროვე არქიტექტურის გაჩენა და ეს თანამედროვე არქიტექტურა არ უნდა იყოს დომინანტი, უნდა იყოს ფონური, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ნამდვილ ქალაქის სილუეტს. თუ ჩვენ გვინდა, რომ მოვახდინოთ ქალაქის ისტორიული იერსახის წარმოჩენა, ამისათვის საჭიროა ძველი არქიტექტურის რეკონსტრუქცია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძველ განაშენიანებაში, ძველ არქიტექტურულ გარემოში მოხდეს ახალი განაშენიანება ძველის იმიტაციით. ეს დაუშვებელია, რადგან იმიტაცია კლავს კულტურასა და არქიტექტურას.
მასალა მოამზადა
ლაკო ბიტ-ბაბიკოვმა