ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათთვის შეთავაზებული სასწავლო პირობების შესახებ „თბილისი თაიმსთან“ ისაუბრეს. მათ მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ იმსჯელეს და არსებული სიტუაცია კრიტიკულად შეაფასეს:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბიზნეს ფაკულტეტი (IV კურსი) “დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას განათლების დონის დაბალი მაჩვენებელი წარმოადგენს. მოცემული მდგომარეობის მიზეზი არის საზოგადოება, მთავრობა, ინდივიდი, რომელიც არ რეაგირებს იმ მიმართულებით, რომ რაიმე შეიცვალოს. ძირითადი პრობლემა მდგომარეობს სასკოლო და საუნივერსიტეტო დონეზე არსებული საგანმანათლებლო სისტემისა და პროგრამის თვალსაზრისით. (ასევე იგულისხმება არაპროფესიონალი კადრები). თუმცა, ამჟამად ვისაურებ კონკრეტულ სახელმწიფო სასწავლებელზე, სადაც გარკვეული სახის პრობლემები მნიშვნელოვნად იკვეთება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს დაფუძნდა და 9 წლიანი სამუშაო ციკლის პირობებში, საკმაო პოპულარობით სარგებლობს. საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული სასწავლო პროგრამა და შესაბამისი პოლიტიკა კარგი მიმართულება არის და მნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ უნივერსიტეტმა მსგავსი გეზი აიღოს. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ მიმართულების და ტრაექტორიის განსაზღვრა და სწრაფვა როდი არის საკმარისი. ილიას უნივერსიტეტში არის ორი ძირითადი პრობლემა: არაპროფესიონალი კადრები და საგამოცდო სისტემა.
მნიშვნელოვანია ის, რომ უნივერსიტეტმა შეიმუშავოს კადრების მიღების მექანიზმი შესაბამისი კომპონენტებით, რომელთა საფუძველზეც კანდიდატები ესოდენ საპასუხისმგებლო პოზიციას დაიკავებენ. ლექტორს, რომელმაც უნდა იმუშაოს სასწავლებელში, სერიოზული ნაშრომები და შესაბამისი გამოცდილება უნდა გააჩნდეს თავისივე კომპეტენციის ფარგლებში. მაგ: მაგისტრის,როგორც ლექტორის, შტატში აყვანა, იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ მას მაგისტრის ხარისხის გარდა, წარმოდგენილი ექნება სერიოზული ნაშრომები, რათა სტუდენტებს ესაუბროს არა მხოლოდ თეორიულ მასალაზე, არამედ მეცნიერულ დონეზე მოახდინოს სასწავლო პროგრამის მიწოდება. ლექციის წარმართვა არ არის მხოლოდ მასალის მიწოდების შესაძლებლობა, ეს არის მთელი ხელოვნება, რომელიც ამა თუ იმ ლექტორს სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს შესწავლილი.
დიდი შეცდომა იქნება ის, თუ არ დავაფიქსირებ იმ ფაქტს, რომ ეს არ ეხება ყველა ლექტორს. უნივერსიტეტში ასევე მოღვაწეობენ პროფესიონალი და მეცნიერულ დონეზე მოღვაწე პირები, თუმცა ამავდროულად არაკომპეტენტური პირებიც დომინირებენ. საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს შორის საგამოცდო სისტემის თვალსაზრისით, მსურს გამოვყო საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც საგამოცდო სისტემის პროგრამა და პროცესის წარმოება მეტად თვალსაჩინოა.
საპატრიარქოს უნივერსიტეტში შექმნილი არის შიდა საგამოცდი ცენტრი, რომელიც ორგანიზებას უწევს საგამოცდო პროცესს. ასევე, ივანვე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო რესურს ცენტრი ახდენს გამოცდების ორგანიზებას. ორივე შემთხვევაში თავიდან არის აცილებული დეორგანიზებულობა და სტუდენტების მიერ გამოცდის არაკანონიერად დაწერის მცდელობა.
რაც შეეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საგამოცდო სისტემა გაუმართავია. თუ გვსურს, რომ ღრმად განათლებული საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ, მნიშვნელოვანია, აღმოვფხვრათ განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები. რა თქმა უნდა, საგამოცდო სისტემის რეფორმა უნდა გატარდეს, რათა დეორგანიზებულობა ავიცილოთ თავიდან. ასევე ეს გამოიღებს იმ შედეგს, რომ სტუდენტები კანონის უზენაესობას შეიგრძნობენ (საგამოცდო პერიოდის დროს) და ორგანიზებული საგამოცდო სივრცე წარმოიქმნება.
ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. განათლება არის ის ძირითადი ბერკეტი, რომლის მეშვეობით საქართველო უნდა განვითარდეს, ამისათვის კი თითოეულმა ჩვენგანმა გარკვეული სახის შრომა უნდა გასწიოს.”
ანონიმური: “ილიას უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი 2012 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, გამესამედდა. ეს გამოიწვია იმან, რომ, დაახლოებით, 23-26 კვალიფიციური ლექტორი წავიდა და დარჩა უფრო მცირე ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალი. უნივერსიტეტს სათავეში ედგა გიგი თევზაძე, რომელმაც ხელი ყველაზე ცუდი მიმართულების ლეტორებს შეუწყო. მათ შორისაა, მაგალითად, თეა თუთბერიძე, სერგო რატიანი, გია ნოდია, ემზარ ჯგერენაია… გიგი თევზაძე გიგა ზედანიამ შეცვალა, რომელსაც უნივერსიტეტი იმავე მიმართულებით მიჰყავს. მნიშვნელოვანი პრობლემაა სწავლების არასისტემატიურობა, რადგანაც, ხშირად, სემესტრი ისე გადიოდა, რომ კონკრეტული ლექცია საერთოდ არ ტარდებოდა. ასეთი იყო, მაგალითად, საგანი მეწარმეობა. უნვერსიტეტში ასწავლიან არაპროფესიონალი ლექტორები, რომელთაც სტუდენტებისთვის არაფერი ახლისა და სასარგებლოს მიცემა არ შეუძლიათ. მაგალითად, ლარისა პატარაიამ, რომელიც სტრატეგიულ მენეჯმენტს კითხულობს, ბევრი რამ არ იცის ამ მიმართულების შესახებ და ასეთი კიდევ ბევრია.
აკადემიური პერსონალის მხრიდან ხშირად ირღვევა ეთიკის ნორმები. ამ შემთხვევაშიც შემიძლია, რომ კონკრეტული სახელები და გვარები დავასახელო – თეა თუთბერიძე, ანა კირვალიძე… ასევე ხშირად ირღვევა სტუდენტების უფლებები. მართლმადიდებელ ქრისტიან სტუდენტებს, სხვა რელიგიის წარმომადგენელ სტუდენტებთან შედარებით, შეზღდული უფლებები აქვთ. უნვერსიტეტში გატარებული თითოეული წელი არის ღვთის გმობისა და უსაქმურობის პერიოდი, მეტი არაფერი. თუთბერიძე რომ ეთიკას ასწავლის, იქ მთავრდება ყველაფერი.
ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაცია ნორმალურია, მთავარი პრობლემა უნივერსიტეტის მიერ აღებული გეზი და ანტიქართული პოლიტიკაა.”
სრულად იხილეთ: http://www.ttimes.ge/archives/41652
ესაუბრა
თეა ღვინაძე