17-18 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვევა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
“განსახილველ საკითხებს შორის არის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონებში არსებული ვითარება და უსაფრთხოების მდგომარეობა. ბუნებრივია განხილული იქნება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგი”, – განაცხადა კერესელიძემ.
მისივე თქმით, გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ბულგარეთის პრეზიდენტი გახსნის მე-12 საერთაშორისო კონფერენციას “საქართველოს ევროპული გზა”, რომელიც 18-19 ივნისს ბათუმშია დაგეგმილი. ასევე ბულგარეთის პრეზიდენტი ეწვევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და სამების საკათედრო ტაძარს მოინახულებს.