საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების პრეტესტი მთელ საქართველოში ხვალ, 16 ივნისს ჩატარდება.
გამოცდები დაიწყება ზეგ, 17 ივნისს 09:00 საათიდან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები იხელმძღვანელებენ იმ განრიგით, რომელიც ჰქონდათ შემუშავებული. გამოცდები მხოლოდ ერთი დღით გადაიწევს, რის გამოც მოხდება სარეზერვო დღის (შაბათის) გამოყენება.
სტიქიის შედეგად, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთს – “მომავლის სკოლას” აქვს პრობლემები თუმცა, “მომავლის სკოლის” მე-11 კლასელები პრეტესტს და გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.
სამინისტრო გაცნობებთ, პრეტესტი არ წარმოადგენს სავალდებულო აქტივობას და არის ნებაყოფლობითი, თუმცა ამ ფორმით ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება უკეთ მოემზადოს დამამთავრებელი გამოცდისთვის და გაიაროს ტესტის აპრობაცია.
დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ დღის დაახლოებით სამ საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge განთავსდება.
ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის საგანგებო რეჟიმში სამინისტრო ფსიქოლოგიური ცენტრები სრული დატვირთვით იმუშავებენ.